ას-1237-1257-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «ა-ა»
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა, დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება და მოვალე სადაზღვევო კომპანია შპს «ა-ა»-ს მიმართ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 50.200 ლარის დაკისრება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2007 წლის 05 ნოემბერს ქ. თბილისის მერიასა და შპს «ბ-ს» შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება თანხაზე _ 2 507 723,05 ლარი. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიად შპს «ბ-მა» თავდაპირველად წარადგინა სადაზღვევო კომპანია შპს «ი-ო»-ს საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 05 ნოემბრიდან 2008 წლის 05 აპრილამდე, გარანტიის თანხა განისაზღვრა 50 155 ლარით. მოგვიანებით, სადაზღვევო კომპანია შპს «ა-ა»-ს მიერ გაცემული იქნა ¹BG-F-0942/08 საბანკო გარანტია 50 200 ლარზე და მისი მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 31 მარტიდან 2008 წლის 12 დეკემბრამდე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობებით განისაზღვრა ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მისი შეწყვეტის წესი და საფუძვლები. შპს «ბ-ის» მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა, რის გამოც მას დაეკისრა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით იქნა გაფრთხილებული შპს «ბ-ი» და განემარტა, რომ ხელშეკრულებით დადგენილი ვადების (2008 წლის 01 ნოემბერი) დარღვევის გამო, მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, კერძოდ, 01 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით _ 7549,08 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელმა ქ. თბილისის მერიამ წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანია «ა-ა»-ს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 50 200 ლარის ქ. თბილისის მერიისათვის გადახდის მოთხოვნით, რაც მათ მიერ არ შესრულდა
2009 წლის 17 ივლისის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის განცხადება გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ. 2009 წლის 01 დეკემბრს შესაგებელი იქნა წარდგენილი მოვალე სადაზღვევო კომპანია შპს «ა-ა»-ს მიერ, რის გამოც 2009 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა სასამართლოს სხდომა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სადაზღვევო კომპანია «ა-ა»-ს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა საგარანტიო თანხის 50 200 ლარის გადახდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 23 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომისათვის მხარეებს გაეგზავნათ უწყება სხდომის დღის დროისა და ადგილის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე სადაზღვევო კომპანია «ა-ა»-ს რამდენიმეჯერ გაეგზავნა უწყება მისამართზე, ქ. თბილისი, ა-ის ქუჩა ¹16-ში, თუმცა უწყება სასამართლოში დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით იმ მიზეზით, რომ ასეთი სადაზღვევო კომპანია ამ მისამართზე არ ფუნქციონირებს. სასამართლომ ყურადღება მიაქცია 2009 წლის 1 დეკემბერს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნულ მისამართს, სადაც მითითებული იყო მოპასუხის იგივე მისამართი _ ქ. თბილისი, ა-ის ქუჩა ¹16-ში. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა – გ. ვ-ემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოები დამტკიცებულად ჩათვალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მასზე, რომ 2007 წლის 05 ნოემბერს ქ. თბილისის მერიასა და შპს «ბ-ს» შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹... ხელშეკრულება თანხაზე 2 507 723,05 ლარი. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შპს «ბ-მა» წარადგინა სადაზღვევო კომპანია «ა-ა»-ს მიერ გაცემული ¹BG-F-0942/08 საბანკო გარანტია, საბანკო გარანტიის თანხად განისაზღვრა 50 200 ლარი. საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 31 მარტიდან 2008 წლის 12 დეკემბრამდე. შპს «ბ-ის» მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს «ა-ას» წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით სადაზღვევო კომპანია ,,ა-ას” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ას» წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს «ა-ას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 05 იანვრის სხდომის დღის შესახებ მოპასუხე შპს ა-ა»-ს უწყება გაუგზავნა მის მიერ წარდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ა-ის ქ. ¹16. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციიის თანახმად, «მოცემულ მისამართზე შპს არ ფუნქციონირებს, დაიხურა, გადავიდნენ სხვა მისამართზე» (ტ.1. ს.ფ. 56-58). ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა 2009 წლის 01 დეკემბერს მოპასუხე საზოგადოების დირექტორის ნოდარ ბრეგვაძის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, სადაც შპს «ა-ა»-ს ძირითად და ერთადერთ მისამართად მითითებული იყო ქ. თბილისი, ა-ის ქუჩა ¹16 (ტ.1. ს.ფ. 37-41).
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულის გამო 2010 წლის 05 იანვრის სხდომის შესახებ გაგზავნილი უწყება იმ მისამართზე, რომელიც მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა თავის ძირითად და ერთადერთ მისამართად, უნდა ჩათვლილიყო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებულად მოპასუხისათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით გათვალისიწნებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ყველა წინაპირობა. ამდენად, აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ იგი სასამართლო სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, პალატამ არ გაიზიარა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი - შპს «ა-ა»-ს წარმომადგენელი ზ. ჟ-ე სადავოდ ხდიდა მოპასუხისათვის უწყების ჩაბარების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და მიაჩნდა, რომ ვინაიდან პირველი გაგზავნისას უწყების მოპასუხეზე ჩაბარება ვერ მოხერხდა, სასამართლოს უწყება უნდა გაეგზავნა დამატებით ერთხელ მაინც სხვა მისამართზე, კერძოდ, იმ მისამართზე რომელზედაც ჩააბარა ამავე საქმეზე გადახდის ბრძანება. ამასთან, აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო შპს «ა-ა»-ს წარმომადგენლის მისამართი და მისი საკონტაქტო მონაცემები (ტელ, ფაქსი) და ასევე ცნობილი იყო კომპანიის იურიდიული მისამართი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სწორი მისამართის მითითება თვით პროცესის მონაწილე მხარის მოვალეობას წარმოადგენდა, რომელსაც ასევე ეკისრებოდა ამ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში მართალია, გადახდის ბრძანება მოპასუხე შპს «ა-ა»-ს ჩაბარდა არა იმ მისამართზე, რაც მითითებული იყო ქ. თბილისის მერიის განცხადებაში (ქ. თბილისი, ა-ის ქ.¹16), მაგრამ ამის შემდეგ, გადახდის ბრძანებასთან დაკავშირებით წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე შპს «ა-ა»-ს დირექტორმა კომპანიის ძირითად და ერთადერთ მისამართად სწორედ ქ. თბილისი, ა-ის ქუჩა ¹16 მიუთითა. ასეთ პირობებში, პალატის აზრით, სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხე მხარისათვის სასამართლო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა სწორედ ამ და არა სხვა მისამართზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, შესაგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დოკუმენტს, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად, მხარეს ევალება მისი ძირითადი და ალტერნატიული მისამართების, ისევე როგორც კომუნიკაციის სხვა საშუალებების მითითება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს შესაგებელში თავისი ალეტერნატული მისამართის ან კომუნიკაციის სხვა საშუალების (ფაქსი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) არსებობის თაობაზე არ მიუთითებია. მასვე სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა საპროცესო კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად სარჩელის დაკამაყოფილების შესახებ. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამასთან, პალატის განმარტებით, აპელანტმა ვერც სააპელაციო ინსტანციაში დაამტკიცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განხილვის განახლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ას» წარმომადგენელმა ზ. ჟ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 731 მუხლის პირველი ნაწილი, არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლები და, შესაბამისად, არასწორად დაადგინა მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არასწორი პოზიცია, რომ პირველად გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის მიუხედავად, სასამარტლოს უწყება უნდა გაეგზავნა იმავე მისამართზე, ვიანიდან მოპასუხის მიერ ეს მისამარტი იყო მითითებული შესაგებელში და შემდეგომ მას მისამართის შეცვლის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოსათვიოს ცნობილი იყო მოპასუხის იურიდიული და სხვა ფაქტობრივი მისამართი, ასევე მისი წარმომადგენლის მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა-ას» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ას» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ა-ას» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2510 ლარი) 70% _ 1757 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა-ას» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2510 ლარი) 70% _ 1757 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.