¹ას-1479-1491-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. დ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ი-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული _ 1866 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ჟ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. დ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჟ. დ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჟ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ი-ს ჟ. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1866 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჟ. დ-ამ, 2007 წლის 08 თებერვალს, სს ,, ბანკი ...ს” ფილიალიდან ისესხა 5000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაფარულიყო 547 დღეში, 2008 წლის 08 აგვისტომდე. (ს.ფ.12-15)
სესხის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული იქნა 113 გრამი ჟ. დ-ას ოქროს ნივთები და თავდები თ. ხ-ის მოძრავი ქონება. (ს.ფ.12-13)
თავდები თ. ხ-ის პასუხუსმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 6798 აშშ დოლარით; (ს.ფ.114)
თავდები მ. კ-ის პასუხისმგებლობის ოდენობა, ასევე განისაზღვრა 6798 აშშ დოლარით.(ს.ფ.115)
ჟ. დ-ას მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო, სესხი ვადამდე ერთი წლით ადრე, 2007 წლის 06 აგვისტოს დაფარა ერთ-ერთი თავდების მეუღლემ_მ. ჩ-ემ, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. (ს.ფ.119);
2007 წლის 06 აგვისტოს, მ. ჩ-ემ, სს ,, ბანკი ...დან” სესხად აიღო 5000 აშშ დოლარი. (ს.ფ.110-111);
სესხის დასაფარავად ჟ. დ-ას მიერ გამოგზავნილ თანხას, მისი შვილი_ ფ. ზ-ი უგზავნიდა სს ,,... ბანკის” ქუთაისის ფილიალის კრედიტ ოფიცერს ნ. ი-ს (ს.ფ.17-24)
პალატამ საქმეზე წარმოდგენილი საბანკო გზავნილების ასლებით დადგენილად ჩათვალა, რომ 2008 წლის თებერვლიდან_2008 წლის აგვისტომდე, ფ. ზ-ის მეშვეობით, სახალხო გზავნილით, ნ. ი-ის მიერ მიღებული იქნა 1866 აშშ დოლარი, მათ შორის: 2008 წლის 10 ივნისს_333 აშშ დოლარი (ს.ფ.17); 2008 წლის 13 მაისს_334 აშშ დოლარი (ს.ფ.18); 2008 წლის 22 აგვისტოს_366 აშშ დოლარი (ს.ფ.19); 2008 წლის 04 მარტს_200 აშშ დოლარი (ს.ფ.20); 2008 წლის 12 ივლისს_300 აშშ დოლარი (ს.ფ.21); 2008 წლის 2 თებერვალს_200 აშშ დოლარი (ს.ფ.23); 2008 წლის 25 თებერვალს_133 აშშ დოლარი (ს.ფ.24)
ფიზიკური პირის, მ. ჩ-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით, სასამართლომ გამოარკვია, რომ 2007 წლის 6 აგვისტოს კრედიტის დაფარვის მიზნით, 2008 წლის თებერვლიდან-2008 წლის დეკემბრამდე საკრედიტო ანგარიშზე თანხის შეტანას ახდენდა პირადად მ. ჩ-ე. (ს.ფ.116-118)
სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის, ნ. ი-ის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ, მ. კ-მა აჩვენა, რომ მ. ჩ-ე არის მისი მეუღლე, რომელმაც დაფარა ჟ. დ-ას კრედიტი და 2007 წლის 06 აგვისტოს თავის მხრივ გამოიტანა კრედიტი. საკრედიტო ხელშეკრულებით გამოტანილი თანხის დაფარვას მ. ჩ-ე ახდენდა პირადად, ოჯახის საერთო შემოსავლებიდან და არა ჟ. დ-ას მიერ, ფ. ზ-ისათვის, ხოლო შემდგომ ნ. ი-ისათვის გადაგზავნილი თანხებიდან.
ვინაიდან სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 8 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჟ. დ-ას სესხი ვადამდე, ერთი წლით ადრე, 2007 წლის 06 აგვისტოს დაფარა მ. ჩ-ემ, პალატა გაიზიარა მოწინააღმდგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სკ-ის 372-ე მუხლის შესაბამისად, მ. ჩ-ეზე გადავიდა ჟ. დ-ას მიმართ მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის, ნ. ი-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფ. ზ-ის მიერ მისთვის გადარიცხული თანხებით ახდენდა მ. ჩ-ის კრედიტის დაფარვას. პალატის განმარტებით, ფიზიკური პირის, მ. ჩ-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერითა და მოწმის სახით დაკითხული მ. კ-ის ჩვენებით დგინდებოდა საწინააღმდეგო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს მისი მოსაზრების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
ვინაიდან, 2008 წლის თებერვლიდან-2008 წლის აგვისტოსათვის პერიოდში ჟ. დ-ასა და ნ. ი-ს შორის რაიმე სახის გარიგება ან ვალდებულება ფულადი თანხის გადახდის თაობაზე არ არსებობდა, ასევე ვალდებულების შესრულების გამო, 2007 წლის აგვისტოდან შეწყვეტილი იყო ჟ. დ-ასა და სს ,,... ბანკის” ქუთაისის ფილიალს შორის საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის კრედიტ ოფიცერსაც ნ. ი-ი წარმოადგენდა, პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. დ-ას დავალებით, ფ. ზ-ის მიერ ნ. ი-ისათვის 2008 წლის თებერვლიდან-აგვისტოს ჩათვლით საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, 1866 აშშ დოლარი გადაირიცხა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც სკ-ის 385-ე და 976-ე მუხლის შესაბამისად, უკან დაბრუნებას ექვემდებარება, რაც ცხადყოფდა, რომ ჟ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძველბით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამასთან არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტბეს და სრულიად უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის მე-3 თავის «უსაფუძვლო გამდიდრების» არსი. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპპუნქტები და ასევე ამავე კოდექსის 979-ე მუხლი მე-3 ნაწილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ლ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი