ას-1502-1510-2011 5 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს. ე-ა» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. ე-ის მიმართ» ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ს. ე-ას» შპს ,,ს. რ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 1 292 537 ლარისა და 19 თეთრის, მათ შორის, 1.058.369 ლარისა და 19 თეთრის გადახდა ძირითადი დავალიანების, ხოლო 235 168 ლარის _ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. ე-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ს. ე-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, შპს «ს. ე-ისათვის» შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ 1526705.19 ლარის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს «საქარველოს რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი გაზრდილი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს «ს. ე-ას» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 1058369.19 ლარისა და მიყენებული ზიანის _ 234168 ლარის, სულ 1292537.19 ლარის გადახდა. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. ელექტროსისიტემამ», ისე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ამ ნაწილში საქმის წარმოება არ განახლებულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ამ ნაწილში საქმის წარმოება არაა განახლებული, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა საკასაციო სასამართლოში გაზარდა დავის საგანი, კერძოდ, მან საკასაციო მოთხოვნა ჩამოაყალიბა იმგვარად, რომ საკასაციო პალატის გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს 1526705.19 ლარის გადახდა. მოცემული დავის ფაქტობრივი ფარგლებისა და საკასაციო პრეტენზიის სხვაობით ირკვევა, რომ მოთხოვნა გაზრდილია 234168 ლარით (1526705.19-1292537.19), რაც ამ ნაწილში მოცემული საკასაციო პრეტენზიის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამონაკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი _ საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი გაზრდილი საკასაციო პრეტენზიის _ 234168 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.