ას-1526-1532-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
კასატორი _ ნ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. შ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორს მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. წ-ისა და ნ. რ-ის მიმართ და მოითხოვა მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2003 წლის 13 ოქტომბერს ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ი. წ-მა, როგორც ნ. მშილდაძის მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე სახლის გამოყოფილი ნაწილი, რომელიც შედგება ერთი 29.59 კვ.მ საცხოვრებელი ოთახისაგან, ხოლო სათავსი (ზომით 2,35+4.50) მისაღები იყო ექსპლუატაციაში და სარგებლობდა ვინმე ზ-ე. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ი. წ-ი 2007 წლის 6 სექტემბერს დარეგისტრირდა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ, რომელიც მიჰყიდა მ. რ-ეს, რაც დასტურდება ნოტარიუს ბრეგვაძის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. 2008 წლის 21 მარტს ამ უკანასკნელმა სადავო ბინა მიჰყიდა ლ. რ-ეს, ყიდვა-გაყიდვა სს «... ბანკის» იპოთეკური სესხის საფუძველზე განხორციელდა. 2009 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ ლ. რ-ისაგან შეიძინა იგივე ქონება, რაც დაარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მ. რ-ე და მისი ქალიშვილი – ნ. რ-ე კვლავ ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელეს მიემართა პოლიციისათვის და მოეთხოვა მათი ბინიდან გამოსახლება. პოლიციამ ისინი არ გამოასახლა ცალკე მდგომი სათავსიდან, რადგან ი. ა-ი მხოლოდ სათავსის მოსარგებლე იყო. ნ. რ-ემ, მოსალოდნელი გამოსახლების შიშით, მოძებნა ი. წ-ი, ნოტარიუს ხათუნა ჯანხოთელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე განახორციელა აღნიშნული ფართის ი. წ-ის სახელზე რეგისტრაცია, რაც შემდგომ თავის სახელზე დაირეგისტრირა. აღნიშნული სათავსის დარეგისტრირების უფლება კი მოსარჩელეს ჰქონდა, რადგან თვითონ იყო მოსარგებლე.
მოპასუხე ი. წ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არ გაუყიდია სადავო სათავსი, რადგან ის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის იყო დაუკანონებელი, გაყიდა მხოლოდ დაკანონებული საცხოვრებელი ფართი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უსაფუძვლოა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ი. ა-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მ. შ-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი.ა-ის უფლებამონაცვლე მ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 13 ოქტომბერს, ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ი. წ-მა მემკვიდრეობით მიიღო დედის, ნ. მ-ის, დანაშთი ქონება – საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ.ქუთაისში, გ-ის, ბ-ისა და ტ-ის ქ. ¹76-2/1-ში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შედგება ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართი 29.59 კვ.მ, სასარგებლო ფართი - 29,59 კვ.მ, შუშაბანდი /2.40+3.00/+/3.55+2.40/მ. სათავსი 2,35+4,50 მ, რომელიც საერთო სარგებლობის 356 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრებაა. შენობა-ნაგებობები, სახლის გამოყოფილი ნაწილი, შედგება ერთი 29,59 კვ.მ საცხოვრებელი ოთახისაგან, დამხმარე ფართისაგან /2.40+3,00/+3,55+2,40/მ შუშაბანდისაგან, 29,59 მეტრი სასარგებლო ფართისაგან, რომელიც გარდაცვლილი ნ. მ-ის სახელზე რიცხული საკუთრებაა. 2003 წლის 3 დეკემბერს ი. წ-მა მემკვიდრეობით მიღებული ქონება მიჰყიდა მ. რ-ეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის გამოყოფილ ნაწილს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.ქუთაისში, ბ-ისა და ტ-ის ქ.¹76-2/1-ში, რომელიც შედგება ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან. დადგენილია, რომ 2008 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლ. რ-ემ მ. რ-ისაგან შეიძინა ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე უძრავი ქონება. 2009 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ი. ა-მა ლ. რ-ისაგან შეიძინა ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც შედგება 29.59 კვ.მ საცხოვრებელ ფართისა და 15.72 კვ.მ შუშაბანდისაგან, მინიჭებული აქვს მიწის საკადასტრო კოდი ¹03.03.24.016.01.500. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული ქონება დატვირთულია იპოთეკით – იპოთეკარი სს «... ბანკი» მესაკუთრე ლ. რ-ე. 2010 წლის 24 მაისის მინდობილობით, ი. წ-მა ნ. რ-ეს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ მის სანაცვლოდ აწარმოოს ქ.ქუთაისში, გ-ის, ბ-ის, ტ-ის ¹76/2/1 – ში მდებარე უძრავი ქონების, რეგისტრაცია და განკარგვასთან დაკავშირებული საქმეები. მინდობილობის თანახმად, ნ. რ-ე უფლებამოსილი გახდა, დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, კერძოდ, შეისყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, გაცვალოს, გადაიფორმოს, გააქირავოს ი. წ-ის წილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ქუთაისში, გ-ის, ბ-ის, ტ-ის ქუჩა ¹76/2/1–ში. 2010 წლის 11 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველმა ი. წ-ის წარმომადგენელმა ნ. რ-ემ, მყიდველ ნ. რ-ეს მიჰყიდა უძრავი ქონება, ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე 10.58 კვ.მ დამხმარე სათავსი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავის ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. რ-ის საკუთრებად და მიენიჭა მიწის საკადასტრო კოდი ¹.... ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ. ¹1-ში განთავსებული 356 კვ.მ მიწის ნაკვეთი ი. წ-ის მამკვიდრებელ, ნ. მ-ისა და ზ-ეების თანასაკუთრებას წარმოადგენდა. ნ. რ-ე მ. რ-ის შვილია, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად და ი. წ-თან გაფორმებული 2003 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან ფლობს სადავო ფართს. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ¹2 განყოფილების გამომძიებელ, კ. გ-ის მიერ, 2010 წლის 16 თებერვალს შედგენილი, «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი» ¹1-ით. ი. ა-ის მოთხოვნის საფუძველზე, მ. და ნატო რ-ეები გამოსახლებულ იქნენ ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილიდან, ხოლო სადავო 10.58 კვ.მ დამხმარე სათავსიდან მოპასუხეთა გამოსახლება ვერ მოხერხდა და მხარეთა შორის დავა გრძელდება.
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ამ ქონების ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ ქ.ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე 356 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნ. მ-ისა და ზ-ეების თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, ექსპლოატაციაში მიუღებელი 10,58 კვ.მ დამხმარე სათავსი ნ. მ-ის სარგებლობაში იყო, პალატამ მიიჩნია, რომ 2003 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ი. წ-ს საკუთრებაში გადაეცა 356 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების წილი და ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ექსპლოატაციაში მიუღებელი 10,58 კვ.მ ფართის დამხმარე სათავსის სარგებლობის უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ 2003 წლის 3 დეკემბრის, 2008 წლის 21 მარტისა და 2009 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავდაპირველად ი. წ-ის, ხოლო შემდგომ მ. რ-ისა და ლ. რ-ის მიერ მყიდველებზე გასხვისებულ იქნა შენობა-ნაგებობები, რაც განთავსებული იყო ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე 356 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების წილზე, პალატამ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, 2009 წლის 16 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველ ი. ა-ს საკუთრებაში გადაეცა 356 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღმართული ყველა შენობა-ნაგებობა (თუნდაც ექსპლოატაციაში მიუღებელი), რომელიც მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და არ იყო გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია 2010 წლის 24 მაისის მინდობილობის გაცემისა და 2010 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე 356 კვ.მ მიწის ნაკვეთის წილზე ი. წ-ის თანასაკუთების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის 24 მაისის მინდობილობის გაცემისა და 2010 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სადავო 10,58 კვ.მ დამხმარე სათავსი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე, ი. ა-ის საკუთრებას და ი. წ-ის მიერ მინდობილობის გაცემისას განიკარგა ის უძრავი ქონება, რომელზედაც საკუთრების უფლება არ გააჩნდა. პალატამ განმარტა, რომ უფლების შემძენს ტვირთად ადევს რეესტრის არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის მიმართ ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. შემძენს არ შეიძლება მოეთხოვოს ისეთი გარემოების ცოდნა, რომელიც აღემატება მისი შესაძლებლობის ფარგლებს. კეთილსინდისიერების შეფასებისას მთავარია შემძენის მხრიდან ფაქტების გაცნობიერების შესაძლებლობა და არა თავად ინტერესი ამ ფაქტებისადმი, ანუ შეფასების საგანია აღნიშნული ფაქტების ცოდნა და არა მიზანმიმართული ცოდნა. შემძენის კეთილსინდისიერების დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინება, ასეთ შემთხვევაში არსებითი საკითხია მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება, ანუ უნდა დადგინდეს, რომ შემძენმა არ იცოდა ქონების სხვა მესაკუთრის, უზუსტო ჩანაწერის ან ამ ქონებაზე დავის არსებობის თაობაზე, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტის შესახებ. ვინაიდან, 2010 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მყიდველ ნ. რ-ისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული დავის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება და რეესტრში არსებული ჩანაწერი ვერ გახდება ნ. რ-ის, როგორც შემძენის კეთილსინდისიერების გარანტი. იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლის 24 მაისის მინდობილობის გაცემისა და 2010 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ქუთაისში, ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე 356 კვ.მ მიწის ნაკვეთის წილზე და მასზე განთავსებულ 10,58 კვ.მ დამხმარე სათავსზე ი. წ-ის საკუთრების უფლება არსებობდა, ამ ქონების განკარგვასთან დაკავშირებული 2010 წლის 24 მაისის მინდობილობა და 2010 წლის 11 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემული და დადებული, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ემ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საჯარო რეესტრის მიერ მინიჭებული კოდები, რომლებიც სხვადასხვა დროს ასევე სხვადასხვა მისამართებზე არის რეგისტრირებული ბ-ის ქუჩა ¹2-სა და ტ-ის ქუჩა ¹1-ში. ი. ა-მა მ.რ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება ფართით 29,58 კვ.მ, ხოლო ტ-ის ქ.¹1-ში მდებარე უკანონო დამხმარე ნაგებობას განკარგავდა ნ. რ-ე, რომელიც ი. წ-ისაგან შეიძინა 2003 წელს და მისი დაკანონება მოახდინა 2010 წლის 24 მაისის მინდობილობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა ი. რ-ის მიერ კასატორის სახელზე გაცემული 2010 წლის 24 მაისის მინდობილობა – სანოტარო აქტი, რომლითაც საჯარო რეესტრში უძრავი ქონება ნ. რ-ემ თავის სახელზე გაიფორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 150-ე და 312-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.