Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1393აპ-24 28 მაისი, 2025 წელი

კ-ი ა., №1393აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ის ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ-ს (დაბადებულს---) ბრალად ედებოდა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. ა. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2022 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, რ-ის გამზირზე, №--ში მდებარე --ის თეატრის პარტერის გასასვლელში, ა. კ-მა ფიზიკურად იძალადა ნ. მ-ზე, კერძოდ, თმით დაიჭირა, მოჰქაჩა და პარტერის გასასვლელიდან გაიყვანა ფოიეში, რა დროსაც ნ. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, ა. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 1 000 ლარის ოდენობით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ა. კ-ის ადვოკატმა – დ. ა-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ა-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ა. კ-ის ადვოკატმა – დ. ა-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები ა. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულ ნ. მ-ის ჩვენება არადამაჯერებელი და სხვა მტკიცებულებებთან არათანხვდენილია; ა. კ-ის და თ. გ-ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, დაზარალებულის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მის პიროვნებას სანდოობას უკარგავს; ა. კ-მა ნ. მ-ი თმებით დაიჭირა, მისგან მომდინარე თავდასხმის მოგერიების მიზნით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იძლევა 2022 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში მომხდარი დანაშაულის – ა. კ-ის მიერ ნ. მ-ზე ფიზიკური ძალადობის – ერთიანი სურათის აღდგენის შესაძლებლობას, კერძოდ:

4.3. სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული ნ. მ-ი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებზე, მსჯავრდებულ ა. კ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასა და განცდილ მორალურ თუ ფიზიკურ ტკივილზე. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ---ის თეატრში შემთხვევით შეხვედრილი მეუღლე და მისი მეგობარი ქალბატონი – ა. კ-ი – მისი ნახვით გაღიზიანდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, მარჯვენა ხელით დაუჭირა მკლავი, ეცადა მის წაქცევას, თმებში სწვდა და ასე ათრია კარებამდე. იმ მომენტში არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რის გამოც, დახმარების მიზნით, ხმამაღლა ყვიროდა. ა. კ-მა ხელი მას შემდეგ გაუშვა, რაც დაცვის თანამშრომელი დაინახა.

4.4. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვდება სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნას, რომლის თანახმად, ნ. მ-ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, შესამოწმებლის ხელისათვის მისაწვდომ ადგილზეა და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2022 წლის 15 მაისს.

4.5. პრეიუდიციად მიჩნეული ო. ს-ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება შემთხვევის დღეს, --ის თეატრში ორი ქალბატონის დაპირისპირების ფაქტი, რა დროსაც, ერთ მათგანს (ქერათმიანს) თმით ეჭირა მეორე ქალბატონი (მუქთმიანი), რომელიც დამხობილი იყო მუხლებზე და შველას ითხოვდა. ქალბატონებთან ახლოს უმოძრაოდ იდგა მამაკაცი, რომელმაც საბოლოოდ ქერათმიან ქალბატონთან ერთად დატოვა შენობა. მოწმე მ. ჩ-ის გამოკითხვის ოქმით კი დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, --ის თეატრში ნახა აფორიაქებული ქალბატონი, რომელსაც ირგვლივ ხალხი ეხვია და წყალს აწვდიდნენ.

4.6. საგულისხმოა, სასამართლოში დაკითხული ა. კ-ის ჩვენებაც, რომელშიც მან დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ნამდვილად დაუპირისპირდა დაზარალებულ ნ. მ-ს. კერძოდ, თავდასხმის მოგერიების მიზნით, თმებში მოჰკიდა ხელი და ასე გაიყვანა დერეფანში, შემდეგ კი, თ. გ-ესთან ერთად, დატოვა შემთხვევის ადგილი.

4.7. ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებების შეფასებამდე, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს: „შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება, ანდა მოწმეთა ჩვენებები ყველა დეტალში იყოს ერთმანეთთან სრულად თავსებადი. მნიშვნელოვანია, რომ მათი შინაარსი თანხვდენილი იყოს საქმის იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლებიც მტკიცების საგანს წარმოადგენს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, ან პირიქით – პირის უდანაშაულოდ ცნობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის N117აპ-18 განაჩენი, აღწერილობითი ნაწილი, პუნქტი 12).

4.8. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის აპელირება დაზარალებულ ნ. მ-ის ჩვენების წინააღმდეგობრივ ხასიათზე უსაფუძვლოა, რამეთუ აღნიშნული ჩვენება, ძალადობის ნაწილში თანხვდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებას. ამის საპირისპიროდ, არასანდოდ მიიჩნევა თ. გ-ის განმარტება, რომ ა. კ-ი ნ. მ-ს ფიზიკურად არ შეხებია. შესაბამისად, სადავო ფაქტის ძირითად ნაწილში, სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, თეიმურაზ გიორგაძის ჩვენებას სასამართლო არ იზიარებს.

4.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ შემთხვევის დღეს, --ის თეატრში, ა. კ-მა ფიზიკურად იძალადა ნ. მ-ზე, კერძოდ, თმით დაიჭირა, მოჰქაჩა და ათრია, რა დროსაც ნ. მ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაცვის მხარის განმარტებით, ა. კ-ის ძალადობა ნ. მ-ის მხრიდან განხორციელებულმა თავდასხმამ განაპირობა.

4.10. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ი და ა. კ-ი არიან კონფლიქტის მონაწილე პირები, სადავო საკითხის დასადგენად, სასამართლო იხელმძღვანელებს ნეიტრალური მოწმის – ო. ს-ის – ჩვენებით, რომელშიც, ეს უკანასკნელი, მკაფიოდ უთითებდა ცალმხრივ ძალადობაზე. მისი განმარტებით, ქერათმიან ქალბატონს თმით ეჭირა მუქთმიანი ქალბატონი, რომელიც დამხობილი იყო მუხლებზე და შველას ითხოვდა (საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს ა. კ-ს ჰქონდა ქერა, ხოლო ნ. მ-ს – მუქი თმა). აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძალადობის მომენტში ა. კ-ს დაზარალებულის მხრიდან იმწუთიერი და რეალური საფრთხე არ ემუქრებოდა, რაც ა. კ-ის მიერ იმწუთიერი თავდასხმის აღკვეთასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას უსაფუძვლოდ აქცევს.

4.11. სასამართლო მყარ არგუმენტად ვერ მიიჩნევს დაცვის მხარის აპელირებას დაზარალებულ ნ. მ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ძალადობის დაზარალებულად ცნობილნი არიან ა. კ-ი და თ. გ-ე. სასამართლოს შეფასებით, ნ. მ-ის ბრალეულობა ცალკე შეფასების საკითხია და ა. კ-ის ბრალეულობის ნაწილს ვერ გააქარწყლებს.

4.12. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. კ-ის მსჯავრდება კანონიერია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულს დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

4.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ა. კ-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. კ-ის ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე