ას-1420-1435-2011 19 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ 1. მ. ა-ი, ნ. ჭ-ე, თ. ლ-ე, მ. დ-ე, გ. თ-ე 2. ლ. ლ-ე, თ. ა-ე,
წარმომადგენელი – 1. მ. ს-ე 2. გ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ცენტრი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება
დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორთა 2010 წლის 24 ივნისის კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 20 აგვისტოს მ. ა-მა, მ. დ-ემ ლ. ლ-ემ და სხვებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს «... ცენტრის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს საზოგადოების 2010 წლის 24 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის საწესდებო კაპიტალის გაზრდის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2010 წლის 24 ივნისს შპს «... ცენტრის» დირექტორმა და 54%-იანი წილის მესაკუთრე ლ. გ-ემ პარტიონრთა კრება მოიწვია. კრებაზე დამსწრე პარტნიორთა ხმების 59,37%-ით გადაწყდა საწესდებო კაპიტალის 250 000 ლარამდე გაზრდა და დამატებითი შენატანების განხორცილების ვადად 2010 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. დირექტორის მითითებით, საწესდებო კაპიტალის გაზრდა ახალი აპარატურის შეძენის საჭიროებითაა განპირობებული, აპარატურის შეძენის აუცილებლობა კი, დასაბუთებული არ არის. გარდა ამისა, საწესდებო კაპიტალი, ფაქტიბრივად, 70 000 ლარით იზრდება, რომელიც მთლიანად მოსარჩელე მხარემ უნდა გადაიხადოს, რადგანაც ლ. გ-ის მითითებით, მას ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდულად თანხები შეჰქონდა, რომელიც შენატანად ჩაეთვლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ცენტრს პარტნიორების მიმართ დავალიანება აქვს, გარდა ამისა, მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ახალი სამედიცინო აპარატურის შეძენა. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ლ. გ-ე არ თავისუფლდება დამატებით შენატანის განხორციელების ვალდებულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით მ. ა-ის, მ. დ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «... ცენტრს» აპელანტების მიმართ დავალიანება ჰქონდა, ვინაიდან მათ, პერიოდულად, ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში თანხები შეჰქონდათ, რაც საზოგადოებას პარტნიორების წინაშე დავალიანებად ერიცხებოდა. გარდა ამისა, ცენტრის კაპიტალის 250 000 ლარით განსაზღვრა განპირობებული იყო სხვადასხვა აპარატურის შეძენისა და ცენტრში არსებული პირობების გაუმჯობესების საჭიროებით. შპს «... ცენტრს» კანონით მინიჭებული უფლება შენატანების გზით საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე ბოროტად არ გამოუყენებია, ამასთან, საზოგადოების პარტნიორებს მიეცათ წინადადება, რომ საზოგადოებაში, გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე შეტანილი თანხები შენატანად ჩათვლილიყო და მათი წილიც პროპორციულად გადაანგარიშებულიყო. აღნიშნულ შეთავაზებაზე აპელანტებმა უარი განაცხადეს. შპს «... ცენტრის» 2010 წლის 24 ივნისის კრების მოწვევის და ჩატარების პროცედურული წესები დარღვრეული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საწარმოს კაპიტალს უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სამართალბრუნვისა და ბიზნესის განვითარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ურთიერთობები კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტით უნდა ხასიათდებოდეს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციის მიზნებისათვის გარკვეული გარანტიების შექმნას მოითხოვს. სწორედ ამგვარი გარანტიის შექმნას ემსახურება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი. საზოგადოების კაპიტალის ერთ-ერთი და მთავარი ფუნქცია მესამე პირების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, შესაბამისად, საზოგადოების კაპიტალის ფუნქცია მესამე პირებისათვის ერთგვარი გარანტიის შექმნაა, ზოგადად, კრედიტორისათვის გაცილებით მისაღებია იმ საწარმოსთან ურთიერთობა, რომელსაც უფრო მეტი კაპიტალი აქვს, უფრო მეტი ქონება გააჩნია, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სავსებით გასაგებია, რომ საზოგადოების შესაძლო არარენტაბელური საქმიანობის შემთხვევაში, კედიტორს გაცილებით დიდი ალბათობა აქვს დიდი ქონებიდან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, ვიდრე მცირე სახსრებიდან. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალი კაპიტალური საზოგადოების სიმყარის გარანტიასაც წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია შპს «... ცენტრის» პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების კაპიტალის გაზრდის ერთ-ერთ მიზანს სწორედ სამოქალაქო ბრუნვაში მყარი კაპიტალური საზოგადოების სახით მონაწილეობა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შპს «... ცენტრის» განვითარებას, ვინაიდან სამოქალაქო ბრუნვაში იგი სასურველი და საიმედო პარტნიორი იქნება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის გზით უფლების ბოროტად გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს.
სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამკურნალო დაწესებულებებისათვის განსაკუთრებული დანიშნულება გააჩნია ტექნოლოგიურ წინსვლას. იქ, სადაც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა საუბარი, არათუ მიზანშეწონილი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი აპარატურის შემოტანა, ... ცენტრში არსებული პირობების ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამკურნალო დაწესებულების განვითარება სცილდება ერთი ან რამდენიმე კერძო პირის ინტერესის ფარგლებს და საყოველთაო დანიშნულებას იძენს, ამდენად, აპელანტებს უტყუარი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «... ცენტრის» კაპიტალის გაზრდის მიზანი მხოლოდ პარტნიორთა წილის შემცირება იყო და რომ კანონით გათვალისწინებული კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ არსებობდა, ან არსებობდა, მაგრამ სხვა გზით იყო შესაძლებელი აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება. აღნიშნული კი, აპელანტებს არ განუხორციელებიათ.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ საერთოდ გაუგებარი იყო, რა მიზანს ემსახურებოდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა. ამ პირობებში მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა საწესდებო კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა. ასევე არასწორია სასამართლოს მტკიცება, რომ საკითხის გადაწყვეტა ხმების უბრალო უმრავლესობით შესაძლებელი იყო. სასამართლოს «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-3 მუხლი უნდა გამოეყენებინა. კასატორების მოსაზრებით, საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის წესდების რიგითი ცვლილება, ამდენად, აღნიშნული საკითხი ერთხმად უნდა გადაწყვეტილიყო. ამასთან ერთად, სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ შპს «... ცენტრს» საკმაოდ სოლიდური ღირებულების უძრავი ქონება გააჩნია, ამდენად, საზოგადოებას საწესდებო კაპიტალის გაზრდა საკუთარი კაპიტალის ხარჯზე შეეძლო და შენატანების შეტანა საჭირო არ იყო.
ლ. ლ-ისა და თ. ა-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ იმ პირობებში, როდესაც კრების ჩატარებიდან სასამართლო სხდომამდე 7 თვეა გასული, თავისუფლად შეიძლებოდა იმის დადასტურება, მიღწეულ იქნა თუ არა ის მიზანი, რაც საწესდებო კაპიტალის გაზრდას დაედო საფუძვლად. სასამართლოს კი, აღნიშნული გარემოება არ გამოუკვლევია. საწესდებო კაპიტალის გაზრდის საჭიროება დეტალურად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული და არა ზოგადი მითითებით. საწესდებო კაპიტალი ფაქტობრივად 70 000 ლარით გაიზარდა. ლ. გ-ეს კი, სასამართლოსათვის არ წარუდგენია 137683 ლარის საწარმოში შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ. ა-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის, ნ. ჭ-ის, თ. ლ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც მ. ა-ის, ნ. ჭ-ის, თ. ლ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის, ნ. ჭ-ის, თ. ლ-ის, მ. დ-ის, გ. თ-ის, ლ. ლ-ის, თ. ა-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. ლ-ესა და თ. ა-ეს დაუბრუნდეთ ნ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. ნ. ჭ-ეს, მ. ა-ს, თ. ლ-ეს, მ. დ-ეს და გ. თ-ეს დაუბრუნდეთ მ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.