ას-1521-1528-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. და ჯ. მ-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. და ჯ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნზ. მ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, ხოლო ნზ. მ-ი კი, სარჩელის მოთხოვნას დაეთანხმა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. და ჯ. მ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2011 წლის 19 აპრილის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა ტელევიზორი ,,სამსუნგი”, დივანი-სამეული, კომპიუტერი ,,ინტელი» ,,სამსუნგის” მონიტორით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნზ. მ-ს დაეკისრა 23223,20 ლარის გადახდა.
ნზ. მ-ი მოსარჩელე ნ. მ-ის შვილიშვილი, ხოლო ჯ. ნზ. მ-ის ძმაა. ნზ. მ-ი მოსარჩელეებთან მუდმივად მცხოვრები პირია.
აღმასრულების აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, სადაც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელეები და მოპასუხე ნზ. მ-ი.
სადავო ქონების დაყადაღებისას მესამე პირებს ქონების საკუთრების შესახებ რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ. ¹... საკრედიტო ხელშეკრულებით სს ,,... ბანკსა” და ჯ. მ-ს შორის განსაზღვრული პირობებით ჯ. მ-მა აიღო კრედიტი 1147 ლარის ოდენობით, კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენს განვადების სესხი, რომლითაც შეიძინა კომპიუტერი ,,ინტელი” «სამსუნგის» ფირმის მონიტორით.
მოწმეების _ ციცინო ბაძგარაძისა და რამაზ გიგაშვილის ჩვენებით, ჯ. მ-მა აღებული სესხით ნამდვილად დაფარა კომპიუტერისათვის დაწესებული თანხა, ხოლო დივანი და სავარძლები ნ. მ-ის მიერ შეძენილ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნზ. მ-ი სკოლაში დადიოდა, ასევე საკუთარი დანაზოგით შეიძინა ტელევიზორი ,,სამსუნგი”.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ, ნზ. მ-ის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავოდ გახადა სარჩელში მითითებული გარემოებები, მაგრამ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ ნზ. მ-ი ფლობს სადავო ნივთებს და მიჩნეულ უნდა იქნეს მის მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთის მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებით, საკრედიტო ხელშეკრულებითა და სესხის გადახდის გრაფიკით სწორად დადგინდა, რომ სადავო კომპიუტერი და მონიტორი ჯ. მ-მა შეიძინა, დივანი და სავარძლები იყიდა ნ. მ-მა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნზ. მ-ი სკოლაში დადიოდა, ხოლო ,,სამსუნგის” მარკის ტელევიზორი შეიძინა საკუთარი დანაზოგით.
სასამართლო სწორად არ დაეთანხმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას, რომ მოწმეთა ჩვენება არ უნდა გაზიარებულიყო და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეები გაფრთხილებულ იქნენ ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ და მათი ჩვენებები შესაბამისობაშია მოსარჩელეთა და მოპასუხის განმარტებებთან, ასევე საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მათი გაუზიარებლობის საფუძველი არ ჰქონდა.
პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოძრავი ნივთის შეძენასთან მიმართებით ამგვარი კანონისმიერი დათქმა არ არსებობს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ აღმასრულებელი, რომელსაც კრედიტორი მიმართავს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით და წარუდგენს სააღსრულებო ფურცელს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოიძიოს მოვალის – მოპასუხის ქონება და ყადაღა დაადოს მას. ამასთან, შესაძლოა, აღმასრულებლის მიერ მოვალის საკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე პრეტენზია განაცხადონ მესამე პირებმა, მაგრამ ეს არ აბრკოლებს აღმასრულებელს. ამავე კანონის მე-40 მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, ქონებას ყადაღა მაინც ედება, თუმცა 32-ე მუხლით მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, დგინდებოდა, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა არა მოვალე ნზ. მ-ს არამედ, ნ. და ჯ. მ-ებს, გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს. ვინაიდან დაყადაღებულ ქონებაში სხვა პირის ქონებაც მოხვდა, იგი ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს. ამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან ნ. და ჯ. მ-ებს არ წარმოუდგენიათ სადავო ნივთების მათი კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 155-ე მუხლების შესაბამისად, პალატას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეების შვილიშვილი და ძმა, რომელიც ცხოვრობს მათთან ერთად, ითვლება ნივთების მფლობელად და, შესაბამისად, ჩაითვლება მათ მესაკუთრედაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.