ას-1670-1658-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ კომპანია «ს-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 13 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. რ-ამ მოპასუხე კომპანია «ს-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრება (ს.ფ. 4-14).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 93-96).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 99-107).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულს ადასტურებდა შემდეგი გარემოებები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ზ. რ-ას ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, 2011 წლის 4 ოქტომბერს, საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე: ქ.ფოთში, Kკ-ას ქუჩის ¹64-ში;
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ დასახელებული განჩინება აპელანტმა ზ. რ-ამ ჩაიბარა პირადად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ.ფოთში, Kკ-ას ქუჩის ¹64-ში, 2011 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნულს ცხადყოფს გზავნილზე აპელანტის ხელმოწერა;
აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო შეევსო 2011 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოს, ისე მხარეების მიმართ. ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები. კერძოდ, დადგენილია, რომ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 63-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო; საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საქმეზე დადგინდა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეუვსია განჩინებაში მითითებული ხარვეზი და არც ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ზ. რ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (ს.ფ. 122-126).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება ზ. რ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, შუამდგომლობის დასასაბუთებლად, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს წარუდგინა: დევნილის მოწმობის, ასევე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის პოლისის ქსეროასლები, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც დასტურდება, რომ მის ოჯახს აქვს დაბალი სარეიტინგო ქულა, იგი შეადგენს 14800-ს. მიუხედავად ამისა, ფოთის საქალაქო სასამართლომ ზ. რ-ა არ გაათავისუფლა ბაჟის გადახდისაგან. ამიტომ, იგი იძულებული გახდა გადაეხადა გადასახადი;
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს რომ მან 2011 წლის 19 აგვისტოს საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა სახელმწიფო ბაჟის, 75 ლარის ოდენობით გადახდა. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საფუძველი იყო მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაითვალისწინოს ზემომითითებული გარემოებები, კერძოდ ის, რომ აპელანტი არის უმუშევარი, ლტოლვილი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახსაც გააჩნია დაბალ სარეიტინგო ქულა _ 14800 ქულა (ს.ფ. 129).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აპელანტმა არ შეავსო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და მიიჩნევს, რომ მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება არასწორია, რამდენადაც კანონით იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარში მან სასამართლოს მიუთითა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებზე, კერძოდ იმაზე, რომ ის არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი შეადგენს 14180 ქულას. გარდა ამისა, აპელანტმა აღნიშნა, რომ იგი არის უმუშევარი, იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტი ითვალისწინებს საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იმ პირების გათავისუფლების შესაძლებლობას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001. ამ ნორმათა მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ქულის - 57001-ის ტოლია ან ნაკლებია მასზე.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად, ზ. რ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენს 14180-ს (ს.ფ. 27). აქედან გამომდინარე, არსებობს აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რაც გათვალისწინებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ ზ. რ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი _ დევნილი (ს.ფ. 16) და ყოველთვიურად იღებს ლტოლვილის შემწეობას (ს.ფ. 32). «მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹225/ნ ბრძანების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს «უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების» (შემდგომში საოჯახო დახმარება), აგრეთვე, დევნილის შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს საოჯახო დახმარების, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ერთდროულად გააჩნია როგორც საარსებო შემწეობის, ასევე დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, თუ მითითებული შემწეობებიდან რომლის მიღება სურს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დევნილის შემწეობის არჩევის შემთხვევაში, პირი არ კარგავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შეღავათს, რაც გათვალისწინებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი ზ. რ-ა წარმოადგენს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ1» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც მითითებული კანონი ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოთხოვა აპელანტს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადაუხდელობის გამო არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. რ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ზ. რ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.