საქმე # 330100122006023048
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №9აპ-25 ქ. თბილისი
გ. მ. 9აპ-25 25 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. მ. გ–ის, – პირადი ნომერი ........, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თ–ში მოქმედი იურიდიული პირის შპს „შ–ს“ (ს/ნ .......) დირექტორმა მ. გ–მ, 2012 წლის 4 სექტემბრიდან განზრახ თავი აარიდა საერთო ჯამში – 1 071 317 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის გადახდას. კერძოდ, მ. გ–ე წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით, მოგებისა და იმპორტის გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რამაც დღგ-ს ნაწილში გამოიწვია – 513 164 ლარის, მოგების გადასახადის ნაწილში – 557 724 ლარის, ხოლო იმპორტის გადასახადში – 419 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის დარიცხვა. შპს „შ–ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული N........ საგადასახადო მოთხოვნა მ. გ–ეს პირადად ჩაჰბარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში – 2021 წლის 13 ივნისამდე – არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, რომელიც ასევე არც გადავადებულა და არც – დაკორექტირებულა.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით მ. გ–მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განაჩენით მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის – ჯარიმის – მოუხდელი ნაწილი – 4 916,33 ლარი და მ. გ–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წელი საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.2. მ. გ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 31 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
3.1. პროკურორმა დავით კაპანაძემ მოითხოვა მ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება და სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა. ასევე, პროკურორის პოზიციით, გასაჩივრებულ განაჩენში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, რადგან მ. გ–ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული 6 წლიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი ჩაეთვალა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წელი პირობითად, რაც არაკანონიერია.
3.2. მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. კ–ემ მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან, ადვოკატის მტკიცებით, მ. გ–ე დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე და მას სასჯელი არ უნდა დანიშვნოდა რეციდივის გათვალისწინებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
4.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა 1/5-ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით განისაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 7 თვე და 6 დღე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, – პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის – ჯარიმა – მოუხდელი ნაწილი (4 916,33 ლარი) და მ. გ–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვითა და 12 დღით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 7 თვე და 6 დღე საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
4.4. მ. გ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან – 2024 წლის 31 ივლისიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ს. კ–ემ. კასატორი ითხოვს მ. გ–ის მიმართ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და შემდგომ, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, ვინაიდან მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი და სასამართლოს სასჯელი არ უნდა დაენიშნა რეციდვის გათვალისწინებით.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მისი შემსუბუქება.
7.1. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის მ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იხილავს მხოლოდ დანიშნული სასჯელის კანონიერებას.
8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. გ–ის მიმართ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მ. გ–ე სადავო დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლობის მქონე პირი, იმაზე მითითებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა 2012-დან 2016 წლამდე, იმ პერიოდში, როდესაც განხორციელდა საგადასახადო შემოწმება და ითვალისწინებს, რომ:
10.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე მ. გ–ეს ედავება საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2012 წლის 4 სექტემბრიდან განზრახ თავი აარიდა საერთო ჯამში 1 071 317 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის გადახდას (კერძოდ, მ. გ–ე წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში არასრულად ასახავდა დამატებული ღირებულების გადასახადით, მოგებისა და იმპორტის გადასახადით დასაბეგრ რეალურ ბრუნვას, რამაც დღგ-ს ნაწილში გამოიწვია – 513 164 ლარის, მოგების გადასახადის ნაწილში – 557 724 ლარის, ხოლო იმპორტის გადასახადში – 419 ლარის ოდენობით ძირითადი გადასახადის დარიცხვა). შპს „შ–ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული N.... საგადასახადო მოთხოვნა მ. გ–ეს პირადად ჩაჰბარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში – 2021 წლის 13 ივნისამდე – არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, რომელიც ასევე არც გადავადებულა და არც დაკორექტირებულა.
10.2. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ისჯება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. ამასთან, მუხლის შენიშვნის თანახმად, პირს ამ მუხლით (საქართველოს სსკ-ის 218-ე) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
10.3. მოცემულ შემთხვევაში, მ. გ–ემ არ გადაიხადა N.... საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში – 2021 წლის 13 ივნისამდე. შესაბამისად, მ. გ–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ მომენტიდან, როდესაც ამოიწურა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა – 2021 წლის 13 ივნისიდან.
10.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით მ. გ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი (ტ. N5; ს.ფ 441-470), ხოლო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 13 მაისის წერილის თანახმად, მ. გ–ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმიდან – 5000 ლარი – გადახდილი აქვს მხოლოდ 83.67 ლარი და მის მიმართ კვლავ მიმდინარეობს დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო წარმოება (......). შესაბამისად, მ. გ–ე განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის მქონე პირი და მისთვის სასჯელის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას).
10.5. შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში ,,მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
12. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. კ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი