ას-1667-1655-2011 6 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ა.ღ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2011 წლის 28 ივნისს ა.ღ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებეის განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.
2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ა.ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.ღ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, ა. ღ-ი კერძო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ განჩინებას, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გამოტანილ იქნა ა. ღ-ის კერძო საჩივარზე, რომელიც წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას, რაც აღნიშნულია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.