Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №62I-25 თბილისი

ქ-ი დ., 62I-25 16 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ქ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ქ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ქ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. მ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ შ. კ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. ბ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის შეფარდებული თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ქ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით მისთვის შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით მისთვის შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ქ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ქ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 16 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრისა და 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენებით შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც 3 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. დ. ქ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 16 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – დ. ქ-მა, რომელიც უთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია მის მიმართ გავრცელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 და 31 ოქტომბრის განჩინებებით და ითხოვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების მიხედვით გაირკვა შემდეგი:

2.1. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა მსჯავრდებულ დ. ქ-ის პირადი საქმე.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მსჯავრდებულ დ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და განჩინება დაადგინა 2024 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბერს აცნობა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული დ. ქ-ი პირობით ვადამდე 4 თვითა და 19 დღით ადრე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2024 წლის 11 ოქტომბერს.

2.3. 2024 წლის 17 ოქტომბერს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა მსჯავრდებულ დ. ქ-ის პირადი საქმე.

2.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი (რაც შთანთქმული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ დ. ქ-ს განესაზღვრა 1 წლით, 4 თვითა და 19 დღით პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია, მსჯავრდებულ დ. ქ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინების დადგენისას არ იყო ცნობილი, მაგრამ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, რომელიც საქმის მასალების მიხედვით არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, წარმოადგენს მსჯავრდებულ დ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

4. ამავე დროს, ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული დ. ქ-ი სასჯელს იხდის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შესაბამისად.

5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. ქ-ის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, არ გასაჩივრებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება, პალატა არ არის უფლებამოსილი, განიხილოს მსჯავრდებულ დ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინების კანონიერების საკითხი.

6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ქ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული დ. ქ-ი სასჯელს იხდის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შესაბამისად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე