Facebook Twitter

ას-1105-1132-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ე. უ. ს-ო»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ტ-ა»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 22 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «ტ-ამ» მოპასუხე შპს «ე. უ. ს-ოს» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის, 716400 ლარის დაკისრება (ს.ფ. 36-45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «ტ-ას» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, ყადაღა მოეხსნა შპს «ე. უ. ს-ოს» საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, რომლებიც მდებარეობდა: თბილისში, დაბა წყნეთში, ს-ის ¹14-ში, ბორჯომში, დაბა ბაკურიან «დ-ში» (ტომი I, ს.ფ. 175-180).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ტ-ამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 185-194).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ტ-ას» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ტ-ას» სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს «ე. უ. ს-ოს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 716400 ლარის გადახდა; მასვე შპს «ტ-ას» სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 12000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ე. უ. ს-ოს” დირექტორსა და ფიზიკურ პ. ჟ. გ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7464 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა დაბა ბაკურიანში, ,,დ-ში”. ამავე ხელშეკრულებით, ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 673145.36 ლარით;

2007 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ე. უ. ს-ოს” დირექტორსა და ფიზიკურ პ. ჟ. გ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა ბაკურიანში, «დ-ში» მდებარე 479.61კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლითაც ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 27170 ლარით;

2009 წლის 16 დეკემბერს შპს ,,ტ-ას” დირექტორსა და ჟ. გ-ას შორის დაიდო შეთანხმება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლის თანახმად ჟ. გ-ამ შპს ,,ე. უ. ს-ოს” მიმართ 716400 ლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს ,,ტ-ას”;

დაბა ბაკურიანში, ,,დ-ში” მდებარე უძრავი ქონება, ფართობით 7464კვ.მ., 2007 წლის 28 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება შპს ,,ე. უ. ს-ოს” სახელზე. დაბა ბაკურიანში, ,,დ-ში” მდებარე 479.61კვ.მ ფართობის უძრავი ქონება 2007 წლის 28 დეკემბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება ასევე შპს ,,ე. უ. ს-ოს” სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებებით არ ირკვეოდა მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ფაქტი. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს ,,ე. უ. ს-ოს” (მყიდველის) მიერ, 2007 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხების გადახდა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მყიდველი წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბუღალტრო საქმიანობის აღმრიცხველი დოკუმენტების წარმოების ვალდებულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის თანხის (თანხების) გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული, როგორც წესი, ასახული უნდა ყოფილიყო იურიდიული პირის შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებში. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის მოპასუხისათვის გადახდა ვერც ამ დოკუმენტებზე მითითებით იქნა დადასტურებული, რაც დამატებით საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის თანხების გადაუხდელობის შესახებ აპელანტის პოზიციის გასაზიარებლად.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჟ. გ-ასათვის თანხის გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე, შპს ,,ე. უ. ს-ოს” დირექტორის გ. მ-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელ ფაქტებზე მითითებით უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტი _ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობა, წარმოადგენდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, რომლის საწინააღმდეგო ფაქტიც შპს ,,ე. უ. ს-ომ” ვერ დაადასტურა, ამასთან, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ და საკმარისად.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, შემდეგი მოსაზრებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მხარეთა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, ანუ მას ეკისრება იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი ურთიერთობა არსებობს და დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებიც კანონის თანახმად აბრკოლებენ ამ ურთიერთობის წარმოშობას. ამდენად, მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებებისა და მისგან გამომდინარე თანხის გადახდაზე ვალდებულების არსებობას. რაც შეეხებოდა ვალდებულების შესრულებას, მისი, როგორც შესაგებლის საფუძველისა და ამასთან, პოზიტიურად მტკიცების ფაქტის (თანხის გადახდის) დადასტურება, ეკისრებოდა მოპასუხეს. საქმის მასალებით ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცებულებების არსებობა არ დადასტურდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გამყიდველის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მყიდველის მხრიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება (ნასყიდობის ფასის გადახდა) დაუყოვნებლივ არ შესრულებულა ეკისრებოდა გამყიდველს, და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლიდან გამომდინარე, მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არ წარმოადგენს 477-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ქონებაზე შესაბამისი უფლების გადაცემის ვალდებულების საპასუხო ვალდებულებას. ამასთან, აღნიშნული განმარტების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ნასყიდობის საგანზე (ქონებაზე) საკუთრების უფლება გადაცემულია, ანუ ქონებაზე (უძრავი ქონება) აღრიცხულია მყიდველის საკუთრების უფლება, არსებობს საფუძველი მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვარაუდისათვის, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მტკიცების ტვირთის გამყიდველისათვის დაკისრებას.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამყიდველის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის არსებობისას, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის უარყოფის მტკიცების გამყიდველისათვის დაკისრება ავტომატურ რეჟიმში არასწორია, ისევე როგორც იმავე პირობებში მყიდველს არ უნდა მოეთხოვოს ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთის ამა თუ იმ მხარისათვის დაკისრების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების (მათ შორის მხარეთა განმარტებების) ერთობლიობაში შეფასების გზით.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქნებოდა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გარემოების მტკიცების მოსარჩელისათვის (გამყიდველისათვის) დაკისრების თაობაზე, აპელანტის (გამყიდველის) მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს _ მყიდველს, როგორც იურიდიულ პირს არ გააჩნდა ნასყიდობის ფასის შესაბამისი თანხის გადარიცხვის ან გასავლის დამადასტურებელი საბუღალტრო დოკუმენტაცია, მოცემულ შემთხვევაში, საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა თანხის გადახდის უარყოფის დასადასტურებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშიბისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 477-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველმა (ჟ. გ-ამ) ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, შპს ,,ე. უ. ს-ოს” (მყიდველის) ნასყიდობის საგანზე გადაეცა საკუთრების უფლება, რაც უდავო იყო. მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებულია ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების მოთხოვნა დათქმულ დროსა და ადგილას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, შპს ,,ე. უ. ს-ოს” არ განუხორციელებია 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ტ-ას” სარჩელი, ვალდებულების შესრულების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი II, ს.ფ. 76-90).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ე. უ. ს-ომ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად კასატორი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თითქოს ჟ. გ-ას არ მიუღია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ ხელშეკრულების მიხედვით შემძენი იურიდიული პირია, რომელიც პასუხისმგებელია ბუღალტერიის წარმართვაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, საიდანაც გამოჩნდებოდა გამყიდველის მიერ თანხის მიღება. აღნიშნულით სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხევვაში, თუ ერთ-ერთი მხარე იურიდიული პირია, ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტის დადასტურება არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ხელშეკრულებით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების გარდა უნდა არსებობდეს რაიმე სხვა დოკუმენტი, რაც დაადასტურებს თანხის გადაცემას;

კასატორის მითითებით, საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა ჟ. გ-ასა და შპს «ე. უ. ს-ოს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ანალიზს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნასყიდობის თანხა შემძენმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულების გაფორმებისას. შინაარსობრივად არსებობს გარიგებები, რომელთა მიხედვითაც მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, თანხის გადახდა ხდება გარკვეულ დროს. ეს შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების გაფორმებამდე, გაფორმებისას ან გაფორმებიდან რაიმე ვადის გასვლის შემდეგ. კასატორის აზრით, პირველ ორ შემთხვევაში, ხელშეკრულებიდანვე დგინდება თანხის გადახდა. მით უმეტეს, როდესაც ჩანს, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნასყიდობის საგანი და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შემძენზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისე რომ გამყიდველს შემძენის მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ გააჩნია. კონკრეტულ შემთხვევაში ეს პერიოდი შეადგენს ორ წელსა და სამ თვეს ხელშეკრულების გაფორმებიდან და უძრავი ქონების რეგისტრაციიდან საჯარო რეესტრში;

სასამართლომ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა შემძენს შესაძლებელია დაავალოს მხოლოდ იმ ხელშეკრულებებში, რომლებითაც თანხის გადახდა ხდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რაიმე ვადის დადგომისას. ამგვარი ხელშეკრულების არსებობისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამონაწერშივე აფიქსირებს ვალდებულებას და როდესაც მხარეებს შორის წარმოიშობა დავა თანხის გადახდაზე, გადახდა უნდა დადასტურდეს დამატებითი დოკუმენტით;

საქმეში მოიპოვება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის 2.1 პუნქტში დაფიქსირებულია ნასყიდობის ფასი და გადახდის დრო, ასევე გადახდის დროისათვის არსებული სავალუტო კურსი. სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა აღნიშნული ხელშეკრულების ანალიზს. ხელშეკრულების მიხედვით, თანხის გადახდა მოხდა ხელშეკრულების გაფორმებისას. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შინაარსიდან დგინდება, რომ გამყიდველისათვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებისას და არა მხარეების მიერ მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერიდან რაიმე ვადის გასვლის შემდეგ. საყურადღებოა, რომ ჟ. გ-ას, როგორც გამყიდველს ხელშეკრულებიდან გამომდინარე არანაირი პრეტენზია არ ჰქონია შემძენის მიმართ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლისა და სამი თვის განმავლობაში და მთელი ეს პერიოდი უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო შემძენზე;

კასატორი განმარტავს, რომ თანხის გადახდა განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რაც თავად ჟ. გ-ას მოთხოვნას წარმოადგენდა. იმ დროისათვის შპს «ე. უ. ს-ოს“არ გააჩნდა აღნიშნული ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო თანხა და ორგანიზაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გ. მ-ს შეეძინა უძრავი ქონება კომპანიისათვის. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, იგი ორგანიზაციის მიერ გ. მ-ისათვის დაბრუნებულია სრული მოცულობით, რაც დასტურდება საბუღალტრო დოკუმენტაციით (ტომი II, ს.ფ. 95-103).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს «ე. უ. ს-ოს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ე. უ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ე. უ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ე. უ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს «ე. უ. ს-ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.