Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №701-25 30 აპრილი, 2025 წელი

ს. მ., N701-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ას საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 1 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ს-ას -- პირადი საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

· მ. ს-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· მ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

· მ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

· მ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, მ. ს-ას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი მ. ს-ასთვის დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით, არ შეცვლილა. ცვლილება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებას შეეხო და მ. ს-ას საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ მ. ს-ასთვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

5. მსჯავრდებულმა – მ. ს-ამ – საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება (დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება) და შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინების შეცვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ს-ამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

4. საკასაციო პალატა თავდაპირველად იმსჯელებს მ. ს-ასთვის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთან მიმართებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე.

5. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დღეის მდგომარეობით, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილს შეესაბამება, რაც ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში (მ. ს-ას მსჯავრად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენა), თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება) სარგებლობისთვის აუცილებელია ორი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილება, კერძოდ:

· დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია;

· მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი.

6. კანონმდებელმა ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგენით, ფაქტობრივად იმპერატიულად დააწესა, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობისას გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების შესაძლებლობა.

7. განსახილველ შემთხვევაში, არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებაზე, რის გამოც, მ. ს-ა ვერ ისარგებლებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.

8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემცირდება არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რადგან მ. ს-ას ამ დანაშაულისთვის სასჯელად დანიშნული აქვს ჯარიმა. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ასევე – სასჯელის შემცირება უნდა გავრცელდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე, სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

10. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის თანხმობა არც ამ დანაშაულთან მიმართებით არის წარმოდგენილი, გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა, თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

11. ზემოაღნიშნული ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი დაზარალებულის თანხმობის არარსებობის პირობებში, მსჯავრდებულის მხრიდან დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, მ. ს-ას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი ნაშთანთქი აქვს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ უფრო მკაცრ სასჯელს, რაზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩება.

12. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამცავი ორდერის გამოცემა, რამდენადაც დამცავი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები საბოლოო სასჯელის მოხდის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „დამცავი ორდერი უნდა გამოიცეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი, ამნისტიის კანონის გამოყენებით სასჯელის შემცირების შედეგად გათავისუფლდება პენიტენციური დაწესებულებიდან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის №731-24 განჩინება).

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ს-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინება;

3. მსჯავრდებულ მ. ს-ას მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

4. მსჯავრდებულ მ. ს-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (2022 წლის 20 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ს-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

5. მ. ს-ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 24 თებერვლიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე