Facebook Twitter

ას-1677-1665-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ა. ს-ო» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ა. ს-ომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ეს მიმართ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების _ 128.85 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 19 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. მ-ეს შპს «ა. ს-ოს» სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 128.85 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების გადახდა. ამავე კოლეგიის 2011 წლის 20 ოქრომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ეს საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ეს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე, 365-ე მუხლებით და აღნიშნა შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს «ა. ს-ოს» სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც მოპასუხე დ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 128.85 ლარის გადახდა, ამავე კოლეგიის 2011 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 128.85 ლარს, რაც არ აღემატებოდა 1000 ლარს, აღნიშნული კი, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობა იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. მ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რადგანაც სასამართლომ საჩივრის დაუშვებლად ცნობის მოტივად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაზე, მაშინ, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის არსებითი განხილვისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს საჩივრის დასაშვებობისას მისი საგნის ღირებულებით არ უნდა ეხელმძღვანელა, არამედ შეემოწმებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-241-ე მუხლების გამოყენების სისწორე. აღნიშნულ მოსაზრებას კერძო საჩივრის ავტორი ამყარებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილი, გარდა «ა» ქვეპუნქტისა, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისათვის უპირატესობას ანიჭებს მის ამ ინსტანციის სასამართლოში არსებითად განხილვის აუცილებლობას. ასეთ დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად სწორად იქნა გამოტანილ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ეს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემული დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და მისი საგანი ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები). საქმეში წარმოდგენილი სარჩელით შპს «ა. ს-ო» მოითხოვდა დ. მ-ისათვის თანხის _ 128.85 ლარის დაკისრებას, რაც საქალაქო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებითაა დაკმაყოფილებული. ამდენად, უტყუარადაა დადგენილი და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, დაეშვა დ. მ-ეს სააპელაციო საჩივარი, რომლის საგნის ღირებულებაც არ აღემატებოდა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნას.

საკასაციო პალატა სავსებით უმართებულოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირდაპირაა განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებისა და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, რა დროსაც სასამართლომ ქონებრივი დავის შემთხვევაში მისი საგნის ღირებულების შესაბამისად არ უნდა გადაწყვიტოს საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ასევე უსაფუძვლოა მითითება, რომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურებიდან გამომდინარე, რადგანაც სასამართლო მტკიცებულებათა არსებითი შესწავლისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას, ყველა შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-241-ე მუხლების გამოყენების მართლზომიერება. აღნიშნულ მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული ფუნდამენტური პრინციპების აბსოლუტური რეალიზების უტყუარი დასტურია და სწორედ შეჯიბრებითობისა და მხარეთა დისპოზიციურობის უტყუარობაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი მხარის ქმედების _ უმოქმედობის შედეგად იღებს სასამართლო ამ ტიპის გადაწყვეტილებას, რადგანაც მას უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარემ თავის გამოუცხადებლობითა თუ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობით, გამოხატა ნეიტრალური დამოკიდებულება დავის შედეგის მიმართ, მან მისივე ქმედებით თქვა უარი საპროცესო უფლებათა დაცვაზე, რა დროსაც სასამართლო სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად წყვეტს საქმეს, თავის მხრივ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტს, რომელიც კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით მიიღება და, მიუხედავად იმისა, მოდავე მხარე ეთანხმება თუ არა ამ გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს, მისი სააპელაციო წესით განსახილველად დაშვების სავალდებულობას, განსხვავებით საკასაციო სასამართლოსი, საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს (იხ. სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «დ» ქვეპუნქტი), ამდენად, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების სპეციალურ ნორმას ქონებრივ დავებთან მითითებით და მისი მოქმედება შემოიფარგლება არა ზოგადი წესით მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების მიმართაც. ამასთანავე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქონებრივი დავების გასაჩივრების მიმართ კანონმდებელი ადგენს შეზღუდვას, რაც დავის საგნის ღირებულებაში გამოიხატება, საკასაციო პალატა განმარტავს იმასაც, რომ ამ ტიპის მართლმსაჯულების აქტის ერთჯერადად, საჩივრის იმავე ინსტანციის სასამართლოში წარდგენის წესი, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ადრესატის ინტერესების დაცვას ემსახურება, რათა ყოველმხრივ იყოს გამორიცხული მხარის უფლების არამართლზომიერი შეზღუდვა.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ეს სააპელაციო საჩივარი სწორედ ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლის დაშვებისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადამწყვეტი საჩივრის საგნის ღირებულება იყო და არა თავად გადაწყვეტილების მიღების წესი. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რაც მისი გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა მისი საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დ. მ-ემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადა 50 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, შესაბამისად, მხარემ ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადაიხადა 25 ლარი (50/2=25).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. დ. მ-ეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ქ. გ-ის მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი ნაწილი _ 25 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.