ას-1536-1542-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ლ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ მ., ნ., კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. და გგ. ე-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ტ-ისა და ლ. ლ-ას მიმართ და მოითხოვეს ნ. ე-ისათვის მ. ტ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, წ-ის გამზირის ¹52-ში მდებარე 65.82 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა მისი საბაზრო ღირებულების, 65000 აშშ დოლარის 25%-ის _ 16250 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო მოპასუხე ლ. ლ-ასათვის 6250 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, იმავე მისამართზე მდებარე 27.54 კვ.მ ფართის ოთახისა და სამზარეულოს, ასევე ეზოში მდებარე 5.17 კვ.მ ფართის სათავსის მესაკუთრედ მოსარჩელე გგ. ე-ის ცნობა.
მოპასუხე ლ. ლ-ამ სარჩელი არ ცნო. წარმოდგენილი სარჩელი ასევე არ ცნო მ. ტ-ამ და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ე-ის მიმართ, მოითხოვა ნ.ე-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოპასუხის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის _ 22575 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ნ. ე-ისა და მისი ოჯახის წევრების _ მ., კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ების მფლობელობიდან სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მ. ტ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ტ-ის მიერ ნ. ე-ისათვის 22 575 აშშ დოლარის გადახდის მომენტიდან ნ., მ., კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ებს შეუწყდათ სარგებლობა-მფლობელობის უფლება ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ში მდებარე 65,82 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ. ტ-ს, ასევე დაკმაყოფილდა გგ. ე-ის სარჩელი, გგ. ე-ის მიერ ლ. ლ-ისათვის 6 250 აშშ დოლარის გადახდის მომენტიდან ლ. ლ-ას შეუწყდა ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ 27,54 კვ.მ სადგომზე (ამ ფართში მოიაზრება 18,67 კვ.მ ოთახი, 8,87 სამზარეულო კვ.მ და ეზოს 5,17 კვ.მ სათავსი) საკუთრების უფლება სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს გაცემული (¹...) სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად და აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე გგ. ე-ი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ლ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ., ნ., კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ., ნ., კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ების სააპელაციო საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მათი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინების გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოიშვა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ,,ა” პუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან, შესაბამისად, ნ. ე-ი წარმოადგენდა მ. ტ-ის კუთვნილი ფართის მოსარგებლეს, ხოლო გგ. ე-ი _ ლ. ლ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ლ. ლ-ის მოსაზრება, რომ ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ში არსებულ სახლთმფლობელობაზე საკუთრების უფლება მის გარდა ასევე ეკუთვნით გგ. ძნელაძეს, დ. მირიანაშვილს, მ. ტ-ს, ნრ. ო-ს, სახელმწიფოს და წარმოადგენს თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებას, რომელიც მათ შორის ნატურით გამოყოფილი და გამიჯნული არ არის.
საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ხსენებულ სახლთმფლობელობაზე ინდივიდუალური ფართის პროპორციულად განსაზღვრულია თითოეული მესაკუთრის წილი, კერძოდ, ლ. ლ-ის საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 6/12 ნაწილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებულია აპელანტის მითითება სახლთმფლობელობის სხვა მესაკუთრეთა ინტერესების დარღვევის შესახებ.
ნ. ე-სა და მ. ტ-ს შორის დავას არ იწვევდა სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» მიერ წარმოებული საექსპერტო კვლევის შედეგად 2009 წლის 1 დეკემბერს შედგენილი ¹... ექსპერტის დასკვნა საცხოვრებელი სადგომის მოცულობის (ფართის) განსაზღვრის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ. ე-ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართი შეადგენდა 65,82 კვ.მ.
ასევე, მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ მ. ტ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობდა ნანა ე-ი და მისი ოჯახის წევრები, მოპასუხეები _ მ.ი, კ., ხ., გ., ნნ., მმ., დ. და მზ. ე-ები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდებოდა, რომ ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ში მდებარე 373,44 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) 3/12 ნაწილიდან 9/10 ეკუთვნის მ. ტ-ს, ხოლო 6/12 _ ლ. ლ-ას.
სადაო საცხოვრებელი სადგომების ფართების და მათი ზუსტი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 1 ოქტომბერს მიღებული საოქმო განჩინების საფუძველზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” დაევალა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტის დასკვნის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ე-ის მიერ დაკავებული 65,82 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის ღირებულება შეადგენს 30 100 აშშ დოლარს, გგ. ე-ს დაკავებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომი, რომლის საერთო ფართი იყო 32,71 კვ.მ, საიდანაც 18,67 კვ.მ ოთახია, 8.87 კვ.მ სამზარეულო და სათავსი, რომლის მოცულობაც შეადგენდა 5,17 კვ.მ. გგ. ე-ის სარგებლობაში არსებული მთლიანი ფართის საბაზრო ღირებულება იყო 13000 აშშ დოლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოცემული დასკვნით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო მოსაზრებები, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე გაცემულ დასკვნაში ეჭვის შეტანას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთირთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის ,,ა” პუნქტით, მე-2 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ. ტ-ამ შეგებებული სარჩელით კანონშესაბამისად მოითხოვა მოსარჩელე ნ. ე-ისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ სადავო საცხოვრებელი სადგომის გათავისუფლება. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარგებლე ნ. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გგ. ე-ისათვის 27,54 კვ.მ-ს საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ლ. ლ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისში, წ-ის გამზირ ¹52-ის მესაკუთრეებად აღრიცხულია რამდენიმე თანამესაკუთრე, მათ შორის, სახელმწიფოც. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეებად საქმეში ჩართული არიან მხოლოდ ლ.ლ-ა და მ.ტ-ა, რითაც ირღვევა სხვა მესაკუთრეთა ინტერესები და სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 173-ე მუხლების მოთხოვნები.
ლ.ლ-ამ შეგებებული სარჩელი არასწორად შეიტანა მხოლოდ გ.ე-ის მიმართ და მისი წარმომადგენლის არაკვალიფიციური მოქმედების გამო მოთხოვნა მოპასუხის ოჯახის ყველა წევრის მიმართ არ წარუდგენია. ამის გამო კასატორი გეგმავდა შეგებებული სარჩელის გამოხმობას. მას არ სურდა სარჩელზე უარის თქმა და აღნიშნული სამართლებრივი შედეგის შესახებ საქმის განხილვისას არ ეთარგმნა. ამდენად, მის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება არასწორად შეწყდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. კასატორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ამ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისას, იმ მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული 100 ლარის ნაცვლად, გადაიხადა 150 ლარი. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მას უნდა დაუბრუნდეს სრულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ლ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 5 სექტემბერს დ. გ-ის მიერ გადახდილი 100 ლარის 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ლ. ლ-ას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» დ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 120 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.