საქმე N 080100120004199706
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №171აპ-25 29 მაისი, 2025 წელი
დ–ე ჰ., 171აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ ჰ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჰ. დ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, დიდი ოდენობით, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2018 წლის 31 მაისს შპს ,,მ–სა“ და 2017 წლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევ ჰ. დ–ეს შორის თ–ში, ბ–ს ქ. №..–ში მდებარე შპს ,,მ–ს“ ერთ-ერთ ფილიალში გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ავტომობილის ფლობის, სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის საგანს წარმოადგენდა N.. მოდელის ავტომობილი, სანომრე ნიშნით ........... ლიზინგის თანხად განისაზღვრა 9637 ლარი, თვეში 4,55%-ის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 მაისამდე. ავტომობილის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 11500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი. ჰ. დ–ის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში ავტომობილი დაზიანდა და მან ავტომობილი ჩააბარა ჯართში. ჰ. დ–ემ არ შეასრულა ვალდებულება არც ავტომობილი დააბრუნა და არც თანხა გადაუხდია. ამდენად, ჰ. დ–ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, არაერთგზის დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „მ–ს“ მიადგა 11500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენით, ჰ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წელი და 3 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 1 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი ჯარიმა 3000 ლარი.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით ჭარბაძემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ჰ. დ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ჰ. დ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 28 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჰ. დ-მ და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მასზედ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, თუმცა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში დაცვის მხარეს სურს საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ამასთან, კასატორი ითხოვს სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა ჰ. დ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენის ფაქტი.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები და ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჰ. დ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმის თანახმად, ბრალდების მხარემ - პროკურორმა ვლადიმერ გეგუჩაძემ განმარტა, რომ დაცვის მხარესთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, ასევე მხარეების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი გახდებოდა.
5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჰ. დ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე