Facebook Twitter

¹ა-3480-შ-63-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ლ. ჰ. ქ. გ-ას სასარჩელო განცხადება არასრულწლოვან ა. ს. ქ. შ-ასა და შახ-ისმაილ ს. ო.ი შ-ის ინტერესებიდან გამომდინარე ს. შაც-ისმაილ შ-ის მამობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს.შ.ი. შ-ი არის არასრულწლოვანების 1993 წლის 13 ნოემბერს დაბადებულ ა.ს. შ-ასა და 1997 წლის 01 თებერვალს დაბადებული შ.-ი.ს. შ-ის მამა.

ლ.გ. გ-ა არის არასრულწლოვანების ა.ს. შ-ასა და შ.-ი.ს. შ-ის მეურვე თანახმად იაროსლავლის ოლქის როსტოვის მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 11 ივნისი ¹420 დადგენილებისა.

ლ.გ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა როსტოვის რაიონულ სასამართლოს ს.შ-ი. შ-ის მიმართ მამობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ჰ. ქ. გ-ას სარჩელი, ს. სახ-ისმაილ შ-ს, დაბადებულს 1967 წლის 21 ივნისს, ჩამოერთვა 1993 წლის 13 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი ქალიშვილის – ა. ს. ქ. შ-ასა და 1997 წლის 1 თებერვალს დაბადებული ვაჟის – შახ-ისმაილ ს. ო.ი შ-ის მამობის უფლება. ს. შახ-ისმაილ შ-ს დაევალა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 რუბლის ოდენობით.

რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.

მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ლ. ჰ. ქ. გ-ას სასარგებლოდ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-მა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა _ ლ. ჰ. ქ. გ-ამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რუსეთის ფედერაციის იაროსლავლის ოლქის როსტოვის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ს.ა. ო-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.