საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1385აპ-24 თბილისი
ე. ლ., 1385აპ-24 2 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ე-ას ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2 ეპიზოდი); ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 11 მაისს თ-ში, --ის N-კორპუსის ბინა N--ში ყოფნისას, ლ. ე-ა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე – მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, „ფ-ის“ მესენჯერის საშუალებით, ქ. ლ-ში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ქ. წ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა და მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, ქ. წ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 15 ივნისს ლ. ე-ა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე – მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, „ფ-ის“ მესენჯერის საშუალებით, ქ. ს-იდან სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-ში, --ის N-კორპუსის ბინა N--ში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ქ. წ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ თავს წააცლიდა და მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ქ. წ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 24 ივნისს ლ. ე-ა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე – მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, „ფეისბუკის“ მესენჯერის საშუალებით, ქ. ს-იდან ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თ-ში, --ის N-კორპუსის ბინა N--ში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ქ. წ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ გაუტეხავდა ცხვირს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ქ. წ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის პირველ აგვისტოს, დღის საათებში, ქ. ს-ში, გ-ის ქუჩის N--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ლ. ე-ამ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე – მამაკაცის ქალზე ბატონობის და კონტროლის პრინციპით, არასრულწლოვან, -- ლ. ე-ას თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე – ქ. წ-ზე, კერძოდ, რამდენჯერმე სწვდა თმაში და ქაჩავდა, რის შედეგადაც ქ. წ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ამასთან, ლ. ე-ამ ესროლა ნივთი, რომელიც ქ. წ-ს მოხვდა ფეხებზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ. ს-ში, გ-ის ქუჩის N--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ლ. ე-ამ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, მორჩილების და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე – მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, არასრულწლოვან, 2019 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ლ. ე-ას თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე – ქ. წ-ზე, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა კეფის არეში. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ქ. წ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ლ. ე-ა, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 მაისის, 15 ივნისისა და 24 ივნისის ეპიზოდები) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ლ. ე-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 400 საათით, რასაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი – და ლ. ე-ას, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 400 საათით – და ჯარიმა – 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ე-ას, 2023 წლის 27 ნოემბრიდან 2024 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ე-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ქ. ს-ში, გ-ის ქუჩის №--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ლ. ე-ამ, არასრულწლოვან, 2019 წლის 10 დეკემბერს დაბადებულ ლ. ე-ას თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე – ქ. წ-ზე, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა კეფის არეში. ზემოაღნიშნული ქმედებით ქ. წ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე მახათაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. ე-ას დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. ლ. ე-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. ე-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა გასაჩივრებულ ეპიზოდებში ლ. ე-ას ბრალეულობა.
10. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას 2021 წლის 11 მაისის, 15 ივნისისა და 24 ივნისის, ასევე – 2023 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდებში სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის, აგრეთვე – ფიზიკური ძალადობის ეპიზოდების შეფასებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
10.1. დაზარალებულ ქ. წ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვლის თვიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ ლ. ე-ასთან; ჰყავთ საერთო შვილი – ლ. ე-ა. როგორც მისთვის ცნობილია, ბრალდებულს მანამდე სხვა მეუღლე ჰყავდა, რომელსაც 2019 წლის 14 იანვარს დაშორდა. ქორწინებამდე ორ ადგილას სწავლობდა, ასევე – მუშაობდა, თუმცა ლ-ის გამო თავი დაანება. ბრალდებულს ჰქონდა არასრულფასოვნების კომპლექსი და იყო ეჭვიანი. ამის გამო ხშირად კამათობდნენ, სულ შეზღუდული იყო და გარეთ ვერ გადიოდა. საბოლოოდ, დაშორდნენ ერთმანეთს. როდესაც ორსულად იყო, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მოიხმარდა ნარკოტიკს, რაც მის უკმაყოფილებას იწვევდა. 2021 წლის 11 მაისს იმყოფებოდა ლ-ში, ოთახში, შვილთან – ლ. ე-ასთან – ერთად, რა დროსაც მესენჯერში ვიდეოთვალით საუბრისას მეუღლემ – ლ. ე-ამ, რომელიც იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად თ-ში, მათ საცხოვრებელ სახლში და მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მესიჯად მისწერა, თუ როგორ გაბედა ასეთი ტონით სხვების თანდასწრებით მასთან საუბარი, შეელახა თავმოყვარეობა, რის გამოც, თ-ში როგორც დაბრუნდებოდა, წააცლიდა თავს. მეუღლის სიტყვების გამო შეეშინდა. 2021 წლის ივნისში კვლავ განმეორდა მუქარის ფაქტი, კერძოდ, ლ. ე-ა იმყოფებოდა ქ. ს-ში, ხოლო თვითონ – თ-ში. მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ მამა და ძმა. ვინაიდან მამა იყო შეუძლოდ და საჭესთან დაჯდომა არ შეეძლო, ამიტომ მას უნდა წაეყვანა ლ-ში. როდესაც ამის თაობაზე ლ-ს მისწერა მესენჯერში, ბრალდებული გაბრაზდა და დაემუქრა, რომ ჩამოვიდოდა და ცხვირს გაუტეხდა. ლ. ე-ას მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში. 2021 წლის 5 ივლისს ლ. ე-ას მეგობრის დედა იყო გარდაცვლილი, რის გამოც, იმ პერიოდში მოუწია ს-ში ყოფნა. ვინაიდან ბავშვი ჰყავდა სიცხიანი, ეხვეწებოდა, თ-ში ჩამოსულიყო, მაგრამ ბრალდებული არ ბრუნდებოდა. ვიდეოთვალით მასთან საუბრისას ხედავდა, რომ ბრალდებული არ იყო ფხიზელი. ლ-მა საუბრისას უთხრა, რომ წააცლიდა თავს, რაც აღიქვა რეალურად და შეეშინდა. ბოლოს გადაწყვიტეს ურთიერთობის გაწყვეტა. დაზარალებულის გადმოცემით, ფინანსური პრობლემების გამო, 2021 წელს წავიდა საზღვარგარეთ. თავდაპირველად დედასთან დატოვა შვილი, რომელიც შემდეგ წაიყვანა ლ. ე-ამ. 2022 წლის 5 დეკემბერს დაბრუნდა ს-ში და 6 დეკემბერს გაემგზავრა ს-ში შვილის სანახავად. ლ. ე-ასთან, შვილის ნახვასთან დაკავშირებით, ჰქონდა უთანხმოება, რის გამოც, მიმართა სასამართლოს. განესაზღვრა ლ. ე-ას ნახვის დღეები. შემდეგ მოიპოვა მასთან განუსაზღვრელად ყოფნის შესაძლებლობა. 2023 წლის 1 აგვისტოს ჩავიდა ს-ში, გ-ის ქუჩის №--ში, უნდოდა, ბავშვი გასასეირნებლად გაეყვანა ეზოს გარეთ, რის გამოც, მოუვიდა ლ-თან უთანხმოება. ბრალდებული აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ „ფეხებზე ეკიდა მისი განჩინება, ბავშვს ვერ წაიყვანდა“. ამ დროს ლ-მა მოჰქაჩა თმა, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ლ-ს პლასტმასის სათამაშო მანქანას დაარტყა წიხლი, რაც მოხვდა წვივის ადგილას. ლ. ე-ა კალთაში ეჯდა და ამ ყველაფერს აპროტესტებდა, ყვიროდა, გაჩერდითო. 2023 წლის 11 აგვისტოს დედასთან – ნ. ბ-ესთან – ერთად კვლავ ჩავიდა ს-ში ბავშვის სანახავად. დაახლოებით, 15:00 საათი იქნებოდა, იმყოფებოდნენ ლ. ე-ას სახლში. სურდა ბავშვის გასეირნება სკვერში, რის გამოც, წარმოიქმნა კონფლიქტი ლ-სა და მას შორის. უთანხმოებას ესწრებოდნენ ბრალდებულის დედა და მამიდაც. ლ-მა გადაწყვიტა მისი სახლიდან გაგდება და ჯიკაობით მიჰყავდა კარისკენ. ამ დროს მოუქნია ხელი, რომელიც კეფის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამ ყველაფრისა, ლ-ის მამიდამ ბავშვის ერთი „ჩუსტი“ მას ესროლა, მეორე – დედამისს. ნ. ბ-ემ დასახმარებლად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.
10.2. დაზარალებულ ქ. წ-ის დედის – მოწმე ნ. ბ-ის – ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი – ქ. წ-ი – ფეხმძიმობიდან მოყოლებული, იყო ლ. ე-ას მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. საბოლოოდ, განქორწინების მიზეზი გახდა ლ. ე-ას მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და მის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ქ. წ-ი და ლ. ე-ა განქორწინდნენ 2021 წლის ივლისის ბოლოს. ლ. ე-ა იმყოფებოდა ს-ში, როდესაც ქ. 2022 წლის 6 დეკემბერს წავიდა შვილის სანახავად. ამ საკითხზე მასა და ლ. ე-ას შორის წარმოიქმნა კონფლიქტი, რის გამოც, ქ-ს მოუწია სასამართლოსთვის მიმართვა. 2023 წლის 1 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. ე-ას თანდასწრებით, ბრალდებულმა თმაში მოჰქაჩა ქ. წ-ს. ლ- იხსენებს ხოლმე, რომ „მამამ დედას მოჩეჩა თმებში“. ასევე, ვიდეოთვალით საუბრისას შვილმა ანახა თავის სხეულზე, კერძოდ, ორივე ფეხის წვივებზე, არსებული ჩალურჯებები და განუმარტა, რომ აღნიშნული მიიღო ლ. ე-ას მიერ ბავშვის სათამაშო მანქანით დაჯახების შედეგად. 2023 წლის 11 აგვისტოს ქ. წ-თან ერთად ჩავიდა ს-ი ბავშვის სანახავად. ქ-ს უნდოდა შვილის სკვერში გასეირნება, რის გამოც, ქ-სა და ლ. ე-ას შორის წარმოიქმნა კონფლიქტი. მის შვილს ლ. ე-ას დედა და მამიდაც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ლ. ე-ა ტიროდა. ამ დროს ლ-მა ქ-ს ერთხელ დაარტყა ხელი სახეში.
10.3. შეტყობინების რეგისტრაციის N- ბარათით დასტურდება, რომ 2023 წლის 11 აგვისტოს სსიპ 112-ის სამსახურს დაუკავშირდა ქ. წ-ი, რომლის გადმოცემით, ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მეუღლე.
10.4. ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შსს ს-ის რაიონულ სამმართველოს ს-ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა თ. ს-ამ ს-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, ქ. წ-ისაგან ამოიღო მისი კუთვნილი, მოთეთრო ფერის „iphone 13 pro max“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი 1: -; იმეი 2: -; მასში მოთავსებული, „სელფის“ ქსელში გააქტიურებული სიმბარათით, ნომრით – -, პასკოდი (pass code) – -; ასევე ქ. წ-ისაგან ამოღებულია: მისივე კუთვნილი, მოშავო ფერის, მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც წინა, მარცხენა მხარეს აქვს თეთრი წარწერა – „original“, ს-ის რაიონული სასამართლოს 17.07.2023 წლის N 2/1400-2/121 განჩინება და სააღსრულებო ფურცელი, - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N100-ის დედანი. მობილური ტელეფონის ეკრანი არის დაუზიანებელი და ტელეფონი არ არის დეფორმირებული. მაისურს რაიმე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
10.5. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N100-ით, პაციენტი ქ. წ-ი უჩიოდა საერთო სისუსტეს, დაღლილობას, კუნთების და ძვლების ტკივილს, შფოთვის, ნერვიულობის, დაძაბულობის შეგრძნებას; აქვს ძლიერი სტრესი, ყოფილ მეუღლესთან დავა შვილთან დაკავშირებით. ქ. წ-ის გადმოცემით, 1/08/2023 წელს იმყოფებოდა ბავშვის სანახავად მეუღლის სახლში; ყოფილი მეუღლე ფეხებში ესროდა ბავშვის სათამაშოებს, რის გამოც, სავარაუდოდ, აქვს ჩალურჯებები და ტკივილი წვივების არეში.
10.6. 2023 წლის 12 აგვისტოს - შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადეს – ლ. ე-ას – განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო, 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან – ქ. წ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ქ. წ-ს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ლ. ე-ამ 2023 წლის 11 აგვისტოს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, კეფაზე ერთხელ მიარტყა გაშლილი მარჯვენა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ასევე, 2023 წლის 1 აგვისტოს ლ. ე-ა ხელით სწვდა თმაში და, დაახლოებით, 3-4 ჯერ მოჰქაჩა. ლ. ე-ამ წიხლის დარტყმით მისი მიმართულებით გამოაგდო ლ. ე-ას სათამაშო მანქანა, რომელიც ძლიერად მოხვდა ქ. წ-ს ორივე ფეხზე, რის გამოც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
10.7. განცხადების თანახმად, 2023 წლის 13 აგვისტოს ს-ის რაიონული სამმართველოს მიმართა დაზარალებულმა ქ. წ-მა და განაცხადა, რომ 2023 წლის 11 აგვისტოს ყოფილმა მეუღლემ – ლ. ე-ამ – არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა; მოძალადე კვლავ არ არის დაკავებული; დაზარალებულს აქვს შიშის შეგრძნება, რადგან ბრალდებული სამი წლის განმავლობაში (2019 წლიდან 2021 წლის ბოლომდე) იარაღით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
10.8. 2022 წლის 29 დეკემბრის - შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადეს – ლ. ე-ას – მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 30 დღით აეკრძალა ქ. წ-თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ქ. წ-ის განცხადებით, მისმა ყოფილმა მეუღლე ლ. ე-ამ 2022 წლის 6 დეკემბერს და 29 დეკემბერს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა.
10.9. ამოღების ოქმის თანახმად, 2023 წლის 21 აგვისტოს საქართველოს შსს ს-ის რაიონულ სამმართველოს ს-ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა თ. ს-ამ, ქ. წ-ის დამატებით დაზარალებულის სახით გამოკითხვის შემდეგ, ს-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მისგან ამოიღო 2 (ორი) ცალი CD-R დისკი, რომლებზეც ჩაწერილია ლ. ე-ას მიერ ქ. წ-ის მიმართ სოციალურ ქსელ „ფ-ის“ აპლიკაცია „მ-ის“ საშუალებით განხორციელებული მუქარის ამსახველი სქრინები და ასევე – 2023 წლის 1 აგვისტოს ქ. წ-ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
10.10. გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, საქმეში წარმოდგენილია: ქ. წ-ისაგან ამოღებული „iphone 13 pro max“ მოდელის მობილურ ტელეფონიდან მუქარის ამსახველი სქრინები, ასევე, 2023 წლის 1 აგვისტოს ქ. წ-ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა; სამედიცინო ექსპერტიზის - დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს „---ის“ ვარკეთილის პოლიკლინიკის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი -ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 04.08.2023წ)) – მონაცემებისა: მოქ. ქ. წ-მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.08.2023წ-ს 16:18სთ-ზე, მას დაესვა დიაგნოზი: საერთო სისუსტე და დაღლა, მოუსვენრობა და შფოთვა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მოქ. ქ. წ-ის სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის; ბრალდებულის დაკავების ოქმი; მოწმეების – თ. ს-ას, ი. ი-ის, ბ. ჩ-ას, ვ. ბ-ას ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და სხვა მასალები.
11. ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირწონედ დაცვის მხარემაც წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ:
11.1. მოწმე პ. ხ-ას ჩვენებით, ლ. ე-ას იცნობს. როგორც იცის, მას ჰყავს მეუღლე – მ. ს. – და შვილი – თ. ე-ა. ასევე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში ვინმე ქ. წ-მა გაუჩინა შვილი – ლ. ე-ა. პირადად ქ. წ-ს არ იცნობს. 2023 წლის 11 აგვისტოს მიდიოდა ს-ში, გო-ის ქუჩაზე, --სთან, რა დროსაც დაინახა ლ. ე-ას სახლის წინ გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც, როგორც შემდგომში გაიგო, ეკუთვნოდა ქ. წ-ს. გ-ის ქუჩაზე ყოფნის პერიოდში შემოესმა ხმაური, ქ. წ-ი და დედამისი ეკამათებოდნენ ფ. ო-ას. ისინი ჭიშკართან იდგნენ და ლ. ე-ა ქ. წ-ს ეუბნებოდა, რომ დედაშენი წაიყვანე აქედან, სოციალურ მუშაკთან ერთად მოდი და იმ მომენტში განახებ ბავშვსო. სწორედ აქედან მიხვდა, რომ ეს ქალბატონი იყო ლ. ე-ას დედა. მათი სახლში შესვლის მომენტი არ დაუნახავს. ლ. ე-ა ცდილობდა, რომ კონფლიქტი აერიდებინა თავიდან, ქ. წ-მა ერთ მომენტში დაიძახა, რატომ მირტყამო, თუმცა ლ-ი იმ მომენტში ეზოში საერთოდ არ ყოფილა; ლ-ს რომ დაერტყა, აუცილებლად დაინახავდა. ლ. ე-ას მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ქ. წ-თან თვითონ უფრო ახლოს იდგა, ვიდრე ლ-ი. ლ-მა ქ. წ-ს მანქანის ფანჯარაზე დაუკაკუნა, რათა ჩამოეწია ფანჯარა, და უთხრა, დედაჩემს რა აკადრე, გაიმეორეო, ხოლო ქ-მა ხმაც არ გასცა, დაქოქა მანქანა და წავიდა. მეტი შეხება მათ არ ჰქონიათ. სახლის წინ იდგნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც არაფერში ჩარეულან.
11.2. ბრალდებულ ლ. ე-ას ჩვენებიდან ირკვევა, რომ ქ. წ-ი გაიცნო ქ-ის ეკლესიის უკან მდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც შეხვდა რამდენიმეჯერ. ის მოიხმარდა მარიხუანას, ერთადაც მოუხმარიათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწია ს-ში წასვლა. დაახლოებით, 5 თვე იქნებოდა გასული, როდესაც ქ. წ-მა უთხრა, რომ მისგან ორსულად იყო. დაზარალებულისთვის ცნობილი იყო, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა, ამიტომ ცოლად ვერ მოიყვანდა, თუმცა შეჰპირდა, რომ ბავშვს გვარს მისცემდა. ამის შემდეგ ქ. წ-თან ჩვეულებრივი ურთიერთობა გააგრძელა, კონტაქტი, ძირითადად, ჰქონდა მობილური ტელეფონით, რომელსაც ინტერნეტი საერთოდ არ აქვს. დაზარალებული სახლში, ს-ში, არასდროს წაუყვანია, ისინი მეუღლეები არასდროს ყოფილან. თვეში ერთხელ ნახულობდა, რაც იყო საჭირო ბავშვისთვის, მიჰქონდა და უკან ბრუნდებოდა. ქ. წ-თან სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია. ერთი-ორი დღე ერთად ყოფილან, მაგრამ მისი ცოლი არასდროს ყოფილა. ქ. წ-ის ძმას იცნობს „გამარჯობით“, საერთო მეგობარმა გააცნო კორპუსთან, დედა – ნ. ბ-ე – კი პირველად ნახა სამშობიაროს ეზოში. ქ. წ-მა ერთხელაც დაუბარა, რომ მიდიოდა საქართველოდან და ბავშვისთვის მიეხედა. ამის შემდეგ მათი შვილი ს-ში იზრდებოდა. ქ. წ-ი საზღვარგარეთ იყო წასული და მასთან კონტაქტი არ ჰქონია, სოციალური ქსელით არასდროს უსარგებლია და არც იცოდა, ქ. წ-ი რომელი ნომრით სარგებლობდა. თვითონ კანონიერ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვთან სისტემატურად იყო. როდესაც ქ. წ-ი დაბრუნდა საქართველოში, ბავშვთან დაკავშირებით დაიწყო სამართლებრივი დავა. დაზარალებულზე არ უძალადია, იგი კონფლიქტისას ვიდეოებს იღებდა, თუმცა არსადაა დაფიქსირებული, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს. ქ. წ-ი ემუქრებოდა დაჭერით და რომ ბავშვი დარჩებოდა მასთან. 2023 წლის 11 აგვისტოს ქ. წ-ი დედასთან ერთად ჩავიდა ს-ში, მის სახლში, რა დროსაც მოინდომეს ბავშვის წაყვანა. ამ საკითხზე წარმოიშვა კონფლიქტი. დედამისმა, ატირებულმა, უთხრა, რომ ძალიან ცუდი სიტყვა აკადრეს. როდესაც გარეთ გავიდა, დაზარალებული და დედამისი უკვე მანქანაში ისხდნენ. მათთან ერთად იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მეზობლები.
12. წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ქ. წ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ფიზიკური ძალადობის (2023 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) ფაქტების დასადასტურებლად ისინი არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულები.
13. ლ. ე-ას მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ დაზარალებულ ქ. წ-ის ჩვენება. დაზარალებული აცხადებს, რომ ლ. ე-ამ 2023 წლის 1 აგვისტოს მასზე იძალადა ფიზიკურად, ასევე ესროლა ნივთი, რომელიც მოხვდა ფეხებზე, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, დაზარალებულმა გამოძიებას მიაწოდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია ადამიანის ფეხები გარკვეული ლაქებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ფოტოები არ იძლევა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. სასამართლომ დაზარალებულის განმარტება (რომ ფოტოზე თვითონაა გამოსახული) რომც გაიზიაროს, ამ შემთხვევაშიც კი უტყუარად ვერ დგინდება სავარაუდო დაზიანების მიყენების დრო, წარმომავლობა და მიმყენებელი პირი.
14. ასევე, ქ. წ-ის მიერ გადაღებულ და წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე ასახულია კონფლიქტის ფაქტი. ჩანაწერში ისმის ქ. წ-ის ფრაზა – „რატომ მომქაჩე თმაში“, რაზეც ლ. ე-ა პასუხობს: „– არ მომიქაჩია“. წარმოდგენილი ვიდეომასალაში არ ჩანს ფიზიკური ძალადობის, ასევე ლ. ე-ას მიერ ნივთის სროლის და დაზარალებულ ქ. წ-ის მიმართ ფეხებზე მოხვედრის ფაქტები. მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, მსგავსი კატეგორიის საქმეებში, უმეტესწილად, ობიექტურად, ბევრი თვითმხილველი მოწმე არ არსებობს. შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ სავარაუდო კონფლიქტში მყოფ პირებს – დაზარალებულსა და ბრალდებულს, რომელთაგან დაზარალებული აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე 2021 წლის 11 მაისს, 14 ივნისს და 25 ივნისს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე – 2023 წლის 1 აგვისტოს მან ფიზიკურად იძალადა, თუმცა თავის მხრივ, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს და აცხადებს, რომ იგი არ დამუქრებია ქ. წ-ს და არც ფიზიკურად უძალადია მასზე. ასეთ ვითარებაში სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ბრალად შერაცხილი ქმედებების დასადასტურებლად. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომლის სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს. საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და უნდა არწმუნებდეს ნეიტრალურ პირს, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედებები.
15. რაც შეეხება მოწმე ნ. ბ-ეს, მან ინფორმაცია მიიღო მხოლოდ ქ. წ-ისგან (ბრალდებულის მხრიდან მუქარების და 2023 წლის 1 აგვისტოს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით) და სასამართლოს განუმარტა, შვილისგან იცის ლ. ე-ა მხრიდან დამუქრებისა და 2023 წლის 1 აგვისტოს ფიზიკური ძალადობის თაობაზე, თუმცა მოწმემ ვერ დაადასტურა წარდგენილი ბრალდების ფაქტობრივი გარემოებები, რადგან პირადად არ შესწრებია არც ფიზიკური ძალადობის (2023 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) და არც მუქარის ფაქტებს.
16. ირიბია გამომძიებლებისა და დეტექტივების მიერ მიცემული ჩვენებებიც, რადგან არც ისინი შესწრებიან პირადად არც მუქარის და არც ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, არ უნახავთ ქ. წ-ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანება, არც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს მოწმეებიც ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისაგან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
17. ბრალდების მხარის მტკიცებულებად წარმოადგინა ასევე სოციალური ქსელიდან მოპოვებული ე.წ. „სქრინები“, რომლებშიც ასახულია ვინმე „--ს“ და ქ. წ-ს შორის მიმოწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ქ. წ-მა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ სწორედ ლ. ე-ა ეკონტაქტებოდა აღნიშნული „ექაუნთით“, თუმცა ბრალდებულმა უარყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და განმარტა, რომ მას საერთოდ არ ჰქონია ტელეფონი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ინტერნეტთან, არ დაჰკონტაქტებია ქ. წ-ს და, მით უმეტეს, არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც კონფლიქტის ორი მხარის მიერ განვითარებულ სხვადასხვა ვერსიის სისწორეს დაადასტურებდა, სასამართლო სხდომაზე მხარეებს არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, დაზარალებულის მითითებისა და საქმეში არსებული „სქრინების“ მიუხედავად, სასამართლომ ვერ დაადგინა კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა. ამასთან, მიმოწერებით არ იკვეთება, რომ ქ. წ-ი შეშინებულია ამ ფრაზების გამო.
18. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია დაზარალებულის ელექტრონული მოწყობილობიდან მოპოვებული ინფორმაცია, თუმცა არ არის დადგენილი „IP“ მისამართი ან იმეი კოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენა, ქ. წ-თან კომუნიკანტი ნამდვილად ლ. ე-ა იყო თუ – არა.
19. სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ – თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.
20. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს (ისევე, როგორც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს) მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს ლ. ე-ას ბრალეულობის დასადასტურებლად მის მიერ ქ. წ-ის მიმართ 2023 წლის 1 აგვისტოს ფიზიკური ძალადობის, ასევე – 2021 წლის 11 მაისს, 15 ივნისსა და 24 ივნისს – მუქარის ჩადენაში.
21. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
22. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პირს ეს ნიშანი დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულად და უშუალოდ ამ მოტივით.
23. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის გამო დაანება სწავლას და მუშაობას თავი, მასთან ერთად ცხოვრების დაწყების შემდეგ; მათი დაშორების მიზეზი ლ. ე-ას გაუსაძლისი ეჭვიანობა იყო, მაგრამ ქ. წ-ს არ განუცხადებია კონკრეტულ გარემოებებზე, თუ რაში გამოიხატებოდა ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენა (უშლიდა მეგობრებთან ურთიერთობას, სწავლას ან მუშაობას, არ სურდა, გასულიყო სახლიდან გარეთ, არ უნდოდა, ჰქონოდა სხვა ადამიანებთან კონტაქტი). დაზარალებული ზოგადად მიუთითებდა ლ. ე-ასთან სისტემატური კონფლიქტების თაობაზე, თუმცა აცხადებდა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო, ძირითადად, ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით.
24. ამ კუთხით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – უდავოდ ცნობილი –მტკიცებულებები ზოგადი ხასიათისაა, ადასტურებენ მხოლოდ ლ. ე-ას მხრიდან 2023 წლის 1 აგვისტოს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივის დადგენისათვის არასაკმარისია.
25. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით უტყუარად არ დგინდება, რომ ლ. ე-ა აკნინებდა ქ. წ-ს, როგორც ქალს და იჩენდა მის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს დანაშაულის ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რადგან, თავად დაზარალებულის განმარტებით, ლ. ე-ას გაღიზიანება გამოიწვია საყოფაცხოვრებო ნიადაგზე (მათ შორის, ბავშვთან დაკავშირებით) წარმოშობილმა დავამ, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, როგორც დაზარალებულის ჩვენება, ისე – სხვა მტკიცებულებები – ამ მიმართებით მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა. არ შეიძლება, მსჯავრდებულის ქმედება შეფასდეს გენდერულ შეუწყნარებლობად, მით უფრო, რომ ეს არ ყოფილა კონფლიქტის ძირითადი მიზეზი. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ ლ. ე-ა, უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ქ. წ-ს, როგორც ქალს (ან გენდერული დისკრიმინაციის სხვა მახასიათებლით), სწორედ ამ მოტივით ექცეოდა აგდებულად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. ე-ას წარდგენილი ბრალდებიდან სწორად ამოერიცხა ეს დამამძიმებელი ფაქტორი – ქმედების ჩადენა გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით.
26. ამრიგად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი როგორც 2023 წლის 1 აგვისტოს ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ყველა ეპიზოდში გამართლების, ისე – 2023 წლის 11 აგვისტოს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, ლ. ე-ას მსჯავრდების კუთხით. პალატა ასევე ეთანხმება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის სახეს და ზომას და მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ე-ას, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
27. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.
30. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე