Facebook Twitter

ას-1208-1228-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. ჯ-ე, ნ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ტ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ელენე ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ო-ის» 2007 წლის 25 დეკემბრის ოქმი 13.4 ვ.მ. სარდაფის ი. ჯ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ი. ჯ-ესა და ნ. წ-ეს შორის 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ნ. წ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ-ის ქ. ¹52-ში მდებარე 13.40 კვ.მ. სარდაფი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრეს ი. ჯ-ემ და ნ. წ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ი. ჯ-ეს და ნ. წ-ეს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2011 წლის 03 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა, მიუთითეს, რომ ამცირებენ საკასაციო მოთხოვნას და ითხოვენ ამხანაგობა «ო-ის» 2007 წლის 25 დეკემბრის კრების ოქმისა და 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. წარმოდგენილი განცხადებით კასატორებმა ითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე.

2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2011 წლის 12 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა, მიუთითეს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდას ვერ შეძლებენ მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, და ითხოვენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ისა და ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, ამასთან წარმოადგინეს განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორებს ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის თაობაზე და არც ახალი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც კასატორების გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჯ-ის და ნ. წ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ჯ-ის და ნ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.