საქმე # 160100123007329220
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1363აპ-24 5 მაისი, 2025 წელი
ა–ი ი., 1363აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ა–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2023 წლის 9 აპრილს, დაახლოებით, 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყ–ში, ი. ა–სა და მ. ა–ს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ი. ა–მა, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ბასრი საგნის დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ფილტვის ქსოვილში შემავალი ჭრილობა მიაყენა მ. ა–ს, რომლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, გადარჩა.
2. ი. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ი. ა–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 9 აპრილიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ა–მა ჩაიდინა მ. ა–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვდა ი. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ი. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ–მა, რომელიც ითხოვდა ი. ა–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით – დაკვალიფიცირებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვს ი. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ სასამართლოში დაიკითხნენ დანაშალის უშუალო შემსწრე პირები, რომლებმაც დაადასტურეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ. ა–ს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ბეჭის ძვლის კიდესთან, განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაცია, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ დაზიანება მიყენებულია სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის არეში, მის მარცხენა, ე.ი. გულის მხარეს, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, რაც ნათლად ადასტურებს, რომ დარტყმა, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა სასიკვდილო შედეგს და ადასტურებს მსჯავრდებულის განნზრახვას – მოეკლა მ. ა–ი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ი. ა–ის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
8. მსჯავრდებულ ი. ა–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ც. მ–ი – საკასაციო შესაგებლით ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ასევე – სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი, დასაბუთებული, ობიექტური და სამართლანია.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ი. ა–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი. ა–თან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მ. ა–ს აღენიშნებოდა მჭრელ-ბასრი საგნით, ფილტვის ქსოვილში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა.
13. ბრალდების მხარის მტკიცებით, ი. ა–მა მ. ა–ს მიზანმიმართულად, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მისი მოკვლის განზრახვით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ბასრი საგნის დარტყმით, მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, ფილტვის ქსოვილში შემავალი ჭრილობა, თუმცა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ი. ა–ს განზრახ სურდა მ. ა–ის სიცოცხლის მოსპობა, რაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ აღასრულა.
14. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).
15. მსჯავრდებულის განზრახვის გამოსაკვეთად, გარდა დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციისა, რაზეც ხაზგასმით მიუთითებს კასატორი – ბრალდების ხარე – თავის საკასაციო საჩივარში, საყურადღებოა, რომ დანაშაულის იარაღი – სადგისი – რომლითაც მიაყენა დაზიანება ი. ა–მა მ. ა–ს, მას მიზანმიმართულად არ მიუტანია შემთხვევის ადგილზე დანაშაულის ჩასადენად, არამედ მისი მეუღლის – ხ. ა–ას – თქმით, ი. ა–ი მწყემსია, ხოლო სადგისი – მისი სამუშაო იარაღი, რომელიც პირუტყვის დასახმარებლად მუდამ თან დააქვს; ამავდროულად, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის საპირისპირო განმარეტებების კვალდაკვალ, მეტად საინტერსოა ფაქტის თვითმხილველი მოწმის – ვ. მ–ს – ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზიანების მიყენებამდე, ი–ი და მ. ა–ები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, რა დროსაც მსჯავრდებულმა პარკში გახვეული სადგისი ამოიღო და აქეთ-იქით იქნევდა; ი–ი და მ. ა–ებს შორის დანაშაულის ჩადენამდე ფიზიკურ დაპიისპირებაზე მიუთითებს ასევე მსჯავრდებულის მიერ სსიპ გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112-ში“ შეტყობინება, რომლის მიხედვით, მას სცემეს, ისევე, როგორც –სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რონმლითაც ი. ა–ს დაუდგინდა: სახეზე ნაჭდევები და შუბლზე ჭრილობა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, აღენიშნებოდა: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი სამხილებით, უპირობოდ არ დასტურდება, რომ ი. ა–ი მოქმედებდა მ. ა–ის მოკვლის და არა – მისი ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების სურვილით. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგეილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყდა. ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის – ბრალადშერაცხილი დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ი. ა–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი