ას-1322-1342-2011 7 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ს-ი
წარმომადგენელი _ რ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება და 2011 წლის 20 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ხ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ხ. მ-ს 3000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ხ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, მოწინააღმდეგე მხარე მ. ს-ს გაეგზავნა ზემოაღნიშნული განჩინებისა და ხ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ასლები. იმავე განჩინებით მ. ს-ს 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 20 მაისს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, მ. ს-ს უარი ეთქვა ხ. მ-ისათვის 3000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 165 ლარის დაკისრებაზე, მ. ს-ს დაეკისრა ხ. მ-ის სასარგელოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
მ. ს-მა აღნიშნული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი წარადგინა და მისი გაუქმება მოითხოვა. მხარის განმარტებით, მ. ს-ის ადვოკატის ქალაქგარეთ მივლინებაში ყოფნის გამო, შესაგებლის სააპელაციო სასამართლოში შეტანა ვერ მოხერხდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით მ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ს-ის წარმომადგენელმა რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სასამართლოს უნდა დაენიშნა მთავარი სხდომა, რომელზეც მოპასუხისაგან ახსნა-განმარტებასა და მტკიცებულებებს არ მიიღებდა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არც ერთ მტკიცებულებაზე, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.
იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის წინააღმდეგაა გამოტანილი, ამასთან დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულად გამართლებულობაზე მსჯელობა უსაფუძვლოა.
ვინაიდან აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, იგივე მოსარჩელემ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, ის გარემოებები, რომ 3000 აშშ დოლარი ხ. მ-მა მ. ს-ს ბეს სახით გამოართვა და ეს თანხა შევიდა ნასყიდობის ფასში. მ. ს-თან ზეპირად დადებული შეთანხმებით, მას ბინის შემძენისათვის 34 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, რაშიც შედიოდა ის 3000 დოლარი, რაც თითქოსდა ხ. მ-ს ასესხა. მ. ს-მა, რეალურად, 31 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კი, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებზე მხარე საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე, 2321-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება და 2011 წლის 20 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.