ას-1382-1399-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. რ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. რ. ა-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 13 000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე თ. კ-თან. 2010 წლის 15 აპრილის ხელწერილით თ. კ-მა წერილობით აღიარა, რომ მას დარჩენილი ჰქონდა ა. რ. ა-ის ვალი 13 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელწერილის შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნული ვალის სანაცვლოდ უკრაინიდან არაუგვიანეს 2010 წლის 30 აპრილამდე უნდა გამოეგზავნა წიფლის დახერხილი პირველი-მეორე ხარისხის ფიცარი. მიუხედავად ამისა მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული აღნიშნული ვალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, პირიქით მოსარჩელე ა. რ. ა-ის აქვს მისი ვალი, რომელიც დღემდე არ გადაუხდია, შესაბამისად, შეგებებული სარჩელით თ. კ-მა მოითხოვა მოპასუხე (იგივე მოსარჩელე) ა. რ. ა-ისათვის მის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა. რ. ა-ის წერილობით აღიარებული აქვს მისი ვალი 25000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მას ეკუთვნოდა სხვადასხვა მომსახურეობის გაწევის შესაბამისად ხე-ტყის მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელწერილით რ. ა-ის აღიარებული აქვს, რომ მისგან მიიღო 7800 აშშ დოლარი, ხოლო 3616 აშშ დოლარის მიღებაზე ნებაყოფლობით განაცხადა უარი, რადგან აღნიშნული თანხის ადეკვატური კაფელი უხარისხო იყო.
ა. რ. ა-იმ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე იგივე მოპასუხე ა. რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე იგივე მოსარჩელე თ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა. რ. ა-ის თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ა.შ.შ. დოლარის გადახდა; მოსარჩელე იგივე მოპასუხე ა. რ. ა-ის თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახ. ბაჟის თანხა 1336.15 ლარის ოდენობით; გაუქმდა 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში (საკადასტრო კოდი ¹29.09.44.031, ზონა წყალტუბო, სექტორი - გუმბრა, კვარტალი - 44, ნაკვეთი - 031, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1496,00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი 29.09.44.028);
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. რ. ა-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფატქობრივი გარემოებები:
მოსარჩელე (იგივე მოპასუხე) ა. რ. ა-ი საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე (იგივე მოსარჩელე) თ. კ-თან.
2009 წლის 17 აგვისტოს კონტრაქტების თანახმად პირველ შემთხვევაში, ინდ.მეწარმე თ. კ-ს ფირმა ,,EძAთ GOLIPOUღ IMPOღთ», ა. რ. ა-ისათვის უნდა მიეწოდებინა წიფლის დახერხილი ფიცარი, რაოდენობით 5000 კბ.მ., ფასით 180 ევრო ერთ კუბურ მეტრში; წიფლის შავად ნამზადი დეტალი - რაოდენობით 500 კბ.მ, ფასით 150 ევრო ერთ კუბურ მეტრში; წაბლის დახერხილი ფიცარი, რაოდენობით 1000 კბ.მ., ფასით 200 ევრო ერთ კუბურ მეტრში; ხოლო მეორე კონტრაქტის თანახმად ინდ.მეწარმე თ. კ-ს ფირმა ,,კანანი ტრადინგ ჩო Eხსპორტ&Iმპორტ», ა. რ. ა-ისათვის ხე-მასალა უნდა მიეწოდებინა ზუსტად იგივე რაოდენობითა და ფასებში, ხოლო მყიდველი ორივე კონტრაქტით ვალდებულებას კისრულობდა საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გადაეხადათ მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება (იხ. 2009 წლის 17 აგვისტოს კონტრაქტები, ს.ფ. 75-76).
2009 წლის 27 ოქტომბერს ა. რ. ა-იმ ი/მ თ. კ-ს მიაწოდა 11416 აშშ დოლარის ღირებულების 2655 კვ.მ. კაფელი, რომელიც საქართველოში განბაჟდა 2009 წლის 2 ნოემბერს. განბაჟების თანხა 2640 აშშ დოლარი და მძღოლების ქირა 2400 აშშ დოლარი გადაიხადა ი/მ თ. კ-მა (იხ. 2009 წლის 27 ოქტომბრის ინვოისი თავისი დანართებით, ს.ფ. 120-122, თ. კ-ისა და მისი წარმომადგენლების განმარტებები). საქმეში არსებული 2010 წლის 15 აპრილის ხელწერილით თ. კ-მა აღიარა, რომ რ. ა-ის მასთან ჩამოტანილი ჰქონდა კაფელი და მისი ვალი დარჩა 13000 დოლარი, რომლის სანაცვლოდაც უკრაინიდან გაუგზავნიდა წიფლის დახერხილ I-II ხარისხის ფიცარს არა უგვიანეს 2010 წლის 30 აპრილამდე (იხ. ს.ფ. 22).
2009 წლის ოქტომბრის და 2010 წლის 4 თებერვლის საბაჟო დეკლარაციების თანახმად, ა. რ. ა-ის ფირმას ი/მ თ. კ-მა საქართველოდან გაუგზავნა პირველ შემთხვევაში 28,3 კბ.მ., ხოლო მეორე შემთხვევაში 28,27 კბ.მ., დახერხილი წიფლის ფიცარი. მოწმეების გურამ გურეშიძის და გია კოხრეიძის ჩვენებებით დასტურდება, რომ თ. კ-ისაგან ფიცრები მიჰქონდა ალის. მოწმე გია კოხრეიძის ჩვენებით დგინდებოდა, რომ ა. ყველა დატვირთვას ესწრებოდა, ამოწმებდა კარგად იყო თუ არა დაშტამპელებული და დაკრასკული, თვითონვე ამოწმებდა ხარისხს. მოწმე მიჯამალ ჰაშემი დიზაჯის ჩვენებით დგინდებოდა, რომ ა. რ. ა-ი ქანაანის ფირმის სახელით გადაზიდავდა ტვირთს, ჰქონდა მისი ბეჭედი და ბლანკები და თვითონ აწერდა ხელს.
მოპასუხე, იგივე მოსარჩელე თ. კ-ის განმარტებით, 2010 წლის 26 იანვრის, 2010 წლის 4 თებერვლის და 2010 წლის 2 მარტის საბაჟო დეკლარაციების თანახმად, შპს ,,მ-ის» ა. რ. ა-ისა და მისი ფირმებისათვის მიწოდებული აქვს პირველ შემთხვევაში 56,35 კბ.მ., მეორე შემთხვევაში 27,75 კბ.მ., ხოლო მესამე შემთხვევაში 28 კბ.მ. დახერხილი წიფლის ფიცარი, რომლის ღირებულება 30000 აშშ დოლარი ა. რ. ა-ის უშუალოდ არ გადაუხდია შპს ,,მ-ი»-სათვის. აღნიშნული თანხა ა. რ. ა-იმ შპს ,,მ-ი»-სათვის გადასაცემად ჩაურიცხა ი/მ თ. კ-ს, რომელმაც რ. ა-ისთან შეთანხმებით გადაურიცხა აღნიშნული თანხა შპს ,,მ-ის». ასევე ტრანსპორტირების თანხა 4000 აშშ დოლარი პირადად გადაუხადა მძღოლებს (იხ. საბაჟო დეკლარაციები და შპს ,,მ-ის» დირექტორის 2010 წლის 16 ოქტომბრის წერილი თ. კ-ის სახელზე, ს.ფ. 80-85, თ. კ-ისა და მისი წარმომადგენლების განმარტებები).
საქმის მასალებით პალატამ დაადგინა, რომ ი/მ თ. კ-მა უკრაინიდან შეისყიდა წიფლის მორი და დახერხილი ფიცარი თითო-თითო ვაგონი, რომელიც მისგან უნდა შეესყიდა ა. რ. ა-ის, მაგრამ დაარღვია რა პირობა, აღნიშნული ხე-მასალა დღემდე ინახება ი/მ თ. კ-ის კუთვნილ საწარმოში, ქ. ქუთაისში, მშენებლის ქუჩის ¹10-ში (ს.ფ. 117-119, თ. კ-ისა და მისი წარმომადგენლების განმარტებები).
საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ ა. რ. ა-ის მიერ თ. კ-ისათვის გამოგზავნილი კაფელიდან 1200 კვ.მ კაფელის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მისი უხარისხობის გამო, ხოლო მისი უხარისხობა დადგენილია სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასაქონლო ექსპერტიზის აქტით (იხ. თ. კ-ისა და მისი წარმომადგენლების განმარტებები და ექსპერტიზის აქტი ¹121, ს.ფ.88-89).
საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2010 წლის 10 ივლისის ხელწერილით მოსარჩელე ა. რ. ა-იმ აღიარა, რომ მის მიერ გამოგზავნილი კაფელის ღირებულების სახით თ. კ-ისაგან მიიღო 7800 აშშ დოლარი, რაც შეეხება დანარჩენ 3616 აშშ დოლარს, ვინაიდან კაფელი აღმოჩნდა უხარისხო, აღარ ითხოვს მის ანაზღაურებას. ა. რ. ა-იმ ასევე აღიარა რომ თ. კ-ს პირიქით ერგება მისგან სხვადასხვა გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ხე-მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით 25000 აშშ დოლარი, რომელზეც აიღო ვალდებულება, რომ გადაიხდიდა 2010 წლის 1 ოქტომბრისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში თანახმაა პასუხი აგოს თავისი პირადი ქონებით. მოწმე ვახიდ ბაბაევმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ა. რ. ა-ის თანდასწრებით, მისი კარნახით შეადგინა აღნიშნული ხელწერილი და რ. ა-იმ პირადად გააკეთა მინაწერი ბლანკზე და დაუსვა ბეჭედი.
პალატის განმარტებით, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, რომ თითქოს ნაზიმ ქობულაძეს ჰქონდა რ. ა-ის ფირმის ცარიელი ბლანკები და ბეჭედი, და რომ რ. ა-ის მიმართ შურისძების მოტივით შეადგინეს აღნიშნული ხელწერილი (იხ. 2010 წლის 10 ივლისის ხელწერილი, ს.ფ. 87, თ. კ-ისა და მისი წარმომადგენლების განმარტებები და მოწმე ვახიდ ბაბაევის და ნაზიმ ქობულაძის ჩვენებები).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 316.1-ე, 317.1-ე მუხლებზე მითითებით განმარტა შემდეგი:
დადგენილია, რომ აპელანტი ა. რ. ა-ი საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა თ. კ-თან.
დადგენილია, რომ 2009 წლის 17 აგვისტოს კონტრაქტების თანახმად პირველ შემთხვევაში, ინდ.მეწარმე თ. კ-მა ფირმა ,,EძAთ GOLIPOUღ IMPOღთ», ა. რ. ა-ისათვის და მეორე შემთხვევაში ფირმა ,,კანანი ტრედინგ ჩო Eხსპორტ&Iმპორტ», ა. რ. ა-ისათვის უნდა მიეწოდებინა წიფლის და წაბლის დახერხილი ფიცარი, ხოლო მყიდველი ორივე კონტრაქტით ვალდებულებას კისრულობდა საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გადაეხადა მიწოდებული საქონლის სრული ღირებულება. პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლის 17 აგვისტოს ორივე კონსტრაქტით, რომლის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს, ი/მ ,,თ. კ-მა”, როგორც გამყიდველმა მიაწოდა ხე-მასალა ფირმებსაც და ა. რ. ა-ისაც. ანუ მყიდველი ორივე ფირმასთან ერთად ა. რ. ა-იც იყო. იგი თ. კ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც თავისი, ისე ფირმების სახელითაც. ორთავე ფირმის ბეჭედი და ბლანკი გააჩნდა ხელზე და თითოეულ კონტრაქტს დასმული ჰქონდა მის ხელმოწერასთან ერთად ამ ფირმების მრგვალი ბეჭედი. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტებზე მას ხელი არ მოუწერია, რადგან ამის დასადასტურებლად მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერ იქნებოდა გაზიარებული.
რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ თ. კ-ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 30 000 აშშ დოლარს შპს ,,მ-იზე” გადასაცემად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა და იგი სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად დადგენილი, სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა. ამ მხრივ გაიზიარა თ. კ-ის წარმომადგენლის გურამ გვენცაძის პოზიცია და განმარტა, რომ აპელანტი არ უთითებდა თუკი ეს 30 000 აშშ დოლარი არ იყო თ. კ-ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხა მაშინ რა თანხა იყო იგი. აღნიშნულზე აპელანტს არც I ინსტანციის სასამართლოში განუცხადებია რაიმე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში მოიპოვება შპს ,,მ-ის” დირექტორის 2010 წლის 16 ოქტომბრის წერილი, რომლის თანახმადაც, შპს ,,მ-ი” ადასტურებდა, რომ 2010 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეში ირანელ ა. რ. ა-ის ფირმებს ,,EძAთ GOLIPOUღ IMPOღთ» და ,,კანანი ტრედინგ ჩო Eხსპორტ&Iმპორტ» მიაწოდა წიფლის დახერხილი ფიცარი, რომლის ღირებულება ა. რ. ა-ის არ გადაუხდია. .ამ უკანასკნელთან შეთანხმებით მიწოდებული პროდუქციის მთლიანი თანხა გადაიხადა თ. კ-მა 30 000 აშშ დოლარი, რომელიც აპელანტმა ჩამორიცხა თ. კ-ის პირად ანგარიშზე. აღნიშნული თანხა ა. რ. ა-იმ შპს ,,მ-ი»-სათვის გადასაცემად ჩაურიცხა ი/მ თ. კ-ს, რომელმაც რ. ა-ისთან შეთანხმებით გადაურიცხა აღნიშნული თანხა შპს ,,მ-ის». ასევე ტრანსპორტირების თანხა 4000 აშშ დოლარი პირადად გადაუხადა მძღოლებს თ. კ-მა, ხოლო დანარჩენი ირანში უნდა გადაეხადა აპელანტს, რაც ცხადყოფდა, რომ თ. კ-ი და აპელანტი საქმიან ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან. ამ წერილის გასაბათილებლად ა. რ. ა-ის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ა. რ. ა-ის ფირმას ი/მ თ. კ-მა საქართველოდან გაუგზავნა პირველ შემთხვევაში 28,3 კბ.მ., ხოლო მეორე შემთხვევაში 28,27 კბ.მ., დახერხილი წიფლის ფიცარი. ხოლო თავის მხრივ მოსარჩელე, იგივე მოპასუხე ა. რ. ა-იმ არ გადაუხადა შესაბამისი ანაზღაურება შეთანხმებულ ვადაში.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. რ. ა-ის მიერ თ. კ-ისათვის გამოგზავნილი კაფელიდან 1200 კვ.მ კაფელის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მისი უხარისხობის გამო. კაფელის უხარისხობა დადგენილია საქმეში არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასაქონლო ექსპერტიზის აქტით. 2010 წლის 10 ივლისის ხელწერილით კი დადგინდა, რომ მოსარჩელე ა. რ. ა-იმ აღიარა, რომ მის მიერ გამოგზავნილი კაფელის ღირებულების სახით თ. კ-ისაგან მიიღო 7800 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ 3616 აშშ დოლარის ანაზღაურებას აღარ ითხოვდა კაფელის უხარისხცობის გამო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების ხელწერილი მისადმი შურისძიების მიზნით თ. კ-ის სხვა ირანელმა პარტნიორმა შეადგინა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ თითქოს ნაზიმ ქობულაძეს გააჩნდა ა. რ. ა-ის ფირმის ცარიელი ბლანკი და ბეჭედი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, იგივე მოპასუხე ა. რ. ა-იმ 2010 წლის 10 ივლისის ხელწერილით აღიარა ვალის არსებობა და ხელწერილში მიუთითა, რომ თ. კ-ს პირიქით ერგებოდა მისგან სხვადასხვა გაწეული სამუშაოების სანაცვლოდ ხე-მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით 25000 აშშ დოლარი, რომელზეც აიღო ვალდებულება, რომ გადაიხდიდა 2010 წლის 1 ოქტომბრისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში თანახმა იყო პასუხი ეგო თავისი პირადი ქონებით. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ა. რ. ა-ის წარმომადგენლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 10 ივლისის ხელწერილს, რომელიც ვახიდ ბაბაევის ხელით არის დაწერილი, რ. ა-ი არ იცნობს, მართალია, ეს არის მისი ფირმის ბლანკი, მაგრამ აღნიშნული ბლანკი ცარიელი სახით გადასცა ნაზიმ ქობულაძეს სესხის გამო, რომელმაც ცუდად გამოიყენა და ბეჭდითაც ისარგებლა; რომ ა. არც ქართულ და არც სპარსულ ენებს არ ფლობს და მას აღნიშნულ ხელწერილზე ხელი არ მოუწერია, რადგან აღნიშნული არ დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ასევე ა. რ. ა-ის წარმომადგენლის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხული მოწმეები იყვნენ დაინტერესებული მოწმეები, მათ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ რ. ა-ისთან და შურისძიების მიზნით მისცეს აღნიშნული ჩვენებები. სასამართლოს მიერ ყველა მათგანი (მოწმეები) გაფრთხილებული იქნა სასამართლოს მიერ წინასწარგანზრახულად დაფიცების გზით ყალბი ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ყველა მათგანმა ფიცი დადო სასამართლოს წინაშე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ემყარებოდა, რადგან საქმეში უამრავი წერილობითი დოკუმენტია, რომელიც აპელანტის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა და ერთ-ერთი იყო სწორედ ვალის აღიარების ხელწერილი, რომელზეც არამარტო დასმულია ა. რ. ა-ის საწარმოს ბეჭედი და მისი ხელმოწერა, არამედ ეს ხელწერილი აპელანტის კარნახით შეადგინა აპელანტის მეგობარმა და თარჯიმანმა ვახიდ ბაბაევმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ. ა-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღოპ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორის აზრით, იგი არ ყოფილა თ. კ-ოს, «ეზათ ყოლიფურ იმპორტ» და «ქანანი ტრაიდინგ კო ექსპორტიმპორტს» შორის 2010 წლის 17 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებების მხარე და შესაბამისად, მას საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნდა, ამიტომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ ცრუ მოწმეთა ჩვენებების საფუძვლეზე გამოიტანა და არ დაეფუძნა კანონით დადგენილ მტკიცებულბებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ა. რ. ა-ის წარმომადგენელ ბეჟან ხიმშიაშვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. რ. ა-ის წარმომადგენელ ბეჟან ხიმშიაშვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. რ. ა-ის წარმომადგენელ ბეჟან ხიმშიაშვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3160 ლარის 70%) _ 2212 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ. ა-ის წარმომადგენელ ბეჟან ხიმშიაშვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3160 ლარის 70%) _ 2212 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.