Facebook Twitter

ას-1375-1392-2011 19 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების 4739 აშშ დოლარის შესრულების დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2004 წლის აპრილიდან 2006 წლამდე თ. გ-ას, რომელთანაც ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა, ეტაპობრივად ასესხა 200 ამერიკული დოლარი, 400 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი – სულ 1000 აშშ დოლარი. ამის გარდა, 2006 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიცემულმა თანხამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი. 2007 წელს მოსარჩელემ 330 აშშ დოლარი მოპასუხეს კვლავ ასესხა, რომლიც თ. გ-ას უნდა დაებრუნებინა 2007 წლის 27 დეკემბერს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, ე.ი თ. გ-ას 2007 წლამდე 3030 (სამი ათას ოცდაათი) დოლარის ვალდებულება ჰქონდა შეუსრულებელი. 2010 წლის აპრილში, მოსარჩელემ ასესხა მოპასუხეს 1285 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთით თვეში 133 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხის გადახდა მას 2010 წლის სექტემბრიდან უნდა დაეწყო, ე.ი 1285+133X4 თვეზე, რაც შეადგენს 1709 დოლარს. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის. ამჟამად თ. გ-ას ვალდებულება მ. ბ-ას მიმართ შეადგენს 4739 აშშ დოლარს.

მოპასუხე თ. გ-ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2002 წელს მ. ბ-ასაგან ისესხა 200 აშშ დოლარი, რომელიც იყო პროცენტიანი და თვეში უხდიდა 20 აშშ დოლარს. პროცენტს იხდიდა 2 წელი და 7 თვე. ბოლოს დაუგროვდა 4 თვის პროცენტი გადასახდელი. მ. ბ-ამ დამატებით ასესხა 300 აშშ დოლარი. სესხმა შეადგინა 500 აშშ დოლარი, რომლის პროცენტსაც იხდიდა 2007 წლამდე, ხოლო, რაც შეეხება 330 აშშ დოლარს, ეს არის პროცენტი და არა ძირითადი თანხა, რომელიც 2007 წელს ვერ გადაიხადა. ამდენად, მ. ბ-ას მიმართ მოპასუხის ვალდებულება შეადგენს ძირითად თანხას 500 აშშ დოლარსა და პროცენტს 330 აშშ დოლარს. გარდა ამისა, 2009 წელს მ. ბ-ას სხვადასხვა დროს ესესხა 200 აშშ დოლარი, გადაიხადა 2 თვის პროცენტი 80 დოლარი, შემდეგ ისესხა 300 აშშ დოლარი, ამის შემდეგ 500 აშშ დოლარი. 2010 წლის აგვისტოში მიხვდა რა მ. ბ-ა, რომ მას ვერ უბრუნებდა მოპასუხე თანხას, მისმა შვილმა ი. ხ-ამ მოპასუხის შესაშინებლად გამოიყენა თანაკლასელი, ყოფილი პოლიციელი, სენაკში მცხოვრები გ. გ-ა, რამდენჯერმე დაემუქრნენ, რომ, თუ ფულს არ გადაიხდიდა, «სახლს დაუცხრილავდნენ». 2010 წლის 20 აგვისტოს, დილის 8 საათზე, ნ. თ-ე და გ. გ-ა მივიდნენ მოპასუხესთან და მოტყუებით წაიყვანეს ზუგდიდში და ძალადობის გამოყენებით დააწერინეს ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ-ას მ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ას მ. ბ-ას სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 1418 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის) და 63 აშშ დოლარის (ზიანის ანაზღაურების) გადახდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 20 აგვისტოს თ. გ-ას მიერ შესრულებულია ორი ხელწერილი. პირველი ხელწერილის თანახმად, თ. გ-ა აღიარებს ვალის არსებობას მ. ბ-ას მიმართ სულ 2500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, მეორე ხელწერილის თანახმად, აღიარებს ვალის არსებობას 1418 აშშ დოლარის ოდენობით. თ. გ-ასთვის 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა შორის დავა შეეხება 2010 წლის 20 აგვისტოს შედგენილ მხოლოდ მეორე ხელწერილში არსებული 1418 აშშ დოლარის ვალის არსებობას. პალატამ განმარტა, რომ თ. გ-ა 1418 აშშ დოლარის ვალის აღიარებაზე ხელწერილის თავად შედგენის ფაქტს არ უარყოფს, არამედ იგი სადავოს ხდის, რომ ეს ხელწერილი დაიწერა ყველა სხვა ხელწერილის განადგურების მოტივით, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი მას არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილ ხელწერილში არსად არის მინიშნება იმაზე, რომ იგი დაიდო, რთა სხვა ხელწერილები განადგურებულიყო.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პალატამ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლების თანახმად, მხარეთა შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, და 131-ე მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზეც და სააპელაციო სასამართლოშიც თ. გ-ა არ უარყოფდა ამ ხელწერილის არსებობას და მასზე მის ხელმოწერას. საქმეში წარმოდგენილია ვალის, 1418 აშშ დოლარის, არსებობის აღიარების ხელწერილის დედანი, რომელსაც ხელს აწერს თ. გ-ა. აღნიშნულ ხელწერილში არსად არ არის მინიშნება იმაზე, რომ იგი დაიდო, რათა მომხდარიყო სხვა ხელწერილის განადგურება. ამაზე მხოლოდ თ. გ-ას ზეპირი განმარტება არსებობს, რაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ ხელწერილის საწინააღმდეგოდ და გასაქარწყლებლად, ე.ი არსებობს წერილობითი მტკიცებულება 1418 აშშ დოლარის ვალის არსებობის აღიარებაზე. ამ პოზიციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლზე, რადგან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ 1418 აშშ დოლარს აღიარების ხელწერილი 2010 წლის 20 აგვისტოს იმიტომ შედგა, რათა სხვა ხელწერილები განადგურებულიყო. პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან დგინდება, რომ თ. გ-ას 1418 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი, რომელიც იყო პროცენტიანი, თ. გ-ასვე უნდა დაეკისროს, ამ თანხის გადაუხდელობის გამო, მასზე გათვალისწინებული პროცენტი თვენახევრის განმავლობაში სარჩელის შეტანამდე, რაც შეადგენს 63 აშშ დოლარს. კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მ. ბ-ას მოთხოვნა იმის შესახებ, რომ თ. გ-ას მისი ვალი 2010 წლის 20 აგვისტოს აღიარების ხელწერილით კიდევ ემართა 1418 აშშ დოლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ამ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. 2010 წლის 20 აგვისტოს შედგენილ იქნა 2 ხელწერილი, როგორც კასატორმა მიუთითა, 2010 წლის 20 აგვისტოს მ. ბ-ას ახლობლებმა მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ზუგდიდში მ. ბ-ას ქალიშვილის, ი. ხ-ას სახლში, სადაც დახვდა უცნობი საეჭვო, რეპუტაციის ხალხი, მუქარით დააწერინეს პირველად ის ხელწერილი, სადაც აღიარებდა, რომ მ. ბ-ამ ასესხა 1285 აშშ დოლარი და პროცენტი უნდა გადაეხადა თვეში 133 აშშ დოლარი, სულ, 1485 აშშ დოლარი. შემდეგ მ. ბ-ას კასატორის მიერ დაწერილი ხელწერილი არ მოეწონა და უთხრა, დაეწერა ხელწერილი, სადაც მ. ბ-ას მთელი ვალი ერთად ჩაიწერებოდა და ყველა სხვა ხელწერილი განადგურდებოდა, მათ შორის, ის ხელწერილი, რომელიც იმ დღეს დააწერინეს. ამის შემდეგ იმ დღესვე დააწერინეს ხელწერილი 2500 აშშ დოლარზე. კასატორის დასანახად, მ. ბ-ას ქალიშვილმა ი. ხ-ამ მართლაც დახია რაღაც ფურცლები, კასატორი იყო შეშინებული და აფორიაქებული, ეგონა რომ სხვა ხელწერილები მართლა დახია, რადგან ყველა ვალი მოექცა ერთ ხელწერილში და ზუსტად ამიტომ დაიწერა 1000 + 1500 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ კი მიუთითა, რომ 1418 აშშ დოლარის აღიარების ხელწერილი იმიტომ შედგა, რათა სხვა ხელწერილები განადგურებულიყო. სასამართლომ არასწორად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან 1418 აშშ დოლარის აღიარების ხელწერილი იმიტომ კი არ შედგა, რომ სხვა ხელწერილები განადგურებულიყო, არამედ 2500 აშშ დოლარის აღიარების ხელწერილი დაიდო სხვა ხელწერილების განადგურების პირობით, მათ შორის, 1418 აშშ დოლარის აღიარების ხელწერილიც უნდა განადგურებულიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა არასწორ ფაქტობრივ გარემოებაზე და შედეგად მიიღო არასწორი სამართლებრივი შედეგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე და 361-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. გ-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 326 ლარის 70 % _ 228,2 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

თ. გ-ას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 326 ლარის 70 % _ 228,2 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.