¹ას-1562-1562-2011 9 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ დ. მ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ნ. მ-ის, მბ. მ-ისა და მ. მ-ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობისა და რეალური წილის გამოყოფის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში საკასაციო განაცხადის დაზუსტება 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლები და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას.
აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ მხარეს გზავნილი ჩაბარდა 2011 წლის 20 ნოემბერს (ტ.I, ს.ფ.202). ხოლო ფოსტის მომართვის თანახმად ნ. მ-ს სასამართლო შეტყობინება 2011 წლის 25 ნოემბერს ჩაბრდა (ტ.I, ს.ფ.197).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა (საფოსტო შეტყობინებიდან გამომდინარე) დაიწყო 2011 წლის 21 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ნოემბერს, მაგრამ ვინაიდან 2011 წლის 23 ნოემბერი იყო დასვენების დღე, ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 24 ნოემბერს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კასატორისათვის გზავნილს ჩაბარებულად მივიჩნევთ 2011 წლის 25 ნოემბერს, სამდღიანი ვადის დენა დაიწყება 2011 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურება 2011 წლის 28 ნოემბერს. სასამართლოში კასატორ ლ. ც-ის განცხადება შემოვიდა 2011 წლის 1 დეკემბერს. მასზე დართული კონვერტით უტყუარად ვერ დასტურდებოდა თუ როდის ჩააბარა მხარემ განცხადება ფოსტას. შპს «ს. ფ-ის” გენერალურ დირექტორ ბატონ ლ.ს-ეს გაეგზავნა თხოვნა, ეცნობებინა სასამართლოსთვის ნ. მ-ის მიერ, კონვერტის საფოსტო განყოფილებისათვის ჩაბარების ზუსტი თარიღი. აღნიშნული თხოვნის პასუხად, შპს «ს. ფ-ისაგან” გვეცნობა, რომ ნ. მ-ის შეკვეთილი წერილი ¹634, ქუთაისის საფოსტო განყოფილებაში ჩაბარებულია 2011 წლის 29 ნოემბერს (ტ. I, ს.ფ.205). ამდენად, ნ.მ-მა საპროცესო ვადის დარღვევით მომართა სასამართლოს, იმის მიუხედავად მას 2011 წლის 20 ნოემბერს ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება თუ 2011 წლის 25 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარემ საფოსტო განყოფილებას მიმართა 2011 წლის 29 ნოემბერს, პალატა თვლის, რომ მან დაარღვია საპროცესო ვადა. აღნიშნული გარემოება ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება ნ.მ-ის განცხადებას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შესახებ, პალატა თვლის რომ განუხილველად უნდა დარჩეს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. სსაკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.