ას-1522-1529-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ი. ს-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოვალის წონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან თავისი კუთვნილი ქონების ამორიცხვა.
მოპასუხე ი. ს-ემ სარჩელი ცნო.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოვალე ი. ს-ე, რომელიც ცხოვრობდა მოსარჩელსეთან (დედა), სამოქალაქო კოდექისს 158-ე მუხლის შესაბამისად, დედასთან ერთად თავადაც ითვლებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ.
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.2010 წლის 06 დეკემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა შემდეგი დასახელების ნივთები – ხის საწოლი 2 ცალი, სალოგინე, რკინის საწოლი, ხის მაგიდა პრიალა ზედაპირით,ტანსაცმლის კარადა, პატარა ზომის კარადა, დივანი მწვანე ფერის, ჭურჭლის კარადა, ხის მაგიდა, ტრილიაჟი სარკით, მაგიდა დეესპეთი.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. ს-ეს, რომელიც არის მოსარჩელე მ. ა-ის შვილი, მასთნ მუდმივად მცხოვრები პირი, დაეკისრა 20413,80 ლარის გადახდა; აღმასრულების აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში, სადაც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელე და მოპასუხე ი. ს-ე.
სადაო ქონების დაყადაღებისას მესამე პირებმა ქონების საკუთრების შესახებ განაცხადეს პრეტენზია.
მ. ა-ის, მოპასუხე ი. ს-ისა და მოწმეების ახსნა-განმარტებებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ დაყადაღებული ნივთები _ ხის საწოლი 2 ცალი, სალოგინე, რკინის საწოლი, ხის მაგიდა პრიალა ზედაპირით,ტანსაცმლის კარადა, პატარა ზომის კარადა, დივანი მწვანე ფერის, ჭურჭლის კარადა, ხის მაგიდა, ტრილიაჟი სარკით, მაგიდა დეესპეთი, მ. ა-ის მზითვია.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავოდ გახადა მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები, მაგრამ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, ვინაიდან ი. ს-ე ფლობდა სადავო ნივთებს, იგი უნდა მიჩნეულიყო მის მესაკუთრედ, რაც პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ მფლობელობა მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებით სწორად იქნა დადგენილი, რომ სადავო ნივთები კერძოდ - ხის საწოლი 2 ცალი, სალოგინე, რკინის საწოლი, ხის მაგიდა პრიალა ზედაპირით, ტანსაცმლის კარადა, პატარა ზომის კარადა, დივანი მწვანე ფერის, ჭურჭლის კარადა, ხის მაგიდა, ტრილიაჟი სარკით, მაგიდა დეესპეთი არის მ. ა-ის მზითევი იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებაზე, ამავე კანონის 28.1-ე, მე-40.6 და 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა არა მოვალეს – ი. ს-ეს არამედ მ. ა-ს, გადაწყვეტილების აღსრულება კი მხოლოდ მოვალის ქონების რეალიზაციით არის დასაშვები, რაც წარმოადგენს ამ ქონების დაყადაღების მიზანს, ამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან მოსარცელის მიერ ვერ იქნა ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რაც მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს დაადასტურებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
«სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.