Facebook Twitter

ა-3148-ა-33-2011 9 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ე. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერეტივი, ს. ა-ი, ი. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება

განმცახდებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კოოპერატივის დადგენილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ტ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალქალაქის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის, ს. ა-ისა და ი. მ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კოოპერატივის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ისა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ტ-მა.

უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი როგორ დაუშვებელი განუხილველად იქნა დატოვებული.

2010 წლის 10 მარტს ე.ტ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 9 მარტის ამავე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ე.ტ-ის მიერ.

2010 წლის 20 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 22 აგვისტოს ე.ტ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ე. ტ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებისა და უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ტ-ის სარჩელი, რომელზედაც მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. 2010 წლის 20 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს განჩინებით კი, არ დაკმაყოფილდა ე. ტ-ის კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით მიუთითებს, რომ ე. ტ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამდენად, აღნიშნული განცხადების დასაშვებობის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ იმსჯელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ტ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ტ-ის განცხადება 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.