Facebook Twitter

ას-1113-1140-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ა

დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზრუგეთის რაიონულიო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ას სარჩელი ნ. გ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოაპსუხე ნ. გ-ას, ა. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 6967 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ა. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მასვე, მოსარჩელის სასარგებოოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 204,97 ლარისა და აუდიტორული მომსახურების ხარჯის _ 60 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2000 წლის 31 ივლისს, ნ. გ-ასა და მისი მშობლების _ კ. და ც. გ-ებისაგან ა. მ-ამ 200 აშშ დოლარად შეიძინა კურორტ ბ-ში, ხ-ის ქ. ¹12-ში მდებარე 36 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი კ. გ-ას სახელზე. აღნიშნული გარიგება კანონით დადგენილი წესით არ გაფორმებულა და, შესაბამისად, უძრავი ქონება არ აღრიცხულა საჯარო რეესტრში ა. მ-ას სახელზე. აღნიშნული სახლი, რომელიც საცხოვრებლად უვარგისი იყო, ა. მ-ამ 2006 წლის ივნის-ივლისში აღადგინა, გაწეულმა ხარჯმა კი, შეადგინა 6575 ლარი.

საქმეში არსებული 2009 წლის 28 დეკემბერს ნ. გ-ას მიერ შედგენილი ხელწერილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ა. მ-ამ აღნიშნულ ბინაზე ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, ნ. გ-ამ გადაიფიქრა მისი გაყიდვა იმ მოტივით, რომ არ ჯდებოდა მისი და მისი დის ინტერესებში. ამავე ხელწერილით, ნ. გ-ამ აიღო ვალდებულება, რომ ა. მ-ას მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების შემდეგ, შესაძლებლობების ფარგლებში გადაიხდიდა თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იგი მოსარჩელეს გადაუხდიდა 200 აშშ დოლარსა და მის მიერ გამოყენებულ საამშენებლო მასალას.

ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 58-ე, 59-ე, 61-ე, 183-ე, 341-ე, 976-ე, 979-ე, 980-ე, 981-ე და 987-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ა. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ა. მ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, ნ. გ-ასათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით 2010 წლის 31 ივლისამდე პერიოდისათვის 3198,52 ლარის, ხოლო 2010 წლის პირველი აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 647,93 ლარის დაკისრება.

ნ. გ-ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩვირებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც მას ა. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 6967 ლარისა და საპროცესო ხარჯების გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის სასამართლო სხდომაზე ნ. გ-ას გამოუცხადებლობის გამო, ა. მ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ა. მ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ასა და ა. მ-ას სააპელაციო საჩივრები.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ას წარმომადგენელმა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა ნ. გ-ას სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2011 წლის 8 აპრილს, მისი მარწმუნებლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ნ. გ-ას დედისა და თავად ნ. გ-ას ავადმყოფობით, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან სოფელში და ვერ შეძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებია სასამართლოსათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ნ. გ-ას წარმომადგენელ მ. გ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 -ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ავადმყოფობის ცნობა, რითაც დადასტურდებოდა 2011 წლის 08 აპრილს, ნ. გ-ას სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ამასთან არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის საჩივარი უსაფუძვლობის გამო, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, მოითხოვა როგორც დასახელებული განჩინების, ისე ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო დედამისის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე, ხოლო 8 აპრილისათვის თავადაც ავად გახდა, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე დროის სიმცირისა და მაღალმთიან სოფელში ცხოვრების გამო ვერ შეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება და ასევე ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელ;ი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387.1 მუხლიდან გამომდინარე, საქმის ზეპირ განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასეთ შემთხვევაში იგი არ არის ვალდებული, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის არსებით იურიდიულ მხარეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს მთავარ სხდომაზე _ 2011 წლის 8 აპრილს მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, დედისა და თავად მისი ავადმყოფობით, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე დროის სიმცირისა და მაღალმთიან სოფელში ცხოვრების გამო ვერ შეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნევა სასამართლო სხდომაზე აპელანტ ნ. გ-ას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ავადმყოფობის ცნობა, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა. მითითებული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საგულისხმოა, რომ ხსენებული ნორმით კანონმდებელი ავადმყოფობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, თუკი იგი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ასეთი მტკიცებულება კასატორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან გამომდინარე, მის მოვალეობას შეადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.