ას-1470-1483-2011 5 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. შპს «ს-ო»
2. ტ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ს-ოს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ტ.ბ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტ.ბ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ შპს «ს-ოს» სარჩელში _ ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება, ამხანაგობაში ნატურით შეტანილი ქონების ღირებულების დაბრუნება, ტ.ბ-ის სარჩელში _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ს-ომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ბ-ისა და ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 54-ე, 99-102-ე და 317-ე მუხლების საფუძველზე, ხელშეკრულების მოშლის, თანხის დაკისრებისა და ამხანაგობაში ნატურით შეტანილი ქონების ღირებულების დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 29 სექტემბერს დაფუძნდა ამხანაგობა «ს-ბ-ი», ამხანაგობის დაფუძნების აქტით განისაზღვრა სამართალურთიერთობები, ახალი წევრის მიღების წესი და სხვა პირობები. 2007 წლის 10 ოქტომბერს ამხანაგობასა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ ამხანაგობაში შეიტანა 53.91 კვ.მ ნახევრად ავარიული ძველი ბარაკის ტიპის ფართი, რომელიც მხარეთა მიერ შეფასდა 30000 ლარად. მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა ამხანაგობის დაფუძნებაში. 2007 წლის 29 სექტემბერს ამხანაგობა «ს-ბ-ის» სადამფუძნებლო ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარეს უფლება ჰქონდა, მხოლოდ ორგანიზება გაეწია ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით. მოპასუხემ ისე გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობასთან და დააკისრა ვალდებულება მოსარჩელეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შპს «ს-ოს» ნება არ გამოუხატავს. მოპასუხე თავად მოითხოვს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ხელშეკრულების გაუქმებას.
მოპასუხე ტ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი გარემოებების გამო:
ტ. ბ-ე 2007 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუს ლ. ჭ-ას სანოტარო ბიუროში დამოწმებული (¹...) ხელშეკრულების შესაბამისად, მიღებულ იქნა ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» წევრად. მას გააჩნია ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» დაფუძნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. ტ. ბ-ის წევრად მიღების ხელშეკრულება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობისა და «ს-ბ-ის» დაფუძნების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაშია მხოლოდ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად. მოპასუხის მარწმუნებელმა ამხანაგობას შენატანის სახით გადასცა ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156-ში მდებარე სამოთახიანი ბინა და თანხა. ტ. ბ-ემ არსებული და დამატებითი ფართის გამო შპს «ს-ოს» მიერ შეთავაზებული კომპენსაცია 10000 აშშ დოლარი დაუტოვა ინვესტორ კომპანიას შემდგომში მისაღები საცხოვრებელი ფართის სამომავლოდ გაზრდის სანაცვლოდ. სულ ჯამში მოპასუხემ ამხანაგობას გადასცა სამოთახიანი ბინა და 12600 აშშ დოლარი, რაც დასტურდება 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹... სანოტარო აქტით, ამხანაგობა «ს-ბ-ის» ანგარიშზე გადასახდელი თანხის შემოტანის გრაფიკითა და გადახდის ქვითრებით. ამხანაგობაში შესვლის სანაცვლოდ ტ. ბ-ეს შპს «ს-ოსათვის» არ შეუთავაზებია უძრავი ქონება, მას სამოთახიანი ბინა ჰქონდა ქ.ბათუმში, გ-ის ქუჩა ¹156-ში მდებარე ბინის პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე, რ. ბ-ეს _ ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156-ში მდებარე ბინის მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე, ხოლო ტ.ჯ-ს _ ქ.ბათუმში, გ-ის ქუჩა ¹158-ში მდებარე ბინის მეორე სართულზე. შპს «ს-ო» მხოლოდ 2007 წლის 29 სექტემბერს ნოტარიუს ლ. ჭ-ას სანოტარო ბიუროში დადებული ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებით ვერ განახორციელებდა რაიმე მოქმედებას, მათ შორის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს და ზემოთ ხსენებული სადამფუძნებლო დოკუმენტი არაფრის მთქმელი იქნებოდა თუ დარჩენილ სამ მობინადრესთან ერთად, კერძოდ, ტ. ბ-ეს, რ. ბ-ესა და ტ. ჯ-თან არ გააფორმებდა ხელშეკრულებებს, რომლებიც, ობიექტური მიზეზების გამო, 2007 წლის 29 სექტემბერს, სადამფუძნებლო ხელშეკრულების გაფორმების დროს, ვერ გამოცხადდნენ სანოტარო ორგანოში. აღნიშნული დასტურდება ამხანაგობა «ს-ბ-ის» წევრად მიღების ხელშეკრულებითა ¹1-11161 და საჯარო რეესტრის ¹1-11159 ამონაწერით რომლის თანახმადაც ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156/158-ში არსებული 791.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გახდა ამხანაგობა «ს-ბ-ის» წევრთა საერთო საკუთრება. ამხანაგობის თავმჯდომარე თ. კ-ეს ამხანაგობაში არავითარი შენატანი განუხორციელებია და არც ამხანაგობის წევრია, იგი დაინიშნა იმ მიზნით, რომ ყოფილიყო შპს «ს-ოს» ინტერესების გამტარებელი, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2007 წლის 29 სექტემბერს სანოტარო ბიუროში დადებული ხელშეკრულების (ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ (¹1-10794) მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის) თანახმად, ამხანაგობის საქმეებს გაუძღვებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც ერთპიროვნულად ინიშნებოდა შპს «ს-ოს» დირექტორის მიერ ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტით. ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტით განისაზღვრა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ამხანაგობის სახელით დაედო გარიგებები და გაეფორმებინა ხელშეკრულებები, ასევე მოეხდინა ამხანაგობის ახალი წევრის მიღების ორგანიზება, სადამფუძნებლო ხელშეკრულება არ ავალდებულებს მას ახალი წევრის მიღებისას ვინმესგან მიიღოს ნებართვა.
მოპასუხე ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-მა» ასევე არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:
ამხანაგობასა და თანამოპასუხე ტ. ბ-ეს შორის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის დაცვით, ამხანაგობის წესდების საფუძველზე, თანამოპასუხე გაეცნო ამხანაგობის წესდებას და გამოთქვა სურვილი ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ. შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება ტ.ბ-ის ამხანაგობის წევრად მიღების თაობაზე. ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ის» მოქმედება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და რაიმე სახის დარღვევას არ ჰქონია ადგილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, სადაც თანამოპასუხე ტ. ბ-ე ითხოვს მას და ამხანაგობას შორის 2007 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, ამავე დოკუმენტის ბათილად ცნობას მოითხოვს მოსარჩელე შპს «ს-ოც». იმ შემთხვევაში, თუ მხარეების სურვილი თანმხვედრია და ორივე მხარე სადავოდ ხდის აღნიშნულ დოკუმენტს, ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა «ს-ბ-ი» სადავო ხელშეკრულების გაუქმების წინააღმდეგი არაა. ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში თანამოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს ამხანაგობაში მის მიერ შეტანილი ქონება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმე გაერთიანდა ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან ტ.ს ბ-ის სარჩელის გამო ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «ს-ბ-ისა» და შპს «ს-ოს» მიმართ რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების მოშლას, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის _ 108000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, მოსარჩელის მიერ გაწეული ბინის ქირის, 2010 წლის სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე _ 1170 ლარის, ხოლო სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 390 ლარის, ასევე 2007 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების 7.3. პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის დასრულების ვადის გადაცილების გამო, სარჩელის აღძვრამდე დაგროვებული თანხის _ 300 აშშ დოლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის, ასევე საქმის წარმოებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოიშალა 2007 წლის 29 სექტემბერს სანოტარო ბიუროში გაფორმებული ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ £(¹1-10794) ხელშეკრულება და 2007 წლის 10 ოქტომბერს სანოტარო ბიუროში გაფორმებული ტ. ბ-ის ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» წევრად მიღების ხელშეკრულება (¹...) ტ. ბ-ესთან მიმართებაში, მოპასუხე შპს ,,ს-ოს» ტ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 108000 (ას რვა ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა ტ. ბ-ის სასარგებლოდ ბინის ქირავნობისათვის 2010 წლის სექტემბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 1700 (ათას შვიდასი) ლარის, ასევე ყოველთვიურად ბინის ქირის _ 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა 2010 წლის 6 დეკემბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შპს ,,ს-ოს» ტ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) აშშ დოლარის გადახდა 2010 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრამდე _ 2010 წლის 6 დეკემბრამდე _ 300 (სამასი) აშშ დოლარის, მასვე ტ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდა 2010 წლის 6 დეკემბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ტ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს «ს-ოს» ტ. ბ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 3000 (სამი ათასი) ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარისა და მოპოვებული ინფორმაციისათვის (საჯარო რეესტრის ამონაწერი) გადახდილი 93 (ოთხმოცდაცამეტი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის გადახდილი 12 (თორმეტი) ლარის, მომსახურების სააგენტოში ცნობის გაცემის მოსაკრებელის _ 37 (ოცდაჩვიდმეტი) ლარისა და ექსპერტიზის დეპარტამენტში გადახდილი 200 (ორასი) ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს-ოს» სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ტ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ასევე შპს «ს-ოს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ტ. ბ-ის სარჩელზე უარის თქმა და შპს «ს-ოს» სარჩელის დაკმაყოფილებით 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹1-1160 ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ოს» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება ტ. ბ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს-ოს» ტ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 45256 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსით, მასვე დაეკისრა ტ. ბ-ის სასარგებლოდ 2010 წლის სექტემბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით ბინის ქირავნობისათვის გაღებული თანხის _ 1700 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ოს» ტ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის სექტემბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 100 დოლარის, სულ 300 დოლარის, ასევე 12600 დოლარის გადახდა, ტ. ბ-ეს შპს ,,ს-ოს» სასარგებლოდ დაეკისრა 168 ლარის გადახდა, დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ტ.ბ-ეს ეთქვა უარი, ხოლო შპს «ს-ოს» სარჩელის (შეგებებული სარჩელის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, 2007 წლის 29 სექტემბრისა და 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებების მოშლასთან დაკავშირებით მიღებულ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 29 სექტემბერს ქ.ბათუმის სანოტარო ბიუროში დაიდო £¹1-10794 ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, 2007 წლის 29 სექტემბრისათვის ამხანაგობას ჰყავდა 14 დამფუძნებელი, მათ შორის შპს ,,ს-ო». შპს ,,ს-ოს» შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენს შემდეგი: მას ევალებოდა საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ამ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, მშენებლობისათვის აუცილებელი ყველა ნებართვის მიღება და სახლის აშენება იმ პარამეტრებით, რაც დადგენილია მხარეთა შეთანხმებითა და საპროექტო დოკუმენტაციით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობის საქმიანობის ფარგლებში შპს ,,ს-ოს» მიერ საქონლის (მომსახურების) შეძენა უნდა მომხდარიყო შპს ,,ს-ოს» სახსრებით, «ბ» ქვეპუნქტის თანახმად კი, შპს ,,ს-ოს» მიერ ამხანაგობის საქმიანობის ფარგლებში გაღებული ხარჯები არის შპს ,,ს-ოს» და არა ამხანაგობის ხარჯები. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს-ო» კისრულობდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ამხანაგობა ,,ს-ბ-ის’» მიერ ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156/158-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ნებართვა გაიცა 2008 წლის 5 სექტემბერს და, ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2010 წლის 5 სექტემბერს. 2007 წლის 10 ოქტომბერს სანოტარო ბიუროში გაფორმებული ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» წევრად მიღების ხელშეკრულების თანახმად, (რეესტრში რეგისტრაციის £¹...) ტ. ბ-ე მიღებულ იქნა ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» წევრად და მან შეიძინა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ,,წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობისა და მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ძალაშია მხოლოდ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად მხარეთა მიერ ხელმოწერისა და სანოტარო წესით დადასტურების მომენტიდან. 2007 წლის 10 ოქტომბერს მითითებული ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით. მოპასუხეების შპს ,,ს-ოსა» და ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» მიერ დამფუძნებლებისათვის შეთავაზებული იყო ქ.ბათუმში, ვ.გ-ის ქუჩა ¹156/158-ში თითოეულ ოჯახზე (მობინადრეზე) საკუთრებაში არსებულ თითოეულ კვ.მ ფართობზე ფართის იმდენივე დანამატი და ფულადი კომპენსაცია 10000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დასტურდება 2007 წლის 29 სექტემბერს ქ.ბათუმში სანოტარო ბიუროში დადებული ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ £¹1-10794 ხელშეკრულებით. ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დამფუძნებელთა მიზანი იყო ქ.ბათუმში, გ-ის ქუჩა ¹156/158-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და აშენებული ფართების განაწილება ამხანაგობის წევრებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
პალატამ არ გაიზიარა შპს ,,ს-ოს» განმარტება, რომ ტ. ბ-ე არ შეიძლება განხილულ იქნას ამხანაგობის წევრად, ვინაიდან მას არ მიუღია მონაწილეობა ამხანაგობის შექმნაში და მისი მიღება ამხანაგობაში შემდგომ მოხდა კანონის უხეში დარღვევით, რადგანაც სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ტ. ბ-ის ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ამხანაგობის თავმჯდომარე თ. კ-ემ _ გადაწყვეტილების მიღებისათვის სრულიად უფლებამოსილმა პირმა და 2007 წლის 10 ოქტომბერს ტ. ბ-ის წევრად მიღების ხელშეკრულებასაც მან მოაწერა ხელი, (რაც მთლიანად დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე და ცნო ტ. ბ-ის სარჩელი). არ იქნა გაიზიარებული შპს ,,ს-ოს» ის განმარტებაც, რომ ტ. ბ-ის შემდგომში მისაღები წილი შეადგენდა არა 180, არამედ 135 კვ. მეტრს, ვინაიდან წევრად მიღების ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, ტ. ბ-ის შენატანი ამხანაგობაში და წევრის წილი განისაზღვრა შემდეგნაირად: ტ. ბ-ის შენატანი _ უძრავი ქონება მდებარე .ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156-ში მდებარე ¹4 ბინა, წილი _ 180 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, ასევე მის მიერ დამატებით უნდა მომხდარიყო 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის ამხანაგობაში შეტანა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან 30 თვის განმავლობაში. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტ. ბ-ემ შენატანის სახით ამხანაგობას გადასცა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმში, გ-ის ქუჩა ¹156-ში მდებარე ¹4 ბინა, რაც მხარეების მიერ შეფასდა 30000 ლარად, მანვე 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹... ნოტარიული ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად არსებული და დანამატი ფართის ზემოთ გაზრდის მიზნით შპს ,,ს-ოს» მიერ შეთავაზებული კომპენსაცია 10000 აშშ დოლარი დაუტოვა ინვესტორ კომპანიას შემდგომში მისაღები საცხოვრებელი ფართის სამომავლოდ 180 კვ. მეტრამდე გაზრდის სანაცვლოდ, ვინაიდან დატოვებული თანხა _ 10000 აშშ დოლარი არ აღმოჩნდა საკმარისი, დამატებით ტ. ბ-ეს 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹... წევრად მიღების ნოტარული ხელშეკრულებით დაუდგინდა გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ტ. ბ-ის მიერ ინვესტორისათვის დატოვებულ 10000 აშშ დოლართან ერთად დამატებით უნდა გადახდილიყო 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარი, რის სანაცვლოდ ტ. ბ-ის მისაღები საცხოვრებელი ფართი უნდა გაზრდილიყო 45 კვ. მეტრით. ტ. ბ-ეს 7000 აშშ დოლარიდან, გრაფიკის მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს 2600 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლიდან შეწყვიტა დამატებითი თანხის გადახდა, რადგან შპს ,,ს-ო» პირობას არ ასრულებდა და საძირკველიც კი არ ჰქონდა გაჭრილი. გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ამხანაგობას გადასცა სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა და 12600 აშშ დოლარი. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ 2007 წლის 29 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს-ოს», როგორც ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» ერთ-ერთ დამფუძნებელს, ამხანაგობაში შენატანის სახით ევალებოდა საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ამ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, მშენებლობისათვის აუცილებელი ყველა ნებართვის მიღება და საცხოვრებელი სახლის აშენება იმ პარამეტრებით, რაც დადგენილი იქნებოდა მხარეთა შეთანხმებით და საპროექტო დოკუმენტაციით. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს-ო» კისრულობდა ვალდებულებას, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ ამხანაგობა ,,ს-ბ-ის» მიერ ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156/158-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე ნებართვა გაიცა 2008 წლის 5 სექტემბერს და, ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2010 წლის 5 სექტემბერს. აღნიშნულ მისამართზე მდებარე 17 ოჯახის, მათ შორის, მოსარჩელის ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მოხდა და დღეის მდგომარეობით შემოსაზღვრულია მხოლოდ 1711 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მშენებლობა ჯერ არ არის დაწყებული. ტ. ბ-ემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე შპს ,,ს-ოს» და მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ტ. ბ-ეს იმ საცხოვრებელი სახლის გარდა, რომელიც შენატანის სახით შეიტანა ამხანაგობაში და რომლის დემონტაჟიც მოპასუხემ განახორციელა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მშენებლობის ნებართვაც კი არ ჰქონდა მიღებული, სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომელშიც, ქირის თანხის დამადასტურებელი ქვითრების თანახმად, გამქირავებელს ყოველთვიურად 390 ლარს უხდის. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ხელშეკრულების მონაწილე ოჯახების საკუთრებაში არსებულ თითოეულ კვ.მ ფართობზე დანამატისა და 10000 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის ინვესტორისათვის ტ.ბ-ის მიერ გადახდის ფაქტი დადასტურებულია მოწმე დ.ბ-ის და თავად ამხანაგობის თავმჯდომარის ტ.კ-ის ჩვენებებით, ასევე შესაგებლით. გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 2008 წლის განმავლობაში ტ.ბ-ეს შპს ,,ს-ოსთვის» ასევე გადახდილი აქვს 2600 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შპს ,,ს-ოს» წარმომადგენელმა დაადასტურა ისიც, რომ 10000 დოლარს მობინადრეებს აძლევდნენ ბინების დაგირავებისათვის 2 წლის განმავლობაში 2008 წლიდან 2010 წლამდე. Mმანვე დაადასტურა, რომ ეს თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. სადავო არაა ის გარემოება, რომ დამფუძნებლების, მათ შორის ტ.ბ-ის მიერ, შენატანის სახით შეტანილი საცხოვრებელი ბინის შეფასება განხორციელდა სიმბოლურად, რომ 30000 ლარი არ იყო დამყარებული რაიმე კვალიფიციურ დასკვნაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც წარმოდგენილ იქნა ტ.ბ-ის კუთვნილი ბინის ღირებულების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები: შპს ,,ს-ოს» მიერ წარმოდგენილ იქნა კომპანია ,,აუდიტ კონსალტინგ – 2008 საქართველოს» 2011 წლის 14 ივლისს ¹010 დასკვნა რომლის თანახმადაც, 2007 წელს ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156-ში მდებარე 53.91 კვ.მ ბინის საბაზრო ღირებულება დაახლოებით შეადგენს 38000 ლარს. ტ.ბ-ის მიერ იმავე საკითხის გასარკვევად წარმოდგენილ შპს ,,ე. ა-ის» 2011 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად კი, ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156-ში მდებარე 65,82 კვ.მ ფართის ღირებულება 2007 წლის ბოლოსათვის შეადგენს 42256 აშშ დოლარს. ამავე დასკვნის თანახმად, 30კვ.მ დამხმარე სათავსის ღირებულება განისაზღვრა 3000 ლარით. პალატამ მიუთითა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებაზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ტ.ბ-ეს გარდა რეგისტრირებული სამოთახიანი ბინისა, მითითებულ მისამართზე გააჩნდა დაახლოებით 30 კვ.მ ფართის დამხმარე სათავსი ნახევრად კაპიტალური, სველი წერტილებით აღჭურვილი, რომელსაც იგი სეზონურად, საჭიროებისამებრ აქირავებდა. შპს ,,ს-ო» იღებდა ვალდებულებას აენაზღაურებინა დამფუძნებლებისათვის არა მარტო რეგისტრირებული ფართების, არამედ დაურეგისტრირებელი და ფაქტობრივად არსებული ფართების ღირებულებაც.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით და აღნიშნა, რომ შპს «ს-ომ» დაარღვია რა და ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომელიც მან შენატანის სახით შეიტანა ამხანაგობაში. პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა (408-ე მუხლი) ვალდებულების დამრღვევ მხარეს ავალდებულებს, აანაზღაუროს ზიანი, ანუ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ის მდგომარეობა, რომელიც ტ.ბ-ეს გააჩნდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობამდე, არის სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა რეალური ფართით 65,82 კვ.მ და დაურეგისტრირებელი 30 კვ.მ ოდენობით დამხმარე სათავსი. იმის გამო, რომ პირვანდელი მდგომარეობის ადგენა შეუძლებელია (რადგან შპს «ს-ოს» მიერ დანგრეულია მშენებლობის საწარმოებლად როგორც ბინა, ასევე დამხმარე ფართი), სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის იმპერატიული დათქმის თანახმად, კრედიტორს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა აუდიტორული დასკვნები, რომელთა თანახმადაც ტ.ბ-ის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ბინის შეფასება არაერთგვაროვანია. შპს «ს-ოს» წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სადავო 53,91 კვ.მ ბინის დღევანდელი საბაზრო ღირებულება 38000 ლარია, ხოლო ტ.ბ-ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, (რეგისტრირებული ფართი შეადგენს 53,91 კვ. მეტრს, ხოლო ფაქტობრივი ფართი 65,82 კვ. მეტრს) ნივთის საბაზრო ღირებულება 2007 წლისათვის შეადგენს 42 256 აშშ დოლარს, 30კვ.მ დამხარე სათავსის ღირებულება – 3 000 დოლარს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პალატამ ჩათვალა, რომ უპირატესობა მოსარჩელე ტ.ბ-ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნას გააჩნია, რადგანაც იძლევა პასუხს იმაზე, თუ რას შეადგენს 2007 წლისათვის, ანუ ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების წარმოშობის დროისათვის ტ.ბ-ის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისას უნდა შეფასდეს თუ რა ღირებულების იყო პირვანდელი მდგომარეობა, რათა ანაზღაურება მოხდეს 2007 წელს არსებული ფასების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა და საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: მხარეები შეეცადნენ სადავო ბინის ღირებულების დადგენას დავის დასაწყისშივე, ამითაა განპირობებული, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი აუდიტთა დასკვნები არ წარმოადგენენ ერთადერთ მტკიცებულებებს აღნიშნული საკითხის ირგვლივ, შესაბამისად, რეალურად ზიანი, რომელიც ტ.ბ-ემ განიცადა, შეადგენს 42258 აშშ დოლლარს და არა 30000 ლარს ან 38000 ლარს, ან თუნდაც 102000 აშშ დოლარს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ტ.ბ-ის სარჩელი ყოველთვიურად ქირის სახით გადახდილი თანხის მოთხოვნის ნაწილში 2010 წლის სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში ასევე საფუძვლიანია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მშენებლობა შპს ,,ს-ოს» უნდა დაემთავრებინა ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ნებართვის აღებიდან 24 თვის განმავლობაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, მართებულია მოთხოვნა 2010 წლის სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე (ანუ ხელშეკრულების მოშლამდე 2010 წლის დეკემბრამდე) გადახდილი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში ყოველთვიური 350 ლარის ოდენობით (საქმეში წარმოდგენილია გადახდილი ქვითრები თვეში 350 ლარის ოდენობით, რომელსაც ტ.ბ-ე უხდიდა სახლის მესაკუთრეს ბესარიონ ქამადაძეს პროკრედიტ ბანკის მეშვეობით). სასამართლომ ასევე საფუძვლიანად ჩათვალა ტ.ბ-ის მოთხოვნა 2010 წლის სექტემბრიდან სარჩელის შეტანამდე ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდის ნაწილშიც, რადგანაც აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ,,ს-ბ-ის» დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლია. სასამართლომ მიუთითა ქირისათვის გათვალისწინებული თანხისა და ვადაგადაცილების გამო სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნაზე და არ გაიზიარა აღნიშნული, რადგანაც სარჩელის აღძვრით ტ.ბ-ე გავიდა ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (პერიოდულად შესრულებულ ვალდებულებად) კვლავ გაგრძელებასა და შესრულების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია. შეგებებული სარჩელის ავტორის არგუმენტები გარიგების ბათილობის საფუძვლებთან დაკავშირებით კი პალატამ სრულად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რამდენადაც 2007 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებაში ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული, რომ ხელშეკრულებაში მესამე პირის გაწევრიანების გადაწყვეტილებას იღებს ამხანაგობის თავმჯდომარე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არამხოლოდ ორგანიზაციული საკითხები, არამედ უშუალოდ წევრად მიერთების საკითხის გადაწყვეტაც ამხანაგობის თავმჯდომარის კომპეტენციათა რიგს განეკუთვნებოდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მითითება სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 54-ე, 59-ე და 56-ე მუხლებზე. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, მე-400 მუხლით, 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ტ.ბ-ეს ჰქონდა პატივსადები მიზეზები, უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე და პირიქით, დაეყენებინა გარკვეული მოთხოვნები მეორე მხარის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა გამო განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს «ს-ოს» სარჩელი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ.ბ-ის სარჩელი, ახალი გადაწყვეტილებით კი მოითხოვა 2007 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და დაკისრებული თანხიდან 20000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს-ოს» მოთხოვნასთან დაკავშირებით იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლო მის არამარტო სამართლებრივ, არამედ პროცესუალურ საკითხებშიც არასრულად გაერკვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2007 წლის 29 სექტემბრისა და ამავე წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების მოშლაზე მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებაზე, მაშინ, როცა შპს «ს-ოს» მხრიდან არ ჰქონია ადგილი შეგებებული სარჩელის შეტანას და არც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მოშლის მოთხოვნას, შესაბამისად, არ არსებობს შპს «ს-ოს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შპს «ს-ოს» სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარებოდა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 10000 აშშ დოლარი საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ გადაიხადა არა მოწინააღმდეგე მხარემ, არამედ ამხანაგობის მიერ მიცემული თანხის დატოვება მოხდა ფართის სანაცვლოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამხანაგობაში შეტანილი 53.91 კვ.მ ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 65.82 კვ. მეტრად, არ იყო 30000 ლარის ღირებულების, მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა გარკვეული დანამატი, რაც დადასტურებულ იქნა მოწმეების მიერ. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოსავლენად, შპს «ს-ომ» უამრავი შეკითხვა დასვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა სასამართლო და ხელი შეეშალა დაფარული გარიგების დადების გამოვლენაში. მათ მიერ მოწვეულმა მოწმემ და საქმის ფაქტობრივ-ლოგიკურმა შედეგმა ცხადყო, რომ სწორედ დაფარული გარემოებები გახდა შპს «ს-ოს» მხრიდან მათ გარეშე დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველი, კასატორს წარმოეშვა აშკარად შეუსაბამო ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელემ, განხორცილებული შენატანის ნაცვლად, მოითხოვა შვიდჯერ მეტი ანაზღაურება. ხელშეკრულებაში არსებული უსწორობის შემდეგ არ შეიძლება, იგი ჩაითვალოს კანონიერად და მიჩნეულ უნდა იქნეს თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებად. მეორე საფუძველი აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა, არის მისი დადება თანხმობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონს. ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2007 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების 9.3 მუხლით, ამხანაგობის თავმჯდომარეს ახალი წევრის მიღების მხოლოდ ორგანიზების უფლება გააჩნდა. აღნიშნული პირობის ხელშეკრულებაში ჩაწერა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ახალი წევრის მიღება წარმოშობდა შპს «ს-ოს» მიმართ ვალდებულებას და აუცილებელი იყო მათი ნების გამოვლენა, რაც შეეხება სასამართლოს მიერ ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლზე მითითებას, რომელიც ეხება მესამე პირის მიერთებას, იგი გულისხმობს მესამე პირის კავშირს კომპანიასთან, შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცალ-ცალკე მუხლებად ჩამოყალიბდა ამხანაგობაში წევრად მიღებისა და მესამე პირებთან სამართალურთიერთობის საკითხები. აბსურდულია მითითება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს შპს «ს-ო» ნიშნავს, რაც მათი მხრიდან ასევე მოიცავს თანხმობას თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. კრების ოქმების ჩანაწერები კი ადასტურებს შპს «ს-ოს» მიერ მიცემული თანხმობის შინაარსსა და თავმჯდომარის ცალკე სუბიექტად ყოფნის ფაქტს. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის თავდაპირველი მოთხოვნის ნაწილში, იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სამშენებლო ნებართვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაიცემა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა და საქმიანობის შესაბამისად. ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასცა 2011 წლის 2 სექტემბრამდე, შესაბამისად, ამ დროისათვის მოხდა შეთანხმება პროექტზეც. 2007 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად კი, მშენებლობის ვადების დარღვევის შემთხვევაში შპს «ს-ო» იყო ვალდებული, ყოველთვიურად გადაეხადა 100 აშშ დოლარი. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ამავე ხელშეკრულების 7.2 მუხლს, სადაც საუბარია ნებართვის შპს «ს-ოსათვის» გადაცემიდან, აღნიშნული გულისხმობს ვადის ათვლას ფაქტობრივად სამუშაოს დაწყებიდან და არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებართვის გაცემიდან, ნებართვა გაიცა არა შპს «ს-ოს» სახელზე, არამედ ამხანაგობაზე. სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 2 სექტემბერს და არა 2010 წლის სექტემბერში, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია. ტ. ბ-ეს ქირით არ უცხოვრია, საბანკო გადარიცხვის ქვითრებით არ შეიძლება დადგინდეს ქირავნობის არსებობის ფაქტი, ბანკის ქვითარზე დანიშნულების მიწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტ. ბ-ემ, ვერ შეძლო, წარმოედგინა ქირავნობის ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რაც დაადგენდა ქირავნობის არსებობის ფაქტს, უფრო მეტიც, მოწინააღმდეგე მხარე საერთოდ არ ფიგურირებს აღნიშნულ ურთიერთობებში და გადარიცხვის ქვითრები განხორციელებულია მისი შვილების მიერ, რომლებიც შეიძლება მართლაც ცხოვრობდნენ ქირით, ბუნებრივიცაა, რომ სამი ძმა ვერ იცხოვრებდა ოჯახებთან ერთად. ტ. ბ-ე მუშაობდა ხულოში, შემდეგ სხვადასხვა თანამდებობებზე. შპს «ს-ომ» მოითხოვა საჯარო ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რაზედაც ხულოს გამგეობამ უთხრა უარი იმ საფუძვლით, რომ საჯარო მოხელის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. შპს «ს-ო» სასამართლოს მეშვეობით შეეცადა, დაედგინა ტ. ბ-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტი ქ.ხულოში და არა ქ.ბათუმში, თუმცა უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ ეს საქმესთან არ იყო კავშირში და რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრების ცხოვრებისა და ქირავნობის ფაქტი ქ.ბათუმში. სასამართლო სხდომაზე ამხანაგობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არც მას და არც მოწინააღმდეგე მხარეს არ უცვნიათ სარჩელი, ხოლო სასამართლო ადგენს, რომ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი ცნო ამხანაგობის თავმჯდომარემ. შპს «ს-ოს» წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ამხანაგობის წევრებს 10000 აშშ დოლარი დარჩებოდათ. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული თანხის გადაცემის ფაქტი არ ჩანს და წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტება თანხის დატოვებასთან დაკავშირებით არ ეხება მოწინააღმდეგე მხარეს. მის მიერ ამხანაგობაში შეტანილი 2600 აშშ დოლარი კი უნდა დაუბრუნდეს ტ. ბ-ეს.
სასამართლოში წარმოდგენილია დოკუმენტები სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის ასიათასობით აშშ დოლარის დანახარჯების შეასახებ, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ რაიმე სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. სასამართლო სხდომაზე როგორც შპს «ს-ოს», ასევე ამხანაგობის თავმჯდომარის პოზიცია, რომ ტ. ბ-ის მიერ განხორციელებული შენატანი 30000 ლარის ეკვივალენტია ადასტურებს იმას, რომ შენატანი რეალურ ფასად იქნა შეფასებული. საჯარო რეესტრის ჩანაწერით მოწინააღმდეგე მხარის ქონება 53.91 კვ. მეტრს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ შპს «ს-ომ» სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა ასაშენებელი სახლის წლოვანება და ფოტოსურათი მისი მდგომარეობის შესახებ, ადასტურებს, რომ ტ.ბ-ემ სწორედ ზემოაღნიშნული ფართი შეიძინა და არა ის, რასაც თავად მიუთითებენ. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ფართის ოდენობასთან დაკავშირებით. დასტურდება, რომ ტ.ბ-ეს რომც ჰქონოდა დამხმარე ფართი, იგი გამოიანგარიშებოდა ძირითად ფართზე გასაცემი ფართის 30%-ად და არა სრულ ღირებულებად, როგორც ეს სასამართლომ იანგარიშა. პალატამ ცალმხრივად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი კერძო აუდიტის შეფასება, რომელიც დამყარებული იყო არარსებულ გარემოებებზე, ამასთან, შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ 102000 აშშ დოლარი შეტანილი ქონების ღირებულებად არასოდეს ყოფილა განსაზღვრული. ტ. ბ-ის მიერ მითითებულ დამხმარე ფართის არსებობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ბოლო სხდომაზე იქნა მითითებული სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მეზობლების მიერ, რომლებიც სასამართლომ მოწმეებად დაკითხა ისე, რომ ამის შესახებ შპს «ს-ო» არ იყო ინფორმირებული, მას საწინააღმდეგოს დასადასტურებლად არ მიეცა შესაძლებლობა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ უშუამდგომლია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 54-ე, 59-ე და 56-ე მუხლებით, ამასთან, შპს «ს-ომ» წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ტ. ბ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაკუთვნა მხარეს ის, რაც არ მოუთხოვია, კერძოდ, შპს «ს-ო» მოითხოვდა არა ზიანის თანხის ოდენობის შემცირებას, არამედ ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ამ საფუძვლით ტ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, თუმცა სასამართლომ, ნაცვლად შპს «ს-ოს» სააპელაციო მოთხოვნისა, შეამცირა ზიანის ოდენობა, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 384-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება იმ ფარგლებში შეცვალა, რაც შპს «ს-ოს» არ მოუთხოვია. სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობაზე. პირობითი გარიგების არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი პირობითი გარიგების შესრულების გადავადება ხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ამ პირობის დადგომამდე ან ამ პირობის დადგომით გარიგება წყდება. შპს «ს-ოს» პირდაპირი ვალდებულება იყო, დაემთავრებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ნებართვის მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2008 წლის 5 სექტემბრის ¹01-22/932 მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ბრძანების შესაბამისად, გაიცა მშენებლობის ნებართვა ამხანაგობა «ს-ბ-ის» მიერ, ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹156/158-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. რადგანაც მშენებლობის ნებართვა გაიცა 2008 წლის 5 სექტემბერს, ხელშეკრულების შესაბამისად, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2010 წლის 5 სექტემბერს. შპს «ს-ოს» არაერთხელ მიეცა ვადა მშენებლობის დაწყებისათვის, რაც უშედეგოდ იქნა გაშვებული მის მიერ. ტ. ბ-ეს ზიანი მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, კერძოდ, მან ვერ მიიღო 180 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა დამდგარი იყო და, შესაბამისად, წარმოიშვა შპს «ს-ოს» მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესარულების მოთხოვნის უფლება. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტა არ სპობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვალდებულებას. შპს «ს-ოს» მიერ ტ.ბ-ის ქონების დანგრევის გამო შეუძლებელია მისი ნატურით დაბრუნება, რის გამოც კასატორს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, თუმცა ვალდებული იყო, გამოეყენებინა იგი ზიანის ოდენობის სრული მოცულობის დასადგენად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის გამოუყენებლობამ გამოიწვია ზიანის ოდენობის არასწორი გამოანგარიშება. ტ.ბ-ემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლზე და იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია შპს «ს-ოს» მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რის გამოც ტ.ბ-ემ ვერ მიიღო 180 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ასევე, რადგანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყოველთვიურად პირგასამტეხლოს _ 100 აშშ დოლარის გადახდა, სასამართლომ შპს «ს-ოს» არასწორად დააკისრა ამ თანხის გადახდა სარჩელის შეტანამდე და არა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე, რადგან კასატორს ზიანი მიადგება მანამ, ვიდრე არ მოხდება მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა. სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება ტ. ბ-ისათვის მიყენებული ზიანის _ 57856 აშშ დოლარად შეფასების ნაწილში, საიდანაც, აუდიტორული დასკვნის თანახმად, 45256 აშშ დოლარად შეაფასა ტ.ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები და კასატორის მიერ შეტანილი 12600 აშშ დოლარი, მაშინ, როცა იგი ითხოვდა 180 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულების _ 108000 აშშ დოლარის ოდენობის გადაცემას, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 407-ე და 411 მუხლები, რომელთა საფუძველზე კრედიტორს, ხელშეკრულებიდან გასვლისას შუძლია, მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ხოლო ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ზიანი უნდა ანაზღაურდეს, არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სასამართლომ ზიანის გაანგარიშებისას არ გაამახვილა ყურადღება იმ ინტერესზე, რომელიც ტ.ბ-ეს ჰქონდა მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ტ.ბ-ე უზრუნველყოფილი იყო ბინითა და კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობებით, დამატებით ჰქონდა 30 კვ. მეტრამდე დამხმარე ნაგებობა, რომელიც დამატებით მატერიალური შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. არსებული პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, კასატორმა ამხანაგობაში შეიტანა მის საკუთრებაში არსებული ბინა დამხმარე ნაგებობასთან ერთად და 12600 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ არათუ არასწორად განსაზღვრა ზიანის ოდენობა, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, მთლიანად უგულებელყო ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ის ინტერესი, რომელიც ტ. ბ-ეს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 4 წელი, შპს «ს-ო», ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს, შედეგად კასატორისათვის ზიანის მიყენება გრძელდება. ტ.ბ-ის განმარტებით, მართალია სასამართლო სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორად შეაფასა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწმევული ზიანის ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს «ს-ოს» საკასაციო საჩივარი, ხოლო 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «საკოსა» და ტ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს-ოსა» და ტ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს-ოს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 1654 ლარის 70% _ 1157.8 ლარი, ხოლო კასატორ ტ. ბ-ეს _ ბ. ბ-ის მიერ 2011 წლის 1 ოქტომბერს გადახდილი 4136 ლარისა და 2011 წლის 25 ოქტომბერს გადახდილი 1035 ლარის, სულ 5171 ლარის 70% _ 3619.7 ლარი
კასატორ შპს «ს-ოს» უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 11 ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ შპს «ს-ოს» უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ს-ოს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორ შპს «ს-ოს» (ს/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 1157.8 ლარი.
4. კასატორ ტ. ბ-ეს (პ/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ბ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 3619.7 ლარი.
5. შპს «ს-ოს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 11 ფურცლად.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.