Facebook Twitter

საქმე # 330100121005327485

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №36აპ-25 ქ. თბილისი

ბ-ია ა, 36აპ-25 14 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:

1.1. ა. ბ-ია, - დაბადებული .. წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5450 ლარი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5450 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5450 ლარი. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2021 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. ბ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

1.2. გაუქმდა ა. ბ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის N12/21642-21 განჩინება და ა. ბ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 12000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მოქ. ა. ბ-იას (პირადი N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ს-ი, ე.ნ-ის ქუჩა N.., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 228.00 კვ.მ. შენობანაგებობის ჩამონათვალი N1 - განაშენიანების ფართობი - 159.75 კვ.მ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ამ ჩაიდინა ადევნება, ესე იგი პირადად, პირისა და მისი ოჯახის წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის მეშვეობით, ასევე განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირისა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 9 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ო. ლ-ძის ქუჩის №...-ში ყოფნისას, ა. ბ-ია, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ტრანსგენდერ ქალს მ-ო (გ) მ-ს, კერძოდ, ეძახდა მას ბიჭს, კაცს ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა მკერდი და როგორ იყო ქალი და დაემუქრა, რომ ზემოხსენებული ბინიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა და გადააგდებდა აივნიდან. ა. ბ-ას მიერ განხორციელებულ ქმედებათა გამო მ-ო (გ) მ-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2021 წლის 9 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ო. ლ-ის ქუჩის №..-ში ყოფნისას, ა. ბ-ამ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცემა ტრანსგენდერი ქალი მ-ო (გ) მ-ნი, კერძოდ: ა. ბ-ია მ-ო (გ) მ-ს ეძახდა ,,ბიჭს“, ,,კაცს“, ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა მკერდი და როგორ იყო ქალი, რის გამოც მას ჰკრა ხელი და ძირს დაცემულს ორჯერ დაარტყა ფეხი საჯდომზე, ასევე ხელი დაარტყა თავის არეში. ა. ბ-ას მიერ განხორციელებულ ქმედებათა გამო მ-ო (გ) მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ჩინჩალაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4.1. მსჯავრდებულ ა. ბ-იას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ გ-ი (მ-ო) მ-ის ჩვენება, მოწმეების - დ-ი (ნ-ა) კ-ის, თ. თ-ის, ვ. (ნ-ა) ტ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ა. ბ-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი თამარ ჩინჩალაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ბ-იას მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ა. ბ-ას მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), კერძოდ: ა. ბ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირველადაა სამართალში.

12. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ჩინჩალაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე