Facebook Twitter

ას-1540-1546-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «მ. ი-ი”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «მ. ი-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ლ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «მ. ი-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა დ. ლ-ამ. ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 აგვისტოს განჩინებით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ლ-ამ.

2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც ტელეფონის საშუალებით ეცნობა 2011 წლის 17 ნოემბერს და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 ნოემბერს.

სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ გადახდილია 2011 წლის 18 ნოემბერს, მიუხედავად ამისა, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და თანდართული საბუთები უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გამოგზავნა მითითებული ვადის დარღვევით – 2011 წლის 25 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლებოდა თუ მხარე შეავსებდა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და აღნიშნულს წარმოადგენდა სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გამოგზავნიდა ფოსტის მეშვეობით, რაც საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ არ განხორციელებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ლ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. დ. ლ-ას დაუბრუნდეს მ. ო-ის მიერ 2011 წლის 18 ნოემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 629.66 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

დ. ლ-ას დაუბრუნდეს მ. ო-ის მიერ 2011 წლის 18 ნოემბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 629.66 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.