საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1395აპ-24 თბილისი
ა-ი დ., 1395აპ-24 8 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით დ. ა-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 ნოემბრისა და 18 ნოემბრის ეპიზოდები) და განესაზღვრა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას თანაბარი სასჯელების დანიშვნის დროს, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ს მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. ა-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ. ა-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 ნოემბრიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. ა-მა ჩაიდინა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 03:00 საათზე, დ. ა-ი, მთვრალი, დაბრუნდა ქ. რ-ში,----ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. მან დედას, ნ. ხ-ს, განუცხადა, რომ სადღაც წააგო ფული და ფულის გადახდას ვერ ახერხებდა, აღნიშნულით გაღიზიანებულმა, სრულიად უმიზეზოდ დედას, ნ. ხ-ს, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ნ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით, 03:00 საათზე, დ. ა-ი, მთვრალი, დაბრუნდა ქ. რ-ში,----ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. მან დედას, ნ. ხ-ს, განუცხადა, რომ სადღაც წააგო ფული და ფულის გადახდას ვერ ახერხებდა, აღნიშნულით გაღიზიანებული, სრულიად უმიზეზოდ დედას, ნ. ხ-ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, დ. ა-ი, მთვრალი, დაბრუნდა ქ. რ-ში,----ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. იმის გამო, რომ არ მოეწონა დედის, ნ. ხ-ის, მიერ მომზადებული კერძი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნ. ხ-მა განუცხადა, რომ ამის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში, დ. ა-ი მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ნ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენი შეიცვალა:
დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დ. ა-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 ნოემბრიდან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დ. ა-ის მიმართ 2 თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი შესაბამისი შეზღუდვებით, რომლის მიხედვით, დ. ა-ს აეკრძალა დაზარალებულ ნ. ხ-თან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც, შეიძლება, ნ. ხ-ი იმყოფებოდეს, და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა; დ. ა-ს ასევე აეკრძალა დაზარალებულ ნ. ხ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით.
მსჯავრდებულს განემარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს დ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის სრულად გამართლებას.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ დ. ა-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამნაშავემ პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდოს მარტოოდენ მსხვერპლის მიერ საჩივრის არქონის გამო. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და, მიუხედავად დაზარალებულის მიერ შვილის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (მოწმეების: ზ. ვ-ის, ა. მ-ის ჩვენებები, №- შეტყობინება, №- შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ბარათი №-, დ. ა-ის ალკოტესტით შემოწმების შედეგი), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 და 18 ნოემბრის ეპიზოდები) მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა სრულებით საკმარისია დ. ა-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სახეზეა არა მხოლოდ დანაშაულთა ფაქტობრივად განხორციელების დასტური, არამედ ის ობიექტური ნიშნები, რომლებიც თითოეულ განსახილველ დანაშაულს ახასიათებს, კერძოდ, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში – დაზარალებულის მიერ ტკივილის, ხოლო მუქარის შემთხვევაში – შიშის განცდის ფაქტები. სასამართლოში დაზარალებულის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი ვერ დაუკარგავს მტკიცებულებით ძალას იმ მასალას, რომელიც გამოძიების პროცესში შეიქმნა სწორედ დაზარალებულის მითითებით, მისი მონაწილეობით და მისი ნაამბობის საფუძველზე, მიეცა დასაშვებ მტკიცებულებათა სტატუსი და გამოკვლეულ იქნა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, დაზარალებულის მხრიდან თავისი პროცესუალური უფლებით სარგებლობის სამართლებრივმა მოცემულობამ ვერ დააზარალა მისივე ინტერესი, იყოს დაცული მოძალადე შვილისაგან, რადგან ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობის წარმოდგენა, რომელთა ანალიზი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადასტურებს დ. ა-ის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობისა და დამუქრების ფაქტებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ იმგვარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
12. სააპელაციო სასამართლომ დ. ა-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე