Facebook Twitter

ას-1151-1171-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ნ. და ქ. თ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ც. პ-ი, ნოტარიუსი დ. კ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი _ ზ. ქ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. პ-ისა და ნოტარიუს დ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 2002 წლის 11 მარტს ნ. თ-სა და ც. პ-ს შორის დაბა ...ში ს-ის ქუჩა ¹44-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე გაფორმებული რეესტრის ¹1/105 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის შესაბამისი ჩანაწერების გაუქმება.

ქ. თ-მა ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს 2002 წლის 11 მარტს ქ. თ-სა და ც. პ-ს შორის ...ის რაიონის სოფელ უ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე რეესტრის ¹1/104-ით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის შესაბამისი ჩანაწერების გაუქმების თაობაზე.

...ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განჩინებით აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაება ზ. ქ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. და ქ. თ-ის სარჩელი ც. პ-ის, ნოტარიუს დ. კ-ის, მესამე პირის _ ზ. ქ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 11 მარტს ნ. თ-სა და ც. პ-ს შორის გაფორმებული რეესტრის ¹1/105 ნასყიდობის ხელშეკრულება ...ში, ს-ის ქუჩა ¹44-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სამსახურის ჩანაწერები, რომლითაც ხსენებული ქონება დარეგისტრირდა ც. პ-ის სახელზე (უძრავი ქონების სარეგისტრაციო ¹...), ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თ-სა და ც. პ-ს შორის, რეესტრის ¹1/104, ...ის რაიონის სოფელ უ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სამსახურის შესაბამისი ჩანაწერები გაუქმდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ც. პ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო ნ. და ქ. თ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, ი. თ-მა (ნ. თ-ის მეუღლე და ქ. თ-ის შვილი) ც. პ-ს სთხოვა 3500 აშშ დოლარის სესხად აღება. მხარეთა შორის არსებობდა ახლო ნათესაური დამოკიდებულება _ ნ. თ-ი არის ც. პ-ის შვილის ნათლია. ც. პ-მა სესხის სახით აღებული თანხის 3500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა. ი. თ-მა არ შეასრულა პირობა თანხის სამ თვეში დაბრუნების თაობაზე, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა ძირითადი თანხის და ხარჯების _ 1500 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული ვალის დაფარვის მიზნით ც. პ-მა გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ბინა.

2001 წლის 11 მარტს ნ. თ-სა და ც. პ-ს შორის გაფორმდა ...ში, ს-ის ქუჩა ¹44-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე დღეს, 2001 წლის 11 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ქ. თ-სა და ც. პ-ს შორის ...ის რაიონის სოფელ უ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ნასყიდობის საგანი აღირიცხა ც. პ-ის სახელზე საჯარო რეესტრში.

ც. პ-მა მის მიერ ნაყიდი საცხოვრებელი სახლიდან ნ. და ქ. თ-ების გამოსახლების მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში.

...ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომას ესწრებოდნენ ქ. და ი. თ-ები. ნ. და ქ. თ-ებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

ნ. და ქ. თ-ები სარჩელში აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ¹11/07-4-2991 წერილით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ საკუთრებაში რიცხული დაბა ...ში, ს-ის ქ.¹44-ში და ...ის რაიონის სოფელ უ-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები ეკუთვნოდა ც. პ-ს. აღნიშნულის შემდგომ მათ შეიტყეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა ირიცხებოდა ც. პ-ის სახელზე. მოსარჩელეები სარჩელში განმარტავენ, რომ მათ ც. პ-ისათვის საცხოვრებელი სახლი არ მიუყიდიათ და არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს. რამდენიმე წლის წინ მასთთან მივიდნენ ი. თ-ი და ნოტარიუსი დ. კ-ე. ი. თ-მა აუხსნა, რომ ვალი ჰქონდა ც. პ-ის და დროებით, ვიდრე გადაუხდიდა ვალს, «გირაოს» სახით საცხოვრებელი სახლი უნდა ჩაედო ვალის უზრუნველსაყოფად, რის თაობაზეც ნოტარიუსის მიერ შედგენილ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი. მოგვიანებით მათ გაარკვიეს, რომ ხელი მოუწერიათ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.

ნოტარიუსმა დ. კ-ემ განმარტა, რომ მასთან მივიდნენ ი. თ-ი და ც. პ-ი და სთხოვეს ნასყიდობის ხელშკრულების გაფორმება. შემდგომ გაარკვია, რომ ი. თ-ს ჰქონდა ც. პ-ის ვალი. მხარეებმა განუმარტეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სჭირდებოდათ სხვა მიზნისათვის. ბინა უნდა გაფორმებულიყო ც. პ-ის სახელზე მოჩვენებით და ბანკიდან უნდა გამოეტენათ კრედიტი. კრედიტის დაფარვის შემდეგ ბინა დაუბრუნდებოდათ მესაკუთრეებს. ნოტარიუსის განმარტებით, ნ. და ქ. თ-ებისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი. ვალის დაფარვა უნდა მომხდარიყო ორ წელიწადში, რის შემდგომაც ბინები დაუბრუნდებოდათ მესაკუთრეებს. იგივე დაადასტურა მოწმე ი. თ-მა. მან განმარტა, რომ ვალი უნდა გადაეხადა ორი წლის მანძილზე და შემდგომ ბინები დაუბრუნდებოდათ მესაკუთრეებს. ნ. და ქ. თ-ებისათვის ცნობილი იყო აღნიშნული და მათგან თანხმობა მიიღო. ი. თ-ის ახსნა-განმარტება ნ. თ-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და მხარეთა შეთანხმება, რომ ბინა უნდა ჩაედოთ «გირაოში» ორი წლის ვადით და ვალის გადახდის შემდგომ ც. პ-ს უძრავი ნივთი უნდა დაებრუნებინა. ნ. თ-ის განმარტებით, მან ვალი 2000 აშშ დოლარი პირადად გადასცა ც. პ-ს. ი. და ნ. თ-ების განმარტებას დაეთანხმა ქ. თ-ი. ც. პ-მა განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომ შეხვდა ნ. თ-ს და სთხოვა ვალის დაბრუნება, ბინის ყიდვა ან მისი გამოთავისუფლება.

ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ სადავო ბინები იპოთეკით არ დატვირთულა.

2008 წლის 6 აგვისტოს ნ. თ-სა და ქ. თ-ს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ეცნობათ, რომ ...ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ისინი გამოსახლდნენ საცხოვრებელი ბინიდან და გადაწყვეტილების ნებაყოფილობით აღუსრულების შემთხვევაში განხორციელდებოდა იძულებითი აღსრულება.

2009 წლის 22 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა ზ. ქ-ეზე, რომელიც საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით რეგისტრირებულია უძრავი ქონების მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად შეაფასა მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უდავოდ დაადგინა, რომ ც. პ-მა მის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაციის გზით ვალდებულება შეასრულა კრედიტორის წინაშე. ი. თ-მა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა ც. პ-ისათვის ის ზიანი, რაც ამ უკანასკნელმა მიიღო ი. თ-ის მიერ სესხის დროულად გადაუხდელობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება, ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, გადაეცა ც. პ-ს იმ პირობით, რომ ორი წლის განმავლობაში ი. თ-ის მიერ ც. პ-ისათვის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ქონება დაუბრუნდებოდათ მესაკუთრეებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, კერძოდ, მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი _ ც. პ-ის მიმართ ორი წლის განმავლობაში უნდა შეესრულებინათ ვალდებულება და ბინა დაუბრუნდებოდათ. ნ. თ-ის მითითებით, ც. პ-ს თანხა ნაწილობრივ _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა. ასევე ნოტარიუსის, მოწმე ი. თ-ისა და ც. პ-ის განმარტებით, მოსარჩელეებს მოსთხოვა ან თანხის დაბრუნება ან ბინის გამოთავისუფლება. ც. პ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის შემდგომ აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა თ-ების სადავო ბინიდან გამოსახლება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შეთანხმებით უძრავი ქონება ც. პ-ს გადაეცა საკუთრებაში ფულადი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ იმ პირობით, თუ ორი წლის ვადაში ი. თ-ი შეუსრულებდა ვალდებულებას ც. პ-ს, ქონება დაუბრუნდებოდათ მესაკუთრეებს. ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ.

სამოქალაქო კოდექსის 371-ე, 428-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს სხვა შესრულება, ხოლო კრედიტორი უფლებამოსილია, მიიღოს სხვა შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის შემდგარი გარიგებით, მოპასუხემ ფულადი ვალდებულების შესრულება მიიღო სხვა შესრულებით, კერძოდ, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

პალატის მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმებაზე დათქმულ ვადაში ნივთის გამოსყიდვის უფლების შესახებ მიუთითებს მხარეთა განმარტებები, რომ მას შემდეგ, რაც ი. თ-ი დათქმულ ვადაში შეასრულებდა ფულად ვალდებულებას, აღდგებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობა (სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ი. თ-მა ვალდებულება დათქმულ ვადაში შეასრულა. შესაბამისად, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, რაც მდგომარეობს ქონების საკუთრებაში დაბრუნებაში, ვერ მიიღწევა, ვინაიდან ნივთის გამოსყიდვის უფლება რეალიზებული არ იქნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. და ნ. თ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლი, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და არასწორად მიიჩნია, რომ ც. პ-მა მესამე პირებისაგან _ ქ. და ნ. თ-ებისაგან მიიღო შესრულება არსებული ზიანისათვის და კასატორებმა შეასრულეს ი. თ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნული მსჯელობა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს. ამასთან, ც. პ-ს ასეთის შესახებ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.

სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე და 447-ე მუხლებით, რა შემთხვევაშიც იგი დაადგენდა, რომ სადავო ხელშეკრულებები დაიდო მხარეთა მხრიდან მათი შინაარსით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილის არარსებობის პირობებში. პალატამ ყურადღება არა გაამახვილა ნოტარიუსის განმარტებაზე, რომელმაც მითითებული ფაქტი დაადასტურა. სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ რეალურად სადავო გარიგებებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ნ. და ქ. თ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით ქ. თ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. და ქ. თ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 19 ივლისს ე. ა-ის, ნ. და ქ. თ-ების მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. თ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ე. ა-ის, ნ. და ქ. თ-ების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.