საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1334აპ-24 14 მაისი, 2025 წელი
ფ-ი ი., №1334აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ფ-ს (დაბადებული ---) ბრალად ედებოდა:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ი. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 8 ივლისს, საღამოს საათებში, ს-ში, --, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ფ-მა, არასრულწლოვანი შვილის – ა. ფ-ის –თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ლ. ძ-ს. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მის მეუღლეს მისი მოთხოვნები უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა, საკვები მიაყარა ზედ და მუშტი დაარტყა მკლავის არეში. შედეგად, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2024 წლის 9 ივლისს, საღამოს საათებში, ს-ში, --, ავტომობილში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ფ-მა არასრულწლოვანი შვილის – ა. ფ-ის – თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ლ. ძუ-ს. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მის მეუღლეს მისი მოთხოვნები უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა, ხელი დაარტყა მარცხენა ბარძაყის მიდამოში. შედეგად, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2024 წლის 11 ივლისს, დღის საათებში, ს-ში, --- საცხოვრებელ სახლში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ი. ფ-ი სიტყვიერად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ლ. ძ-ს. კერძოდ, იმის გამო, რომ მეუღლე წინა საღამოს მის დაუკითხავად გავიდა ეზოში, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. შედეგად, ლ. ძ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ი. ფ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ:
· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 8 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე.
· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 3 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე.
2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. ფ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
2.3. მსჯავრდებულ ი. ფ-ის ადვოკატმა – ა. ტ-მა – სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა – საკასაციო საჩივრით მოითხოვა ი. ფ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პროკურორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ი. ფ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ი. ფ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს, ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ თითოეული დანაშაულისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ოჯახური დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა (არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე), ასევე – დანაშაულთა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა და ი. ფ-ს თითოეული დანაშაულისთვის განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ჩაუთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას კი, გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ი. ფ-ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე და 531-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც, დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.9. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, ი. ფ-მა დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაულები ექცევა ერთი მხრივ, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და, მეორე მხრივ, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.“ შესაბამისად, ი. ფ-ი ვერ ისარგებლებს ხსენებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათით.
4.10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე