ას-1372-1389-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «თ. მ-ი»
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «თ. მ-მა» და ა. ჯ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის ა. ჯ-ის სასარგებლოდ სესხის _ 27000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და ასვეე, საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების 557,13 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოსარჩელე შპს «თ. მ-ის» სასარგებლოდ, საიჯარო ქირის სახით მიღებული თანხების _ 15 595 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით არსებული დავალიანების 557,13 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «თ. მ-ისა» და ა. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. გ-ს ა. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 557.13 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,თ. მ-მა” და ა. ჯ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თავის მხრივ ლ. გ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,თ. მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად; ლ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ა. ჯ-ის მიმართ დარჩა განუხილველად, ხოლო შპს ,,თ.ნ..ჯ. მ-ის” მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,თ. მ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ. გ-ს შპს ,,თ. მ-ის” მიმართ გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ქირის თანხა 15 595 ლარი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ლ. გ-ს შპს ,,თ. მ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 623,80 ლარის ოდენობით.
საიჯარო ქირის 15 595 ლარის ლ. გ-ზე დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ა. ჯ-ი არის შპს ,,თ. მ-ის” დირექტორი.
2003 წლის 01 მაისიდან 2010 წლის 15 მარტამდე მოპასუხე ლ. გ-ი აღნიშნულ საზოგადოებაში მუშაობდა მენეჯერად ავტომომსახურების დარგში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა. ჯ-ი და ლ. გ-ი მუშაობდნენ რა ერთად, ერთ საწარმოში, 2003 წლიდან 2010 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ ერთმანეთთან გარკვეულ მჭიდრო ახლო ურთიერთობაში, რომელიც სცილდებოდა მეგობრული ურთიერთობის ფარგლებს, რასაც თავად მხარეებიც ადასტურებენ და არ უარყოფენ. ლ. გ-ი იყო მეუღლესთან გაცილებული, მარტოხელა დედა და ზრდიდა მცირეწლოვან შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ა. ჯ-ს ჰყავდა რეგისტრირებული მეუღლე, მუშაობის დაწყებისთანავე მან ლ. ჯ-თან დაამყარა ახლო ურთიერთობა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთთან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ცოლ- ქმრულ ურთიერთობაში. (ტ.1. ს.ფ. 54-64, 34-42, 123-132, ტ.2. სასამართლო სხდომის ოქმი).
ლ. გ-ი სარგებლობდა რა ა. ჯ-ის გარკვეული ნდობით, იგი პირადად ახდენდა საზოგადოების მიერ იჯარით გაცემული ფართებიდან საიჯარო ქირის გადასახადების აკრეფას, რასაც როგორც შემდგომში გაირკვა, მთლიანად არ აბარებდა საწარმოს ბუღალტერიაში და იყენებდა პირადი საჭიროებისათვის.
მოწმე მ. აბაშიძისა და მოიჯარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს საერთო ჯამში 2007 წლიდან მოყოლებული საწარმოს მიმართ დებიტორული დავალიანების სახით დაუგროვდა 15 595 ლარი, საწარმო კი, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახდენდა სხვა შემოსავლებიდან ისე, რომ სახელმწიფო დავალიანება არ დაგროვებულა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ლ. გ-მა დაადასტურა, რომ ის მართლაც ახდენდა მოიჯარეებისგან თანხის აკრეფას, მაგრამ განმარტა, რომ თანხა მიჰქონდა დირექტორთან ანუ ა. ჯ-თან და არავითარი დავალიანება საწარმოს მიმართ არ გააჩნდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი იყო ლ. გ-ზე 15 595 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან არც ლ. გ-ს უარყვია, რომ იგი ახორციელებდა იჯარის ქირის აკრეფას. იმ თანხებზე რაც ჩაბარებული არ აქვს ბუღალტერიაში შეადგენს 15 595 ლარს. ლ. გ-ის განმარტებას, რომ იგი ამ თანხას რომ დირექტორისვე მითითებით აბარებდა ა. ჯ-ს, პალატამ არ გაიზიარა, რადგან ამის დამასტურებელი მტკიცებულება არც წარმოუდგენია და იგი არც საწარმოს ბუღალტერიაში აქვს ჩაბარებული. საქმეში ამის თაობაზე არანაირი დოკუმენტი არ მოიძებნება და მტკიცებულებით არ არის გამყარებული, რომ მან 15 595 ლარი შეიტანა საწარმოს ბუღალტერიაში. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის შპს ,,თ. მ-ის” მოთხოვნა ლ. გ-ზე საიჯარო ქირის თანხის 15 595 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. აღნიშნული დასკვნა სააპელაციო პალატამ სამართლებრივად დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე და სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 361.2-ე და მე-8 მუხლის მესამე ნაწილზე.
რაც შეეხება აპელანტ ა. ჯ-ის მოთხოვნას ლ. გ-ზე 27 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, როგორც სესხის სახით მიცემულ თანხაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ამ მოთხოვნის თაობაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად და ეს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. Aამდენად, ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მიმართ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებითად ვერ იმსჯელებდა.
რაც შეეხება ლ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დაეკისროს ა. ჯ-ს და შპს ,,თ. მ-ს” მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის I ინსტანციის სასამართლოში გაღებული ხარჯი 1000 ლარის ოდენობით. Pპალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან ა. ჯ-ის მოთხოვნა დარჩა განუხილველად და ეს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული ლ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაც,- დაეკისროს ა. ჯ-ს საადვოკატო მომსახურებისათვის მის მიერპირველი ინსტანციის სასამართლოში გაღებული ხარჯი, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
რაც შეეხება ლ. გ-ის იგივე მოთხოვნას შპს ,,თ. მ-ის” მიმართ (დაეკისროს შპს ,,თ. მ-ს” საადვოკატო მომსახურებისათვის მის მიერ I ინსტანციის სასამართლოში გაღებული ხარჯი), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან შპს ,,თ. მ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ასეთ შემთხვევაში მოგებულ მხარეზე არ ხდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების დაკისრება, პირიქით იგი წაგებულ მხარეს ეკისრება, რაც ცხადყოფს, რომ შპს ,,თ. მ-ის” მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «თ. მ-ის” სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, ხოლო ლ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ა. ჯ-ის მიმართ უნდა უნდა დარჩენილიყო განუხილველად, ხოლო შპს ,,თ. მ-ის” მიმართ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ასევე ფატქობრივად არ დაასაბუთა და არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (779.75 ლარი) 70% _ 545.82 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (779.75 ლარი) 70% _ 545.82 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.