Facebook Twitter

ას-1205-1225-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კასატორი _ ა. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»

კასატორი _ სს «... ბანკი»

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ბანკის» მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის _ 25 000 დოლარის, ნასესხები 7000 დოლარის, პირგასამტეხლო 12 500 დოლარის, მიუღებელი შემოსავლის - 15 000 დოლარისა და მკურნალობის ხარჯების - 3000 ლარის, ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2003 წლის 15 თებერვალს მოსარჩელე მხარესა და შპს „ბ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება 100 000 ბოთლი ტყემლის საწებლის ჩამოსხმისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ხელშეკრულების მიხედვით, 2003 წლის 30 მარტამდე შპს «ბ-ის» ანგარიშზე, ზემოთ დასახელებული პროდუქციის შესაქმნელად მოსარჩელეს უნდა ჩაერიცხა 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ამ მიზნით, 2003 წლის 11 მარტს, ქ. მოსკოვიდან ა. დ-ის მეგობარ ზ. მ-ის მიერ გადმორიცხულ იქნა აღნიშნული თანხა. 2003 წლის 13 მარტს სადავო თანხა გატანილ იქნა ვინმე ა. დ-ის მიერ, რომელმაც ისარგებლა გაყალბებული პირადობის მოწმობით. ვინაიდან, შპს «ბ-თან» ვალდებულება იყო შესასრულებელი, ა.დ-ემ 7000 აშშ დოლარი ისესხა. აღნიშნულით გამოწვეული სტრესის გამო მოსარჩელისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობა გაუარესდა. შპს «... ბანკის» მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შედაგინა 59 500 დოლარი და 3000 ლარი.

მოპასუხე სს «... ბანკმა» წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბანკის თანამშრომლები მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მოქმედებდნენ. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელია ის პირი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა ბანკში და რომლისთვისაც ცნობილი იყო ა. დ-ისათვის ფულის გადმორიცხვის შესახებ, მისი ოდენობა და ფულის გადმორიცხვის კოდი. მოსარჩელის მოთხოვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა საფუძვლიანი, თუ ზიანი მიყენებული იქნებოდა ბანკის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება და ამასთან, 2003 წლის 29 ივლისის, 2010 წლის 24 დეკემბრის, 2011 წლის 5 იანვრისა და 2011 წლის 20 იანვრის განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ა. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება გასაჩივრებულ განჩინებებთან მიმართებით და მიუთითა შემდეგი: 2003 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მხარეთა მონაწილეობით ჩატარებულ იქნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, სადაც ა. დ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მთავარი სხდომისათვის მოწმის სახით სს «... ბანკის» ქუთაისის ფილიალის უფროსის, მ. ა-ის, დაცვის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების თანამშრომელ ზ-ის დაკითხვა, რაც სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა. საქმის განხილვა გადაიდო 2003 წლის 1 აგვისტოს, 12 საათზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო საქმის მომზადების ეტაპის დასრულებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის თაობაზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული განჩინების გაუქმებას. რაც შეეხება 2010 წლის 24 დეკემბრის გასაჩივრებულ განჩინებას, რომლითაც უარი ეთქვა ა.დ-ეს დაზუსტებული სარჩელის წარდგენაზე, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან მოსარჩელის ე.წ დაზუსტებული სარჩელი, რომელიც რეალურად გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, წარდგენილ იქნა 2010 წლის 24 დეკემბერს – საქმის მომზადების დასრულების შემდეგ. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ა.დ-ის მოთხოვნა 2011 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებითაც, რადგან მოსარჩელე მხარეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2011 წლის 20 იანვრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების ნაწილში სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე სს «... ბანკს» ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. დ-ის სახელზე, სს „... ბანკში“ გადმოგზავნილი 25000 აშშ დოლარი, 2003 წლის 13 მარტს ა. დ-ის სახელზე დამზადებული პირადობის მოწმობის გამოყენებით (სერია ა¹... პირადი ¹...), გატანილ იქნა სს „... ბანკის“ ფილიალიდან. 2003 წლის 15 თებერვალს, შპს „ბ-ისა“ და ა. დ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, შპს „ბ-მა“ იკისრა ვალდებულება, დაემზადებინა 100000 ბოთლი ტყემლის საწებელი. ა. დ-ემ იკისრა ვალდებულება, რომ შპს „ბ-ისათვის“ პროდუქციის შესაქმნელად, მარტის ბოლომდე გადაეხადა 25000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით. სს „... ბანკის“ ქუთაისის რეგიონული ფილიალის მმართველ, მ.ა-ის 2003 წლის 18 მარტის და ა.დ-ის განცხადების საფუძველზე, შსს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამსახურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹... ... ბანკის ქუთაისის რეგიონული ფილიალის მოსახლეობის მომსახურების განყოფილებიდან 25000 აშშ დოლარის თაღლითური გზით მითვისების ფაქტზე.

2003 წლის 21 მაისის დადგენილებით ა. დ-ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის ¹... საქმეზე. 2005 წლის 18 მარტს, მოსარჩელის ადვოკატმა პ.ბუჩუკურმა შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას და ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმებას იმ მიზეზით, რომ ... ბანკიდან უცნობი პირის მიერ 25000 აშშ დოლარის თაღლითურად გატანით ქონებრივი ზიანი მიიღო ... ბანკმა და არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს ¹... საქმეზე ა. დ-ის დაზარალებულად ცნობის დადგენილება და დაზარალებულად ცნობილ იქნა მხოლოდ სს „... ბანკი». სკბ „რუსულ საბანკირო სახლის“ მეშვეობით ფიზიკური პირების ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების შესახებ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, თანხის მისაღებად მიმღები: ა. წარმოადგენს პასპორტს ან მის შემცვლელ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, ბ. ოპერატორს აწვდის ინფორმაციას თანხის ოდენობისა და ფულადი გზავნილის ნომრის შესახებ. გ. მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის გასავლის ორდერზე ხელმოწერით ადასტურებს ფულადი გზავნილის თანხის მიღების ფაქტს. ამავე დებულების 2.2 პუნქტის თანახმად, ოპერატორი ფულად გზავნილს ეძებს ფაქსით მიღებულ მონაცემებში მითითებული გამომგზავნის საბუთის რიგითი ნომრის მიხედვით. თანხის განაღდება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღების მიერ წარმოდგენილ საბუთსა და ფულადი გზავნილების მონაცემებში ემთხვევა მიმღების სახელი, გვარი, მამის სახელი და ფულადი გზავნილის ნომერი. დამატებითი იდენტიფიკატორის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას ფულადი გზავნილის თანხა.

საქმეში წარმოდგენილი ¹... სალარო გასავლის ორდერით დგინდება, რომ თანხა გაცემულ იქნა ფიზიკურ პირზე, რომლის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული იყო სერია ა¹... პირადი ¹..., ხოლო სახელი და გვარი – ა. დ-ე. მოპასუხე მხარის განმარტებით, თანხის მიმღებმა პირმა დაასახელა თანხის ოდენობა და ფულადი გზავნილის ნომერი. სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 25000 აშშ დოლარის გაცემის თაობაზე ¹... სალაროს გასავლის ორდერში დაფიქსირებული მონაცემები: პირადობის მოწმობის სერია ა¹... პირადი ¹... არ ეკუთვნის მოსარჩელე ა. დ-ეს. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ ასეთი მონაცემების ფიზიკური პირი არ არსებობს. დადგენილია, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ა. დ-ის სასარგებლოდ სს „... ბანკისათვის“ ძირითადი თანხის – 25000 აშშ დოლარის დაკისრება, ძირითადი თანხის გაუცემლობის მიზეზით, თ. გ-ისაგან სესხის სახით აღებული 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ა. დ-ისა და მისი მეუღლის მკურნალობაზე დახარჯული 3000 ლარის ანაზღაურება. შპს „ბ-ისათვის“ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 12500 აშშ დოლარის ანაზღაურება. დაუფინანსებლობის მიზეზით, შპს „ბ-თან“ პროექტის ჩაშლის გამო მიუღებელი შემოსავლის – ზიანის, 15000 აშშ დოლარის ანაზღაურება სულ 59500 აშშ დოლარისა და 3000 ალრის ანაზღაურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო წესების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლით პალატამ მიიჩნია, რომ სს „... ბანკმა“ ხელშეკრულება გააფორმა თანხის გამომგზავნთან, ზ. მ-თან მესამე პირის, ა. დ-ის სასარგებლოდ და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი ვალდებული იყო, ხელშეკრულების მეორე მხარისაგან ზ.მ-ისაგან მიღებული თანხა 25000 აშშ დოლარი გადაეცა ა.დ-ისათვის. კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს. ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2003 წლის 11 მარტს სს „... ბანკისაგან“ ა.დ-ის სახელზე გადმოგზავნილი 25000 აშშ დოლარი გატანილ იქნა ისეთი პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომლის სერია და ნომერი არარსებულია, ხოლო ფიზიკური პირის პირადი ნომერი არ ეკუთვნის ა. დ-ის სახელისა და გვარის პიროვნებას, მათ შორის მოსარჩელის. აგრეთვე, არ დასტურდება სალაროს გასავლის ორდერზე ა.დ-ის სახელით შესრულებული ხელმოწერის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, პალატა მიიჩნია, რომ ბანკის მიერ თანხა გაცემულ იქნა არა მოსარჩელე ა. დ-ის სახელზე, არამედ სხვა პირზე. ამდენად, ა.დ-ის მიმართ ვალდებულება შეუსრულებელია და, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის - 25000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია. დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის - 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, საქმეში სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვალდებულების შეუსრულებლობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის მიზეზობრივ კავშირს ან ამ ოდენობით თანხის გადახდას, წარმოდგენილი არ ყოფილა. გაზიარებულ არ იქნა სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მორალური ზიანის ანაზაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. დადგენლია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რაც, სსსკ-ის 378-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს «... ბანკმა» შემდეგი დასაბუთებით: ცალსახაა ის გარემოება, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედება გარკვეულწილად იყო კანონსაწინაამდეგო ან/და ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულდა. სადავო შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა, წარმოადგენს გზავნილით გადმორიცხულ თანხას, რომლის განაღდება განხორციელდა იმავე დღეს, გაყალბებული პირადობის მოწმობის საშუალებით. მოპასუხის მხრიდან რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება აქ არ იკვეთება, ვინაიდან ბანკს გადმორიცხული თანხა არ მიუთვისებია და იგი გაცემულ იქნა შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმომდგენ პირზე. სს „... ბანკის“ მხრიდან შეუძლებელი იყო წინასწარ იმის ვარაუდი, რომ თანხის განაღდება მოხდებოდა გაყალბებული პირადობის მოწმობის გამოყენებით კანონსაწინაამდეგო მოქმედებით. ბანკის თანამშრომელი ვერ წარმოიდგენდა და ვერ ივარაუდებდა, რომ თანხის ჩამორიცხვისთანავე ბანკში გამოცხადდებოდა პირი, რომელიც წარმოადგენდა ყალბ პირადობის მოწმობას იმავე სახელსა და გვარზე დამზადებულს, რომლისთვისაც გზავნილი იყო განკუთვნილი და დაასახელებდა გზავნილის საკონტროლო სიტყვას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამომგზავნს და მიმღებს უნდა სცოდნოდათ. ამდენად, ბანკის მხრიდან კეთილსინდისიერად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შესრულებულ იქნა ვალდებულება. ის, რომ დოკუმენტი გაყალბებული იყო და ამ გზით ბანკმა დაუშვა შეცდომა, არ წარმოადგენს ბანკის ბრალეულობას და შესაბამისად, არ უნდა იქნას განმარტებული იმ კუთხით, თითქოს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენა რაიმე სახით მოპასუხის მიერ უნდა ყოფილიყო ნავარაუდები. დღეის მდგომარეობით დადგენილი რომ ყოფილიყო თანხის მიმღები პირის ვინაობა, სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურება დაეკისრებოდა არა მოპასუხეს, არამედ ა.დ-ის თანხის მიმთვისებელ პირს.

ა. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე 2003 წლის 29 ივლისის, 2010 წლის 24 დეკემბრისა და 2011 წლის 5 იანვრის განჩინებები შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 ივლისის განჩინება, საქმის მომზადებულად ჩათვლისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე ა.დ-ის მხარეს არ ჩაჰბარებია მოპასუხის გზავნილი შესაგებელთან ერთად და არ ჰქონდა საშუალება მომზადებულიყო მთავარი სხდომისათვის. აღნიშნული დასტურდება, როგორც ა.დ-ის ზეპირი განმარტებით, ასევე იმითაც, რომ არც მისი და არც წარმომადგენლის ხელმოწერა ამ გზავნილის ჩაბარების შესახებ, მტკიცებულების სახით, საქმეში არ არსებობს. ასევე არ არის მათი თანხმობა მთავარი სხდომის ჩატარების შესახებ 2003 წლის 1 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმში. ამით სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნები, მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვის შესახებ. აღნიშნულის გამო უნდა გაუქმდეს 2003 წლის 29 ივლისის განჩინება და 2010 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომა უნდა ჩაითვალოს არა მთავარ, არამედ მოსამზადებელ სხდომად, მით უფრო, რომ საქმის შეჩერებიდან განახლებამდე გავიდა 8 წელი და ამ პერიოდში შეიცვალა ვითარება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს, არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელემ მოითხოვა ანაზღაურება იმ მიუღებელი შემოსავლისათვის, რაც შეიძლებოდა ა.დ-ეს მიეღო 25000 აშშ დოლარის, თვით სს „... ბანკის“ ანაბარზე ყოველწლიურად შეტანის გზით. სააპელაციო პალატამ ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა.დ-ის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას და ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმება, იმ მიზეზით, რომ ... ბანკიდან უცნობი პირის მიერ 25000 აშშ დოლარის თაღლითურად გატანით, ქონებრივი ზიანი მიიღო ... ბანკმა და არა მან, რის გამოც გაუქმდა ა.დ-ის დაზარალებულად ცნობის დადგენილება და დაზარალებულად ცნობილ იქნა მხოლოდ სს „... ბანკი“. პალატას არ უმსჯელია თ. გ-ისაგან აღებული სესხის – 7500 აშშ დოლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე ზოგადი მითითებით, არ დააკმაყოფილა ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა, იმ მოტივით, რომ მოპასუხე მხარისათვის წინასწარ არ იყო სავარაუდო დამდგარი ზიანი, რასაც არ Eეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: 25000 აშშ დოლარი ა.დ-ეს რომ არ მიუღია სს „... ბანკისათვის“ წინასწარ უნდა ყოფილიყო სავარაუდო, რა მასშტაბების ზიანს მიაყენებდა ა.დ-ეს, რომელიც არ იყო მსხვილი ბიზნესმენი და მოვალეს იგი უნდა მიეჩნია მაქსიმუმ „ბრუნვის საშუალო მონაწილედ“. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება ზემოაღნიშნული მოტივით სარჩელის მოთხოვნათა ნაწილზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ისა და სს «... ბანკის» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. კასატორები სადავოდ ხდიან სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე და 992-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. დ-ისა და სს «... ბანკის» საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს «... ბანკს» დაუბრუნდეს 2011 წლის 5 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2075.25 ლარის 70% _ 1452.68 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. დ-ისა და სს «... ბანკის» საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სს «... ბანკს» დაუბრუნდეს 2011 წლის 5 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2075.25 ლარის 70% _ 1452.68 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.