Facebook Twitter

ას-1486-1495-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «დ. რ. გ-ი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «დ. რ. გ-ის» მიმართ და მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს 12 თვის დავალიანების _ 3600 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2009 წლის 7 მარტს მხარეთა შორის დაიდო ¹15 ხელშეკრულება საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისა და ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ხელშეკრულების 1.8. პუნქტის თანახმად, ინვესტორს შეთანხმებული ქონების გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მომენტიდან, მესაკუთრის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 5 რიცხვამდე 36 თვის განმავლობაში აშენებული სახლის ექსპლუატაციაში მიღებისა და მესაკუთრის საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციამდე უნდა ჩაერიცხა 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მესაკუთრის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გადაანგარიშებით.

მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ორი თვის თანხა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა. ხელშეკრულება შეწყდა იმის გამო, რომ მოპასუხემ ვერ შესძლო სხვა მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.

შპს «დ. რ. გ-მა» წერილი გაუგზავნა ბ. ხ-ს, რითაც შეატყობინა მესაკუთრეებთან ურთიერთობის და ინვესტიციის განხორციელების შეწყვეტის თაობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი შპს ,,დ. რ. გ-ის» წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მოპასუხისათვის 3600 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას და თავის სააპელაციო საჩივარს აფუძნებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების შესაბამისად დათქმულ ვადაში დაცალა მის საკუთრებაში არსებული ბინა და საცხოვრებლად გადავიდა სხვა მისამართზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან მხარეთა შორის 2009 წლის 7 მარტს გაფორმებული ¹15 ხელშეკრულების 1.8. პუნქტით ინვესტორის მხრიდან ვალდებულების წარმოშობას უკავშირებსQქონების გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მომენტს, სასამართლომ კი დაადგინა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, შესაბამისად, ვალდებულება არ წარმოშობილა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის, 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების, ანუ ხელშეკრულების საგნის გადაცემა არ მომხდარა, ამასთან, ინვესტორმა ვერ შესძლო ამხანაგობის რამდენიმე წევრთან შეთანხმების მიღწევა და სამშენებლო საქმიანობის დაწყება, უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. აღნიშნულის თაობაზე კი აცნობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეს.

სააპელაციო პალატის განჩინება ბ. ხ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს კასატორისათვის უნდა გადაეხადა 300 აშშ დოლარი. ბ. ხ-მა შეასრულა კუთვნილი ვალდებულება, დროულად დაცალა ბინა და გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე. მოპასუხემ რამდენჯერმე გადაუხადა თანხა, თუმცა შემდეგ მისი ჩარიცხვა შეწყვიტა.

მოწინააღმდეგე მხარის ბრალით მოსარჩელის ბინა იმდენად დაზიანდა, რომ საცხოვრებლად უვარგისია და საჭიროებს აღდგენას.

სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხემ დროულად შეატყობინა კასატორს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. რ.ურად კი, მხარეს არავითარი შეტყობინება არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.