Facebook Twitter

ა-4008-შ-64-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ გ. უ-ი

წარმომადგენელი _ დ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. უ-ისა და გ. ს-ის ერთობლივი განცხადება და შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში 1994 წლის 13 აგვისტოს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

გ. უ-ის წარმომადგენელმა დ. ქ-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

2011 წლის 21 ნოემბერს გ. უ-ის წარმომადგენელმა დ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 14 დღით.საკასაციო პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ს. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 15 დღით.

საკასაციო სასამართლოს 25 ნოემბრის განჩინებით გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 14 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ დ. ქ-ეს 2011 წლის 25 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბერის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2011 წლის 25 ნოემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 დეკემბერს. არც მხარეს და არც მის წარმომადგენელს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.