Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1369აპ-24 19 მაისი, 2025 წელი

ა-ი ჯ., №1369აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის და მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. ა-ს -- ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, რ---ში მდებარე, შპს „ჯ--ის“ კუთვნილ ჯიხურში, ფანჯრის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მოქმედმა ჯ. ა-მა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა ერთმა პირმა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ მაღაზიაში განთავსებულ საკვებ პროდუქციას, ასევე – „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს. მითითებული ქმედების შედეგად, შპს „ჯ------ს“ ჯამში მიადგა 690,24 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით, ჯ. ა-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლელა ჭეშმარიტაშვილმა – მოითხოვა დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატმა – ი. მ-მა – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის და ადვოკატ ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

3.3. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლელა ჭეშმარიტაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. მისი პოზიციით, მსჯავრდებულის ქცევის (თანამზრახველის ვინაობის გაუმჟღავნებლობით სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან), წარსული ნასამართლობის და დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არსებობის პირობებში, გამოყენებული სასჯელით ვერ მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

3.4. მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატი ი. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, მან ნებაყოფლობით ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას, წარმოდგენილი მტკიცებულებები კი სასამართლოში მიიჩნია უდავოდ, რითაც დაზოგა სასამართლოს რესურსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის და მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ჯ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

3. ჩადენილი დანაშაულისთვის ჯ. ა-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი დაენიშნა ჯ. ა-ს, უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება, მონანიება და მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობა), ისე, დამამძიმებელი გარემოებები (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის პირობებში კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტი). ამ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირის ვინაობის გაუმჟღავნებლობის პირობებში, გამოირიცხება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა, რადგან აღნიშნული მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობისთვის კანონმდებელი იმპერატიულად და კუმულაციურად მოითხოვს, რომ ბრალდებულმა (მსჯავრდებულმა) აღიაროს დანაშაული (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დაასახელოს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად უთხრა უარი დაცვის მხარეს სასჯელის შემსუბუქებაზე.

9. ჯ. ა-ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო, თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, რადგან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რითაც სასჯელი დაენიშნა ჯ. ა-ს, არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, დასახელებული მუხლი არ ექცევა ამნისტიის ხსენებული კანონის მე-7 მუხლში.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის და მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლელა ჭეშმარიტაშვილის და მსჯავრდებულ ჯ. ა-ის ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი:

3. ჯ. ა-ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 7 თვით;

4. ჯ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს პირველი ინსტანციის განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 21 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2024 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით;

5. ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი