Facebook Twitter

საქმე N 330802225011368988

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№73I-25 2 მაისი, 2025 წელი

გ–ი ბ., №73I-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ–ის (B. G.) ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ. გ–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2015 წლის 8 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2015/213-2015/387 განაჩენით, ბ. გ–ი (B. G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 31/2 და 62/1 მუხლთან ერთობლიობაში 188/3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკებით ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობა) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 1 თვის ვადით, საიდანაც 2 წლის, 8 თვის და 20 დღის მოხდის შემდგომ შესაძლოა გათავისუფლდეს პირობით.

1.2. 2024 წლის 13 მაისს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო მე-10 სისხლის სამართლის პალატის №2021/3196-2024/18669 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე.

1.3. 2024 წლის 14 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის გენერალური პროკურატურის მიერ გამოიცა ბ. გ–ის (B. G.) დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით.

1.4. 2024 წლის 28 ნოემბრიდან ბ. გ–ი (B. G.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ბ. გ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2024 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. გ–ი (B. G.).

2.2. 2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბ. გ–ს (B. G.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2024 წლის 30 დეკემბერს ბ. გ–მა (B. G.) თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის წინაშე უარი განაცხადა მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.

2.4. 2025 წლის 27 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა ბ. გ–ის (B. G.) ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული მასალები.

2.5. 2025 წლის 28 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ბ. გ–ის (B. G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა 2025 წლის 26 მარტს.

2.6. 2025 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ბ. გ–ის (B. G.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 25 ივნისამდე.

2.7. ამჟამად, ბ. გ–ი (B. G.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. გ–ის (B. G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის №2015/213-2015/387 განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ ბ. გ–ი ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში შესაძლოა დაექვემდებაროს დისკრიმინაციულ მოპყრობას, მისი ეთნიკური კუთვნილების გამო. გასათვალისწინებელია ასევე, რომ საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რომლისთვისაც პასუხიგებაში მისცეს ბ. გ–ი ეკუთვნოდა მის ოჯახს და მასში ცხოვრობდნენ სხვა პირებიც. შესაბამისად, უტყუარად არ დადგენილა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა ბ. გ–ს. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოგზავნილ დოკუმეტებში არ მოიპოვება თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო მე-10 სისხლის სამართლის პალატის №2021/3196-2024/18669 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ–ის მიმართ განაჩენი დარჩა ძალაში და მიიღო საბოლოო სახე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ბ. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ბ. გ–ი 2024 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბ. გ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ბ. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

8. 2015 წლის 8 დეკემბერის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 30 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ბ. გ–ის (B. G.) პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სასწორი და შემდგომი გასაღებისათვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალება - 107 აბი ექსტაზი.

9. აღწერილი ქმედების საქართველოში ჩადენის შემთხვევაში, მათი კვალიფიკაცია მოხდებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე ვადით.

10. აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188/3 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ხნის ვადით.

11. ამდენად, მოცემულ საქმეში ბ. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

12. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

13. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

14. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ბ. გ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე ვადით, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

15. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას. საექსტრადიციო მასალებით დასტურდება, რომ ბ. გ–იმ თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

16. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

17. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, ბ. გ–ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ.

19. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ბ. გ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, ვინაიდან მის სახლში სხვა პირებიც ცხოვრობდნენ და უტყუარად არ იქნა დადგენილი, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა - საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, თურქეთის მხარის მიერ არასაკმარისი საპროცესო დოკუმენტების გადმოგზავნის თაობაზე და მიუთითებს, რომ საექსტრადაციო მასალებში წარმოდგენილია ყველა ის საპროცესო დოკუმენტი, რაც საკმარისია ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხის გადასაწყვეტად.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

22. ამასთან, ბ. გ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ბ. გ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

25. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ბ. გ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

26. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ბ. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

27. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. გ–ის (B. G.) ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. ჩ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე