საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1353აპ-24 თბილისი
ლ-ა თ., 1353აპ-24 27 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ლ-ას ბრალად დაედო: პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება და ნებისმიერი განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, წ-ის რაიონში, ქ. ჯ-ში თ. ლ-ა, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გულისხმობს ქალის მიმართ მამაკაცის სტერეოტიპულ, მესაკუთრულ დამოკიდებულებას, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა მ. ა- ს და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას პირადად, რაც გამოიხატებოდა თ. ლ-ას მიერ ავტომანქანით გაყოლით იმ ადგილებში, სადაც მიდიოდა და იმყოფებოდა მ. ა- , ამასთან, უშუალოდ ხვდებოდა სხვადასხვა ადგილას და, მ. ა- ს ნების საწინააღმდეგოდ, პირადად ეკონტაქტებოდა მას; აგრეთვე მან შექმნა ყალბი -- გვერდები „---ს“, „---ს“ და „---ს“ სახელით, მ. ა- ს ვირტუალურ სივრცეში თვალთვალისა და არასასურველი ელექტრონული კომუნიკაციის მიზნით, სადაც ატვირთა უხამსი ფოტოსურათები და მ. ა- ს მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი კომენტარებით ახდენდა არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებებმა მ. ა- ს ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, შეუქმნა თ. ლ-ას მიერ მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, მან გააუქმა სოციალური ქსელი „ფ-ი“ და შეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე, თავს იკავებდა სოციალური ინტეგრაციისგან, არ ეკონტაქტებოდა მეგობრებს, გარეთ გასვლისგან თავს იკავებდა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელთან ერთად გადიოდა, ჰქონდა თვითმკვლელობის განზრახვა, რამაც მ. ა- ს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა აიძულა და შეუქმნა მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით თ. ლ-ა, დაბადებული -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მ. ჯ. ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ლ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის კანონიერი და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. გამართლებულ თ. ლ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა-ა შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №725აპ-19, №981აპ-19, №1302აპ-23).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა თ. ლ-ას ბრალეულობა, კერძოდ:
8.1. დაზარალებულ მ. ა- ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლიდან 2022 წლის ოქტომბრის თვემდე თ. ლ-ა სიყვარულს უხსნიდა და, მიუხედავად იმისა, რომ მის სიყვარულზე იმავე გრძნობით არ პასუხობდა, ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლე არასდროს გახდებოდა, ის მაინც მუდმივად ხვდებოდა მას სამსახურთან, სახლთან, მაღაზიასთან. თ.ს არ ესალმებოდა, რაზეც ბრალდებულმა მას უთხრა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც მასაც ეტკინებოდა გული. ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფ-ზე“ შეიქმნა ყალბი გვერდები „---ს“, „---ს“ და „---ს“ სახელით, მათზე იტვირთებოდა დაზარალებულის ფოტოები, ასევე – უხამსი სურათები და წერდნენ კომენტარებს, რასაც განიცდიდა და ოთახში იკეტებოდა, არსად დადიოდა, ტიროდა და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა; მიმართა პროკურატურას განცხადებით, აღნიშნულის შემდეგ კი შეწყდა ყალბი გვერდების შექმნა სოციალურ ქსელ „ფ-ზე". მ. ა- ხედავდა, რომ თ. ლ-ა ყოველთვის მისი სახლისკენ იცქირებოდა, ასევე, ერთ დღეს დედა, კ. კ-ა, წაიყვანა ავტომანქანით სამსახურში და ნახა, რომ თ-ი უკან მოჰყვებოდა. თავად მუშაობდა სოფელ მ-ას საბავშვო ბაღში, რომლის თანამშრომელმა მ. წ-ამ უთხრა, რომ თ. ლ-ას სურდა მასთან საუბარი. იგი არ დასთანხმდა, ხოლო შემდეგ მ. წ-ამ მას სთხოვა, რომ ბოლოჯერ ენახა თ-ი, ესაუბრა მასთან და შეახვედრა თავის სამუშაო ოთახში. თ-მა უთხრა, რომ უყვარდა და დაეხმარებოდა ყალბი „---“ გვერდების წაშლაში. ძალიან განიცდიდა სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, თავად გააუქმა თავისი პირადი ფ----ი, ასევე – გამოცვალა მობილური ტელეფონი და სახლში ჩაიკეტა, მეგობრები კი მას ამხნევებდნენ და სთხოვდნენ სამსახურში სიარულს.
8.2. მოწმე კ. კ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის დაზარალებულ მ. ა- ს დედა. მისმა შვილმა 2019 წელს ბაღის აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. იყო ძალიან ხალისიანი, მეგობრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო 2020 წლიდან შეეცვალა ხასიათი, არაფერი უხაროდა, ოთახში იკეტებოდა. ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ მ. პასუხს არ სცემდა. ერთხელ მ. ს ავტომანქანით მიჰყავდა სამსახურში, როდესაც მისმა შვილმა უთხრა, რომ თ-ი მათ უკან მოჰყვებოდა. როგორც შემდეგ გაიგო, ყველგან თ. ლ-ა დაჰყვებოდა მას, რის გამოც, მ. ა- ს მოუწია ცხოვრების წესის შეცვლა. ასევე, შექმნა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდები, მათზე მ. ს სურათებს ტვირთავდა და ცუდ კომენტარებს წერდნენ. მისმა შვილმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. შეიცვალა სამუშაო ადგილი და ქ. ჯ-ში დაიწყო მუშაობა.
8.3. მოწმე ჯ. ა- მ სასამართლოს განუმარტა, რომ არის დაზარალებულ მ. ა- ს მამა. მისმა შვილმა მ-ას საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა 2019 წელს. ის იყო ხალისიანი, ხოლო 2020 წლიდან გახდა ჩაკეტილი. მ. მ მას უამბო, რომ თ. ლ-ა მოსვენებას არ აძლევდა, ყველგან დაჰყვებოდა და სწერდა წერილებს. ამის შემდეგ დაუკავშირდა თ. ლ-ას და შეხვდა მას. თ.მა უთხრა, რომ მ. ს თავს მაინც არ დაანებებდა და არ შეეშვებოდა. იცის, რომ მ. ს სახელით გახსნილი იყო ყალბი ფეისბუკგვერდები და იტვირთებოდა მისი შვილის ფოტოები. გამოძიების დაწყებისთანავე შეწყდა სურათების ატვირთვა და ახალი ყალბი გვერდების შექმნა.
8.4. ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 11 აგვისტოს N---- დასკვნის თანახმად (რომლის სისწორე და ავთენტურობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ე. ა-ემ), ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით – შიშის, დამცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც, მ. ა- განიცდის შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას.
8.5. მ. ა- ს 2022 წლის 10 ოქტომბრის განცხადების თანახმად, 6 წელია, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა, გაუტეხეს სოციალური ქსელები, სთხოვდნენ შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუვრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ კადრებს.
8.6. 2022 წლის 19 ოქტომბრის ამოღების ოქმის მიხედვით, მ. ა- სგან ამოიღეს სოციალურ ქსელ „ფ--ზე“ „----ს“, „---ს“ და „----ს“ სახელით დარეგისტრირებულ პიროვნებებს შორის „ფეისბუკ“ გვერდზე მესენჯერით წარმოებული მიმოწერის სქრინშოტები.
9. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა საპირწონედ დაცვის მხარემაც წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე მ. წ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის -ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ას საბავშვო ბაღის დირექტორი. აღნიშნულ ბაღში მ. ა- მუშაობდა 2014 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე და გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, ვინაიდან პანდემიის პერიოდში დაიწყო მუშაობა წ-ის საავადმყოფოში. მ-ს ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არასდროს შეუნიშნავს, რომ მას რაიმე პრობლემა ჰქონოდა. წლებია, იცნობს თ. ლ-ასაც, რომელიც არის ა-დან იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ერთ ოთახში, საბავშვო ბაღის გვერდით. ის უანგაროდ ხშირად ეხმარება ხოლმე მათ სარემონტო სამუშაოების შესრულებაში. როდესაც თ-ი მისი თხოვნით შედიოდა საბავშვო ბაღში, მ. ა- ც იქ იმყოფებოდა და მათ შორის რაიმე დაძაბული ურთიერთობა არასდროს შეუნიშნავს. ბაღში ხშირად ატარებდნენ ღონისძიებებს, სადაც მ. იყო ჩართული თავისი ჩვეული სიხალისით. მ. ა- გამოირჩეოდა მხიარული ხასიათით და მისი ცუდ ხასიათზე ყოფნა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა არავისთვის, მაგრამ ის ყოველთვის კარგ, მხიარულ განწყობაზე იყო. 2021 წელს თ-მა უთხრა, რომ სურდა მ. ა- სთან საუბარი და, თუ მასაც ჰქონდა შეხვედრის სურვილი, სადაც მოისურვებდა, იქ შეხვდებოდა. მ-მ სურვილი გამოთქვა, თ-თან ესაუბრა საბავშვო ბაღის შენობაში და დღის ბოლოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თავის სამუშაო ოთახში შეახვედრა ერთმანეთს. ოთახში კარი და ფანჯრები ღია იყო და, დაახლოებით, 10 წუთს ისაუბრეს, ხოლო საუბრის თემა არ გაუგია, ოთახიდან კი ორივე მხიარული განწყობით გამოვიდა.
9.1. მოწმე ნ. გ-ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ჯ-ში აქვს სახელოსნო, რომელშიც მუშაობს თ. ლ-აც. მ. ა- ს საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სახელოსნოს პარალელურ ქუჩაზე. თ-ი და მ. ერთად არასდროს შეუნიშნავს და მ-ს ასევე არაფერი მოუყოლია მისთვის თ-ის შესახებ.
9.2. მოწმე გ. უ-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ თ. ლ-ა მუშაობს ავტოსახელოსნოში და მასთან ხშირად მიჰყავს ავტომანქანები. თ-თან ერთად ხშირად უწევს გადაადგილება ავტომანქანების შესაძენად და ერთად ყოფნის დროს ხშირად შეხვედრია მ. ა- ს მაღაზიაში, აფთიაქში და მისალმებია მას. იცის, რომ თ. ლ-ას მ. ა- ს ცოლად მოყვანა სურდა.
9.3. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 31 ოქტომბრის N--დასკვნის თანახმად, თ. ლ-ას ფსიქიკური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, აღსანიშნავი ცვლილება ან დაქვეითება არ გამოვლინდა. ექსპერტმა თ. კ-ემ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული N-- დასკვნის სისწორე და ავთენტურობა და განმარტა, რომ თ. ლ-ას ფსიქიკური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, აღსანიშნავი ცვლილება ან დაქვეითება არ გამოვლინდა; ასევე ჩაუტარდა ემოციური პიროვნულ ხასიათობრივი თავისებურებების ტესტი. თ. ლ-ა მიზანმიმართული კონტაქტისთვის თავისუფლად მისაწვდომი იყო, შეინიშნებოდა უხერხულობა, ნერვიულობა, მორიდებული იყო საუბრისას, მშვიდად და წყნარად საუბრობდა, ემოციური ფონი ეცვლება და შეეცვალა ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და მისთვის პიროვნული ღირსების შემლახავ სიტუაციასთან დაკავშირებით გასაუბრებისას; ცდილობდა, ეკონტროლებინა ემოციური გამოვლინებები, გრძნობდა შეურაცხყოფას. თ. ლ-ა გაურბის კონფლიქტებს, ეძებს ისეთ გარემოს, რომელშიც შეძლებდა სულიერი ძალების აღდგენას და განმუხტვას. გამოხატულია სიმშვიდის და უსაფრთხოების მოთხოვნილება, შფოთვის დონის მაჩვენებელი საშუალოა, ზრდის ტენდენციით (5-7).
9.4. ბრალდებულმა თ. ლ-ამ სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, 1992 წლიდან ცხოვრობს სოფელ მ-აში. მ. ა- გაიცნო მ-ის საბავშვო ბაღში მუშაობის პერიოდში. არასდროს უკამათია და ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. შემდეგ ეს ურთიერთობა გადაიზარდა სიყვარულში. ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ მ. ს მშობლები და ამბობდნენ, რომ „კანტორაში“ მცხოვრებ ბიჭს თავიანთ შვილს არ მიათხოვებდნენ. მ. ს მამამ უთხრა, რომ მის შვილთან ახლოს არ მისულიყო. როდესაც სახლში დაბრუნდა, საბავშვო ბაღთან ნახა მ. ს ავტომანქანა და მ. წ-ას დახმარებით შეხვდა მას საბავშვო ბაღში. ისაუბრეს, მ. მ მას უთხრა, რომ თავისი გეგმები ჰქონდა და სექტემბრიდან ჯ-ში გადადიოდა სამუშაოდ, ჯერჯერობით არ აპირებდა გათხოვებას, მაგრამ კატეგორიული უარი არ უთქვამს. მ. ა- სთან არასდროს დაუმყარებია არასასურველი კომუნიკაცია და არ დაჰყვებოდა მას. იყო შემთხვევები, როდესაც მეგობარი საავადმყოფოში წაიყვანა და დაემთხვა მ. ს მორიგეობას, სადაც თავისთავად შეხვდა მას. ასევე, დედა ჰყავდა ცუდად და დაჰყავდა ექიმებთან, სადაც ასევე ხვდებოდა მ. ა- ს.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, ადევნების განხორციელების ფორმებია: უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა ნებისმიერი განზრახი ქმედება – ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც არასასურველია დაზარალებულისთვის. ზემოჩამოთვლილი ქმედებების ადევნებად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ სისტემატური ხასიათი, სისტემატურად კი უნდა ჩაითვალოს ქმედებების სამჯერ ან მეტჯერ ჩადენა. ადევნებამ მსხვერპლში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ემოციური ტრავმა და ტერორი უშუალო კომუნიკაციისა და მუქარის გარეშეც კი. ამასთან, ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი არ არის, მსხვერპლმა შეცვალოს ცხოვრების წესი, საკმარისია მისი შეცვლის რეალური საჭიროების წინაშე ყოფნის ფაქტიც.
11. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ. ლ-ა და მ. ა- ცხოვრობენ ერთ რაიონში, სარგებლობენ ერთი და იმავე აფთიაქით, მაღაზიებით და ა.შ.. მოწმე მ. წ-ას განმარტებით, საბავშვო ბაღი მდებარეობს თ. ლ-ას საცხოვრებელი ოთახის გვერდითა შენობაში. შესაბამისად, ფაქტი, რომ სამსახურში მყოფ მ. ა- ს დღეში რამდენჯერმე ან, თუნდაც, ყოველდღე ენახა თ. ლ-ა, არ არის გასაკვირი. თავად დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ თ. ლ-ა შეხვედრისას მას აწუხებდა და ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას. მ. ა- ს ტანჯვა გამოიწვა ყალბმა ფეისბუკგვერდებმა, რომელთა შემქმნელი, მ. ა- ს აზრით და განმარტებით, იყო თ. ლ-ა, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი, არამცთუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი არ დასტურდება, რომ აღნიშნული გვერდები ნამდვილად შექმნა თ. ლ-ამ.
12. რაც შეეხება მ. ა- სა და მისი მშობლების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, ოთახში იკეტებოდა, არ სურდა მეგობრებთან ურთიერთობა და ტიროდა, თავის მოკვლაც კი სცადა იმის გამო, რაც მის ირგვლივ ხდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით (და არა თ. ლ-ას მხრიდან არასასურველი კომუნიკაციით), აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნეიტრალურმა მოწმემ, სოფელ მ-ას საბავშვო ბაღის დირექტორმა მ. წ-ამ განაცხადა, რომ მ. ა- გამოირჩეოდა მხიარული ხასიათით, ჩართული იყო ღონისძიებების მოწყობაში და არასდროს შეუნიშნავს მოწყენილობა, ხოლო სამსახურიდან წავიდა პირადი განცხადების საფუძველზე, ვინაიდან ქვეყანაში იყო პანდემია და მას სურდა ქ. ჯ-ის საავადმყოფოში მუშაობა, თ. ლ-ას კი არანაირი შეხება არ აქვს მ. ა- ს სამსახურიდან წასვლასთან. მოწმე მ. წ-ამ ასევე განმარტა, რომ თავის სამუშაო ოთახში შეხვედრის შემდეგ მ. და თ.ი ოთახიდან მხიარული განწყობით გამოვიდნენ. შესაბამისად, აშკარაა, რომ მ. ა- ს პირადად თ. ლ-ასთან ურთიერთობა არ აყენებდა დისკომფორტს, არამედ მისი ტანჯვა გამოწვეული იყო იმ უხამსი ფოტოებითა და კომენტარებით, რომლებიც იწერებოდა ყალბ ფეისბუკგვერდებზე.
13. დადგენილია, რომ „----ს“ სახელით ყალბი „ფეისბუკ“ გვერდი დარეგისტრირდა 2020 წლის 9 ნოემბერს, ხოლო აღნიშნული გვერდის რეგისტრაციისათვის გამოყენებულ იქნა „ბილაინის“ ქსელში ჩართული ტელეფონის ნომერი – ---, რომელიც რეგისტრირებული იყო მ. ქ-ას სახელზე (თ. ლ-ას განმარტებით, იგი საერთოდ არ იცნობს მ. ქ-ას და მასთან არავითარი შეხება არ ჰქონია). საყურადღებოა, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარეს მოწმედ არ დაუკითხავს მ. ქ-ა. პროკურორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს, 17:45 საათზე, მ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი – --- – მოთავსდა --- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში, რა დროსაც ქალაქ ჯ-ის ტერიტორიიდან განხორციელდა რამდენიმე ზარი და მითითებული ნომერი – -- – ზემოაღნიშნულ -- იმეი კოდის მქონე მობილურ ტელეფონში მოთავსებული იყო, დაახლოებით, ოთხი წუთის განმავლობაში. ბრალდების მხარის ვერსიითვე, თ. ლ-ა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 26 აგვისტომდე უწყვეტად, ერთ წელზე მეტი ხნით, სარგებლობდა --- იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონით, თუმცა აღნიშნულით ვერ დასტურდება თ. ლ-ასთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თ. ლ-ას ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ლ-ას მიერ მ. ა- ს მიმართ ადევნების ფაქტს. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში კი მხარის ყველა არგუმენტს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე