Facebook Twitter

ას-1241-1261-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე –Mმაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. და დ. გ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. მ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები ი., თ. და დ. გ-ების მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობა.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. და დ. გ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კასატორებს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობოთ. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში.

იმავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

განსახილველ შემთხვევაში კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება ფოსტის მეშვეობით ორჯერ გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე (ქ. რუსთავი, კ-ას ქ. 15-1). გზავნილი ორივეჯერ დაუბრუნდა სასამართლოს მითითებით, მოუძიებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მოცემულ შემთხვევაში, ი. და დ. გ-ებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ, რაც მათ არ განუხორციელებია, შესაბამისად, ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 3 დღიანი ვადა აითვალოს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე მეორედ ჩაუბარებლობის მომენტიდან, ანუ 2011 წლის 6 დეკემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 2011 წლის 9 დეკემბერს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც ი. და დ. გ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და დ. გ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.