Facebook Twitter

ას-1710-1694-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. წ-ის უფლებამონაცვლე ნ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ო. წ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ოს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, ა-ის ქ¹18-ში ბინათმშენებლობის მე-4 ბლოკის პირველ სართულზე მდებარე ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა და ამ ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემა.

საქმეში მოპასუხედ შპს „ბ-ოსთან» ერთად ჩაბმულ იქნა მარიამ სამხარაძე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ო. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. წ-ემ.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ო. წ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. დ-ე.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგნაირად დაასაბუთა:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მატერიალური სამართლით უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, კერძოდ, მოცემულ საქმეში სამართალურთიერთობა ითვალისწინებს მატერიალური უფლებებისა და მოვალეობების გადასვლას და საქმეში წარმოდგენილია სანოტარო აქტი _ სამკვიდრო მოწმობა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. წ-ის სამკვიდრო მიიღო ნ. დ-ემ. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ ო. წ-ის უფლებამონაცლედ საქმეში უნდა ჩამბულიყო მისი მემკვიდრე ნ. დ-ე.

დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ო. წ-ის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მით უფრო უსაფუძვლოა საქმეში ო. წ-ის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის ჩაბმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის და დედამისი არიან კეთილსინდისიერი შემძენები, მას აღარანაირი კავშირი არ აქვს შპს «ბ-ოს» დირექტორ ჯ. კ-ესთან. მათ მიმართ ო. წ-ის უფლებამონაცვლეს არანაირი პრეტენზიის უფლება არ აქვს. ამასთან, არსებობს სათანადო აუდიო-ჩანაწერი, სადაც ო. წ-ე აღიარებს, რომ მას საგარანტიო ხელწერილში მითითებული თანხა არ გადაუხდია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დგინდება, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ო. წ-ის სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა ქ.თბილისში, ა-ის ქ¹18-ში ბინათმშენებლობის მე-4 ბლოკის პირველ სართულზე მდებარე ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემა, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. წ-ემ.

სადავო განჩინებით _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე ო. წ-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ნ. დ-ე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს გარდაცვლილი ო. წ-ის უფლებამონაცვლედ ნ. დ-ის დაშვებას და ამ საფუძვლით საქმეზე წარმოების განახლებას, რამდენადაც ამ უკანასკნელმა სასამართლოს წარუდგინა სამკვიდრო მოწმობა, საიდანაც ირკვევა, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს გარდაცვლილი ო. წ-ის სამკვიდრო მიიღო ნ. დ-ემ. აღნიშნული მტკიცებულება საკმარისი საფუძველია მასში მითითებული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის შესაბამისად ნ. დ-ის მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ო. წ-ის უფლებამონაცვლეს მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზიის უფლება არ აქვს; მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, სადაც მიუთითა, რომ ნ. სამხარაძემ რეალურად მართლაც შეიძინა სადავო ბინა შპს «ბ-ოსაგან», მაგრამ მათ შორის არანაირი მოჩვენებითი გარიგება არ დადებულა; ამდენად, უსაფუძვლოა ო. წ-ის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე უსაფუძვლოა საქმეში ო. წ-ის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის ჩაბმა; არსებობს სათანდო აუდიო-ჩანაწერი, სადაც ო. წ-ე აღიარებს, რომ მას საგარანტიო ხელწერილში მითითებული თანხა არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განჩინების კანონიერებას, რომლითაც მოსარჩელე ო. წ-ის გარდაცვალების გამო საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაება ნ. დ-ე. კერძო საჩივარში სადავოდ გამხდარი საკითხები კი წარმოადგენს დავის არსებითი განხილვის პროცესში შესაფასებელ საკითხს, შესაბამისად, ეს საკითხები უნდა გაირკვეს ო. წ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.