ას-1523-1530-2011 19 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა სილაგაძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ნ. ბ-ე, ზ. წ-ე, ნ. მ-ი, ა. პ-ე, გ. ჩ-ე, ნ. გ-ე, დ. წ-ჯ-ი, ე. ბ-ი, ო. ლ-ე, ზ. ლ-ე, მ. ს-ე, მ. ბ-ი
წარმომადგენელი _ ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ კოოპერატივი «ქ. ქ-ი» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კორპორაცია «ქლ-ის» მეანაბრეთა ჯგუფმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი გ. მ-ის, კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორის, კახეთის მხარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირად მოპასუხეების მხარეს მიუთითეს დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექცია და მოითხოვეს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს ყოფილი აღმასრულებლის ზ.ბ-ის მიერ გამოცემული 1999 წლის 30 აპრილის და 2000 წლის 19 მაისის ყადაღის აქტების არაიურიდიული ძალის მქონედ გამოცხადება და ბათილად ცნობა, უკანონო ყადაღისაგან კოოპერატივ «ქ. ქ-იდან» 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით საკუთრებაში გადმოცემული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით კორპორაცია «ქლ-ის» შპს «ა-ას» დაზარალებულ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულის ნ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კორპორაცია «ქლ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით კორპორაცია «ქლ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია «ქლ-ის» შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა _ ნ. გ-ემ, შ. ხ-მა, ზ. წ-ემ, ნ. ბ-ემ, ე. ბ-მა, ო. ლ-ემ, დ. წ-ჯ-მა, გ. ჩ-ემ, ა. პ-ემ, ზ. ლ-ემ, მ. ს-ემ და მ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. გ-ის, შ. ხ-ის, ზ. წ-ის, ნ. ბ-ის, ე. ბ-ის, ო. ლ-ის დ. წ-ჯ-ის, გ. ჩ-ის, ა. პ-ის, ზ. ლ-ის, მ. ს-ის, მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით მესამე პირის _ მ. ხ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნა ნ. მ-ი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. დედოფლისწყაროს რაინული სასამართლოს 1999 წლის 16 აპრილის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, იმავე რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის _ ზ. ბ-ის მიერ, კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორის _ ა. პ-ის, კორპორაცია «ქლ-ის» სამართალმემკვიდრე შპს «ა-ას» მეანაბრეების: ნ. გ-ის და მ. ჯ-წ-ას თანდასწრებით, მეანაბრეთა თანხების ამოსაღებად, 1999 წლის 30 აპრილის აქტით დაყადაღებულ იქნა კოოპერატივი «ქ. ქ-ის» ქონება;
2. 2000 წლის 19 მაისს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს აღმასრულებლის _ ზ. ბ-ის მიერ, საგადასახადო ინსპექციის უფროსის _ თ. გონაშვილის და კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორის _ ა. პ-ის თანდასწრებით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების, რომლითაც კოოპერატივ «ქ. ქ-ს» დაეკისრა 287 850 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა, აღსრულების მიზნით შედგენილ იქნა ყადაღის აქტი. აღნიშნული დავალიანების დასაფარავად დაყადაღებულ იქნა კოოპერატივის ქონება;
3. კოოპერატივი «ქ. ქ-ის» დირექტორს 2000 წლის 20 მაისის ყადაღის აქტის შედგენისას განემარტა, რომ იგი დაყადაღებული ქონების გასხვისებისათვის ან დაზიანებისათვის სისხლის სამართლის წესით აგებდა პასუხს. ასევე მოვალეს განემარტა, რომ აღნიშნული ქონება 1999 წლის 30 აპრილს დაყადაღებული იყო კორპორაცია «ქლ-ის» მეანაბრეთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, ა. პ-ს განემარტა ყადაღის აქტის გასაჩივრების უფლება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იგი არ დაეთანხმა ხსენებულ აქტს (ყადაღის აქტზე თავად გააკეთა მინაწერი, რომ იგი არ ეთანხმებოდა ხსენებულ აქტს, ვინაიდან 108 400 ლარის ქონება გადაცემული ჰქონდათ კორპორაცია «ქლ-ის» მეანაბრეებს), სასამართლოში იგი არ გაუსაჩივრებია;
4. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 16 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კორპორაცია «ქლ-ის» მეანაბრეთა ჯგუფის წარმომადგენელი იყო ნ. გ-ე;
5. საქმეში წარდგენილი მიმართვებით დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს აღმასრულებელმა _ ზ. ბ-მა ქონების დაყადაღების შესახებ აცნობა ნოტარიუს _ მ. ახალაურს, აღმასრულებელმა _ ნ. ბ-მა _ დედოფლისწყაროს მიწის მართვის სამმართველოს უფროსს, რომლითაც აცნობა, რომ მათ მიერ დაყადაღებული ქონება ნებართვის გარეშე გაასხვისა კოოპერატივის დირექტორმა _ ა. პ-მა და 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა ნ. გ-ეს. აღმასრულებლის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო აგრეთვე დედოფლისწყაროს რაიონის პროკურატურისთვის და საქმის გადაწყვეტამდე მოითხოვა სამმართველოს არ მოეხდინა ქონების გადაცემის დაკანონება. აღმასრულებელმა _ ნ. ბ-მა მიწის მართვის სამმართველოს უფროსს 2001 წლის 6 მარტის ¹15 წერილით ასევე აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ ყადაღის მოხსნის უფლება, აღნიშნულზე უნდა ემსჯელა სასამართლოს;
6. კახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელ გ. მჭედლიშვილის 2002 წლის 14 ივნისის წერილით დადგენილია, რომ კოოპერატივი «ქ. ქ-ის» უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ მან აცნობა დედოფლისწყაროს საჯარო რეესტრის რეგისტრატორს და სთხოვა, რომ მისი ნებართვის გარეშე არ მოეხდინათ აღნიშნული ქონების გასხვისება-გადაფორმება. წერილს თან ერთვის 1999 წლის 30 აპრილის და 2000 წლის 20 მაისის ყადაღის აქტები, რომელიც მიწის მართვის სამმართველოში დარეგისტრირდა 2002 წლის 14 ივნისს.4.7. საქმეში წარდგენილი 2002 წლის 5 აპრილის წერილით დგინდება, რომ დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს უფროსმა ნ. გ-ეს შეატყობინა, რომ მათ მიერ მიღებული იყო აღმასრულებელ ზ. ბ-ის 1999 წლის 30 აპრილის კოოპერატივი «ქ. ქ-ის» ქონების ყადაღის აქტი, რომელიც ინახება სამმართველოში. 2002 წლის 22 აპრილის ¹172 წერილით კი მიწის მართვის სამმართველომ ნ. გ-ეს აცნობა, რომ სამმართველოში არ მოიპოვება 1999 წლის 30 აპრილის ყადაღის აქტი, მაგრამ არის აღმასრულებელ ნ. ბ-ის შეტყობინებები სამმართველოს უფროსის რეზოლუციებით;
7. საქმეში წარდგენილია ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 23 აპრილის პასუხი, რომლის მიხედვით უძრავი ქონების დაყადაღების უფლებამოსილება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს მხოლოდ სასამართლოს; ნოტარიუსი მხოლოდ, შესაბამისი მომართვის საფუძველზე, რეგისტრაციის ჟურნალში ატარებს ყადაღის აქტს. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელეთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყადაღის აქტები ნოტარიუსის მიერ არ იყო რეგისტრირებული;
8. ყადაღის აქტების შესახებ ინფორმაცია აღმასრულებლებმა, გარდა ნოტარიუსისა, მიაწოდეს ასევე მიწის მართვის სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამმართველოს და ტექ. ბიუროს;
9. საქმეში წარდგენილია 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის რამდენიმე ეგზემპლარი, მათ შორის ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერებით დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «სააღსრულებოს წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, კრედიტორს და მოვალეს მართალია, უფლება აქვთ მორიგდნენ, მაგრამ აღსრულების პროცესში მორიგებისას სასამართლო აღმასრულებელს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი სამი დღის ვადაში გადაუგზავნის სასამართლოს მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელს _ ნ. გ-ეს და კოოპერატივ «ქ. ქ-ის» დირექტორს _ ა. პ-ს მორიგების აქტი არ გაუფორმებიათ, ისე მოახდინეს 1999 წლის 12 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით კოოპერატივ «ქ. ქ-ის» ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. გ-ემ, ნ. მ-მა, ზ. წ-ემ, ნ. ბ-ემ, ე. ბ-მა, ო. ლ-ემ, დ. წ-ჯ-მა, გ. ჩ-ემ, ა. პ-ემ, ზ. ლ-ემ, მ. ს-ემ და მ. ბ-მა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 32-ე მუხლი, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში უკანონოდ ჩაებნენ მესამე პირები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა აღმასრულებლების უკანონო ქმედებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ნ. ბ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, ა. პ-ის, გ. ჩ-ის, ნ. გ-ის, დ. წ-ჯ-ის, ე. ბ-ის, ო. ლ-ის, ზ. ლ-ის, მ. ს-ის, მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. პ-ეს, გ. ჩ-ეს, ნ. გ-ეს, დ. წ-ჯ-ს, ე. ბ-ს, ო. ლ-ეს, ზ. ლ-ეს, მ. ს-ეს და მ. ბ-ს დაუბრუნდეთ ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.