საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1386აპ-24 16 მაისი, 2025 წელი
კ-ი გ., №1386აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატის – თ. ჯ.ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. კ-ს (დაბადებული ---) ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით.
1.2. გ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით, 21:50 საათზე, ქ. ს-სთან, გამავალ თ----ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბ-ის მიმართულებით მოძრაობდა „ჰიუნდაის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით ---) ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ლ. მ-ი. იმავე დროს, თ--ის მიმართულებით გადაადგილდებოდა „შევროლეტის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით – --) ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი გ. კ-ი. მოძრაობის დროს, „შევროლეტის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა – გ. კ-მა – დაიწყო საპირისპირო სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა თავის სავალ ზოლში მოძრავ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, „ჰიუნდაის“ ავტომანქანის მძღოლმა – ლ. მ-მა – მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მისი მგზავრი – დ. კ-ი – გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით, გ. კ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლით და 6 თვით.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატმა – ზ. კ-ამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. კ-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. კ-იას – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი გ. კ-ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატი – თ. ჯ-ი – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ დაამახინჯა რეალური ფაქტები შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების საპირისპიროდ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილი არის ავტომაგისტრალი, ნაცვლად – დასახლებული პუნქტისა; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით; დაცვის მხარის მიერ ჩატარებული №-- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს-ოს დასახლებულ პუნქტში, თუმცა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას რა ბედი ეწია, დაცვის მხარისთვის უცნობია.
3.3. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი – ელისო ტურაშვილი –საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაცვის მხარისთვის სადავო არ არის 2023 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და, შედეგად, ლ. მ-ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მისი მგზავრის – დ. კ-ის – გარდაცვალება. დაცვის მხარე აპელირებს შემთხვევის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს დაზარალებულ ლ. მ-ის პასუხისმგებლობას, რადგან ამ უკანასკნელის მიერ დასაშვები სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა.
4.3. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტომასალით, ვიდეოჩანაწერით, ასევე, ლ. მ-ის, შ. ქ-ის, შ. ს-ის და ა. ღ-ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა --ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და არა – ს-ოს დასახლებულ პუნქტში, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებდა. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ფოტომასალით და ვიდეოჩანაწერით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც მხოლოდ მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს და როგორც აღნიშნულ ადგილამდე, ისე – მის შემდეგ, არ ჩანს რაიმე ტიპის დასახლება, შენობა-ნაგებობა ან საცხოვრებელი სახლი. ის გარემოება, რომ ქალაქი ს-ო შეიძლება იყოს მითითებულ საპროცესო დოკუმენტებში, უპირობოდ არ ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ნამდვილად დასახლებულ პუნქტში მოხდა, რადგან იმავე საპროცესო დოკუმენტებში შემთხვევის ადგილად დაზუსტებით მითითებულია – თ---ის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.
4.4. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, შემთხვევის ადგილმდებარეობასთან ერთად სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგზე პასუხისმგებელი პირის საკითხიც, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა სისწორეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა.
4.5. კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ ლ. მ-ს ტექნიკური თვალსაზრისით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში, რამაც გამოიწვია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მძღოლის – გ. კ-ის – მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
4.6. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, მოცემულ პირობებში, თუ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ჰიუნდაის“ მძღოლი – ლ. მ-ი, გზის მოცემული უბნისთვის დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებდა, იგი ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას შეძლებდა. შესაბამისად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მისი მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მსგავსი შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „შევროლეტის“ მძღოლის – გ. კ-ის – მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
4.7. მართალია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები განსხვავებულად აფასებს „ჰიუნდაის“ მძღოლის – ლ. მ-ის – პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს გ. კ-ის ბრალეულობაზე, რამეთუ მისი ქმედება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან აშკარად შეუსაბამო იყო. ორივე ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ გ. კ-ის მხრიდან ხსენებული ნორმის დაცვის შემთხვევაში, აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
4.8. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, თ---ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, „შევროლეტის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა – გ. კ-მა – გადაკვეთა საპირისპირო სავალი ნაწილი, რა დროსაც, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა თავის სავალ ზოლში მოძრავ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, „ჰიუნდაის“ ავტომანქანის მძღოლმა – ლ. მ-მა – მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მისი მგზავრი – დ. კ-ი – გარდაიცვალა.
4.9. იმავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა „ჰიუნდაის“ მძღოლ ლ. მ-თან მიმართებით, არ გამორიცხავს გ. კ-ის ბრალეულობას. გ. კ-ის ბრალეულობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ ვერ დადგინდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი და ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძღოლის ვინაობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
4.10. საკასაციო პალატისთვის უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ №-- ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება და მისი შემდგომი ბედის არცოდნაზე აპელირება, რამეთუ 2024 წლის 5 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელსაც მსჯავრდებულის ორივე ადვოკატი ესწრებოდა, სასამართლომ დასაბუთებულად არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვის შესახებ. დაცვის მხარის მიერ წერილობით წარდგენილ შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტები კი, რამდენადაც ისინი თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით შევიდა, კანონით დადგენილი წესით, დაერთო საქმეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნეულ ექსპერტიზის დასკვნას.
4.11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მოთხოვნის უგულებელყოფასთან დაკავშირებით. ადვოკატის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით. რეალურად, საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენზე ადვოკატმა – ზ. კ-ამ – სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ადვოკატ თ. ჯ-მა კი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი – გასაჩივრების ვადისთვის დაწესებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის შესახებ მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მიერ გაცდენილი საპროცესო ვადა არ აღდგენილა, კანონიერია სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ ადვოკატ ზ. კ-ას საჩივრის განხილვა, რომელიც მხოლოდ სასჯელის ნაწილს მიემართებოდა.
4.12. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ამომწურავად შეაფასა სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და გ. კ-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის და მისი პიროვნების პროპორციული სასჯელი.
4.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. კ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით კანონიერია, ხოლო მისთვის დანიშნული სასჯელი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებთან შესაბამისი.
4.14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.15. საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, გ. კ-მა დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული დათქმიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო, მასზე არ ვრცელდება რაიმე შეღავათი.
4.16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატის – თ. ჯ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე