ას-1497-1506-2011 19 დეკემბერი 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატაა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ზ.გ-მა საქართველოში მიწის რეფორმის განხორციელებისას სოფელ წ-ში მიიღო 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაზედაც გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. აღნიშნული მოწმობის საფუველზე ზ.გ-მა 2004 წლის 6 სექტემბერს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა რეფორმით მიღებული 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოგვიანებით, კერძოდ, 2009 წლის იანვარში, მან განახორციელა უკვე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაცია და აიღო დაზუსტებული საკადასტრო გეგმა. ზ.გ-ის მეზობლად ცხოვრობს მოპასუხე გ. მ-ი, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინ ზ.გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მესაკუთრის ნებართვის გარეშე დარგო ხეხილი, უკანონოდ დაეუფლა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და დღემდე არ ათავისუფლებს მას. 2009 წლის გაზაფხულზე გ.მ-ი შეეცადა ზ.გ-ის საკუთრებაში არსებული 330 კვ.მ მიწის ნაკვეთის თავის სახელზე რეგისტრაციას, რაც ვერ შეძლო. ზ.გ-მა განცხადებით მიმართა დუშეთის პოლიციას და მოითხოვა თავისი მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება, რა დროსაც გ.მ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ზ.გ-ის სახელზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის, ასევე დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე 330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მას უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკურთების რეგისტრაციაზე. მცხეთს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის გ.მ-ის სარჩელი ზ.გ-ს მიწის სარეგისტრაციო მოწმობის და ზ.გ-ის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება. გ.მ-ის დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში იმავე დღეს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ.მ-ის სარჩელი. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, გ.მ-ი დღემდე უკანონოდ სარგებლობს ზ.გ-ის საკუთრებით და თავისი ნებით არ ათავისუფლებს მას, რის გამოც ზ.გ-ი იძულებულია, მიმართოს სასამართლოს საკუთრებაზე ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ზ.გ-ის მიწის ნაკვეთში გ.მ-ს დარგული აქვს ხეხილი და მესაკუთრეს არ აძლევს თავისი საკუთრებით სარგებლობის საშუალებას.
მოპასუხე გ. მ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობს 1990-იანი წლების დასაწყისიდან, სოფელ წ-ში 1983 წლიდან აქვს ნაკვეთი და სახლი, რომლის მომიჯნავედ მდებარეობდა ასფალტის ქარხანა. სოფლის გამგეობის ნებართვით ამ ტერიტორიაზე ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები, გააშენა ხეხილი, მრავალწლიანი ნარგავები, ნაკვეთი შემოღობა მავთულბადით. ზ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენი საბუთები გაყალბებულია, რის თაობაზეც დაწყებულია გამოძიება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. მ-ს დაევალა, გამოათავისუფლოს დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე ზ. გ-ის საკუთრებაში არსებული 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც სააპელციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით მოსარჩელე ზ. გ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე 330 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრედ. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გ. მ-ი 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე ფლობს დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე 330 მ2 მიწის ნაკვეთს და ამ დროიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ დარგულია მრავალწლიანი ნარგავები. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის დასაბუთება სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე ზ. გ-ის უფლების უკანონობასთან დაკავშირებით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე უფრო ადრე, კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, ხოლო მიწის რეფორმა განხორციელდა საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ 1992 წლის 18 იანვრის დადგენილების შესაბამისად. პალატამ მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები ზ. გ-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის და დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში 330 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. გ-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მას სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და ფლობის უფლება არ წარმოშობია. პალატამ განმარტა, რომ უძრავ ნივთზე სანივთო უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ზ. გ-ის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გ. მ-ი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მესაკუთრე უფლებამოსილია, გამოითხოვოს თავისი ნივთი გ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პალატამ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. მოთხოვნის დაკმაყოფილება სამი წინაპირობის არსებობისას არის შესაძლებელი: პირველი, უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, მეორე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მესამე, მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის მფლობის უფლება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დუშეთის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე 330 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ზ. გ-ის საკუთრებას. მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით. სააპელაციო სასამართლომM არ GGგაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა საჯარო რეესტრში ზ. გ-ის საკუთრებად უძრავი ქონების რეგისტრაციის უსწორობა და განმარტა, რომ მოპასუხემ აღნიშნული ვერ დაასაბუთა სათანადო მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა შემდეგი დასაბუთებით: საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც შეიძლება გახდეს დუშეთის რაიონის სოფელ წითელწყაროში მდებარე 330 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთის ზ. გ-ისათვის გადაცემის საფუძველი, აღნიშნულ ფართზე რეგისტრირებულია ზ. გ-ის საკუთრების უფლება, რაც ამ უკანასკნელმა მოახერხა თაღლითური გზით. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დამთავრების შემდეგ შესაძლებელია, ზ. გ-მა გაანადგუროს კასატორის მიერ დარგული მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი, რომლის აღდგენაც შემდგომში შეუძლებელი იქნება, რითაც მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია ზ. გ-ს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2003 წლის 25 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ნაცვლად 2004 წლის 6 სექტემბერს გაცემული საკუთრების მოწმობისა. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. განჩინებაში მითითებულია, რომ ზ.გ-ის სახელზე რეგისტრირებულია სოფელ წ-ში 0,033 ჰა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემების საკადასტრო კოდით ¹..., რაც არასწორია და უნდა იყოს საკადასტრო კოდი ¹.... ამ მონაცემებში სრულად იკითხება სიყალბის ნიშნები დაზუსტებულია, რომ ამ მონაცემებით ნაკვეთი მდებარეობს სულ სხვა ადგილზე და ეკუთვნის სხვა პიროვნებას. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით. განჩინებაში მითითებულია, რომ სადავო ნაკვეთი არ შედის გ.მ-ის სახელზე შედგენილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტით და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით საკუთრებად გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რაც არასწორია. ეს ნაკვეთი არ შედის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, მაგრამ შედის საკუთრების დამადასტურებელი 2004 წლის 6 სექტემბერს გ.მ-ის სახელზე გაცემულ მოწმობაში არსებულ საკადასტრო გეგმაში, უბრალოდ ამ პერიოდისთვის მიღებული სტანდარტებით დაცული არ არის მასშტაბი სიტუაციურ ნახაზზე. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული საკადასტრო გეგმით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორის მითითება სახელმწიფო ბაჟის არაკანონიერად დაკისრების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუსაბუთებელია.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
გ. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 _ ლარის 70% _ 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.