ას-1432-1447-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ო. მ-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. რ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ო. მ-ის» მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 4884 ლარისა და 9570 აშშ დოლარის გადახდა, ასევე შპს «ო. მ-მა” ი. რ-ს დაუბრუნოს ავტომანქანის ნაწილების «აბს-ის» სისტემის გადამწოდები, ქსენონის ნათურები და რადიატორის გამაგრილებელი ფრთა (ეგრეთ წოდებული პროპელერი).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ო. მ-ს” ი. რ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4884 ლარის და 9750 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელეს გადასცეს «ბმვ-530-ის» მარკის «აბს-ის» სისტემის გადამწოდები, ქსენონის ნათურები და რადიატორის გამაგრილებელი ფრთა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ი. რ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ავტომანქანა «ბმვ-530-ის» «აბს-ის» სისტემის გადამწოდების, ქსენონის ნათურებისა და რადიატორის გამაგრილებელი ფრთის დაბრუნების შპს «ო. მ-ისათვის” დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე შპს «ო. მ-ი” ვალდებული იყო, შეეკეთებინა ი. რ-ის კუთვნილი ავტომანქანა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე მუხლებით, 641-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ შპს «ო. მ-მა” ი. რ-ის ავტომანქანა ჯეროვნად ვერ შეაკეთა, ავტომანქანა ექსპლუატაციისთვის (ჩვეულებრივი გამოყენებისთვის) უვარგის მდგომარეობაშია.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, 412-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ თუ ლანჟერონის შეცვლით ვერ მიიღწეოდა სასურველი შედეგი, შპს «ო. მ-ის» შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო, შეეტყობინებინა შემკვეთ ი. რ-ისათვის ლანჟერონის შეცვლის ნაცვლად მისი შეკეთების ფაქტობრივი შედეგი და შესაძლო რისკები. აღნიშნული წინაპირობა კანონისმიერია და განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლით.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ო. მ-ი» ვალდებული იყო, ლანჟერონის შეცვლის უპირატესობის თაობაზე ი. რ-ისათვის ინფორმაცია მიეწოდებინა, ხოლო თუ ი. რ-ი ლანჟერონის შეკეთებას დაჟინებით მოითხოვდა, აღნიშნულის უარყოფითი შედეგების შესახებ გაეფრთხილებინა და შეკვეთა ლანჟერონის შეკეთების თაობაზე ჯეროვნად შეესრულებინა. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება ნივთობრივად უნაკლოდ უნდა განხორციელებულიყო. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის ცნებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ო. მ-ის» მიერ შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ი. რ-ის კუთვნილი ავტომანქანა ექსპლუატაციისათვის ვარგისი არ იყო.
სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ ი. რ-მა არაერთხელ მიმართა შპს «ო. მ-ს» ნაკლიანი შესრულების გამოსწორებისათვის, თუმცა, უშედეგოდ. შესაბამისად, მას კანონის თანახმად, წარმოეშობა შესრულების ნაკლის თავად აღმოფხრის შესაძლებლობა და აღნიშნული ხარჯების მენარდისაგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამდენად, შპს «ო. მ-მა” არ შეასრულა ი. რ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შეკეთებასთან დაკავშირებული ვალდებულება ჯეროვნად და იგი წარმოადგენს ი. რ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 634-ე, 648-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «ო. მ-ს» ნარდობის საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა მიეღო. შესაბამისად, ო. მ-ს გირავნობის უფლება მას შემდეგ წარმოეშობოდა, რაც იგი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს ჯეროვნად შეასრულებდა. ამდენად, აღნიშნულ სამართალურთიერთობაში პირველადი მოთხოვნა შესრულების მიღებასთან დაკავშირებით შემკვეთს წარმოეშობა, ხოლო მეორედ შესრულების საზღაურის მიღებასთან დაკავშირებით – მენარდეს. პალატის განმარტებით, თუ შესრულება ნაკლიანია, მის საგანზე გირავნობის უფლების გამოყენებისას, გირავნობის საგნის დაყოვნების გამო, ავტომანქანის ცვეთისა და მოცდენის საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება მენარდეს ეკისრება, ვინაიდან აღნიშნულ სამართალურთიერთობაში პირველად შესასრულებელი ვალდებულება – უნაკლო შესრულებაა, ხოლო მეორადი – უნაკლო შესრულებისათვის საზღაურის მიღება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს «ო. მ-ის» წარმომადგენლის მოსაზრება, რომ შპს «ო. მ-ს» არ დაუბრკოლებია ი. რ-ი მანქანის წაყვანაში მას შემდეგ, რაც ი. რ-მა ნარდობის საზღაური გადაიხადა, რის გამოც შპს «ო. მ-ი» არ არის პასუხისმგებელი ავტომანქანის მოცდენისა და ცვეთის საზღაურის ანაზღაურებაზე. აღნიშნული მოსაზრება პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ი. რ-ს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ნაკლიანი შესრულების გამოსწორება და უარი ეთქვა ნაკლის გამოსწორებამდე შესრულების მიღებაზე. უფრო მეტიც, ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, ავტომანქანის დგომის ხარჯებიც, მენარდემ უნდა დაფაროს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში შპს «ო. მ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალებით არ დადასტურებულა სადავო ლანჟერონის უხარისხოდ ჩაკერების გამო მისი შეცვლის აუცილებლობა. აღნიშნულის გარეშე კი კასატორისათვის ლანჟერონის შეცვლის ღირებულების დაკისრება საფუძველს მოკლებულია.
პალატის მსჯელობა ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთ შემთხვევაში იგი უთითებს, რომ არ იზიარებს შპს «ო. მ-ის» პოზიციას ავტომანქანის სრულყოფილად შესაკეთებლად ლანჟერონის გამოცვლის საჭიროების შესახებ, ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლო არ ეთანხმება კასატორს, რომ ავტომანქანის აღდგენის მიზნით ლანჟერონი კი არ უნდა შეკეთებულიყო, არამედ შეცვლილიყო.
დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია 9570 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილშიც. აღნიშნულ თანხას მოსარჩელე ითხოვდა, როგორც «ო. მ-ის» ცენტრში ავტომანქანის დაყოვნების გამო მიყენებულ ზიანს. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის ¹2/6363-09 გადაწყვეტილებით ი. რ-ს კასატორის სასარგებლოდ დაეკისრა სადავო ავტომანქანაზე შესრულებული ნარდობის საფასურის _ 773,11 ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადაწყეტილება ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. შესაბამისად, სადავო პერიოდში ავტომანქანა კასატორთან იმყოფებოდა ი. რ-ის მხრიდან შესაბამისი ვალდებულების შესრულების მომენტამდე. პარალელურად კი, ნარდობის ფარგლებში ავტომანქანის ნაწილთან დაკავშირებული ბოლო შეკვეთა მოსარჩელემ მოპასუხეს 2008 წლის 25 ნოემბერს მისცა. ამდენად, ექსპერტის მიერ დათვლილი მთლიანი პერიოდი არ შეიძლება «ო. მ-ს» ავტომანქანის უსაფუძვლო დაყოვნებაში ჩაეთვალოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ო. მ-ის» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 11 ოქტომბერს მის მიერ გადახდილი 1035,59 ლარის 70% _ 724,91 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ო. მ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ო. მ-ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 724,91 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.