საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№25აპ-25 თბილისი
პ-ი დ., 25აპ-25 27 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით დ. პ-ი, დაბადებული ---, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით – 1 წლით, 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. პ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 23 მაისიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. პ-მა ჩაიდინა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები); სამი პირის განსაცდელში მიტოვება, ე. ი. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება (სსკ-ის 128-ე მუხლი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, დ. პ-ი კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით – 147 კმ/სთ სიჩქარით, მართავდა ავტომანქანა „BMW-ს“ (სარეგისტრაციო ნომრით – ---) და გადაადგილდებოდა ქ. რ-იდან თ-სის მიმართულებით, მეორე სამოძრაო ზოლში. თ-ში, ---- -- მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილმა, რომელსაც მართავდა დ. პ-ი, ყოველგვარი ხელშემშლელი პირობებისა და გარემოებების გარეშე, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, დაკარგა მართვა, მოცურებულ მდგომარეობაში გადაადგილდა გზის მარცხნიდან მარჯვნივ, პირველ სამოძრაო ზოლში, სადაც შეეჯახა ავტომანქანა „ლექსუსს“ (სარეგისტრაციო ნომრით – ---), რომელსაც მართავდა ს. ა-ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „ლექსუსი“ გადაადგილდა ინერციით და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანებს: „მერსედესს“ (სარეგისტრაციო ნომრით --) და „მერსედესს“ (--ის სახელმწიფო ნომრით – ---).
· აღნიშნულით დ. პ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები. დ. პ-ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ავტომობილ „ლექსუსის“ მძღოლმა – ს. ა-მა – და მისმა მგზავრმა – ე. ფ-მა – მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო მგზავრი – მ. მ-ი, მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, 2022 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა შპს ---
· 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, დ. პ-ი, კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით – 147 კმ/სთ სიჩქარით, მართავდა ავტომანქანა „BMW-ს“ (სარეგისტრაციო ნომრით – ---) და გადაადგილდებოდა ქ. რ-იდან თ-ის მიმართულებით, მეორე სამოძრაო ზოლში. თბილისში, --- მიმდებარედ, ავტომობილმა, რომელსაც მართავდა დ. პ-ი, ყოველგვარი ხელშემშლელი პირობებისა და გარემოებების გარეშე, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, დაკარგა მართვა, პირველ სამოძრაო ზოლში შეეჯახა ავტომანქანა „ლექსუსს“(სარეგისტრციო ნომრით – ----), რომელსაც მართავდა ს. ა-ი. დ. პ-ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების, კერძოდ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნების დარღვევის შედეგად, ს. ა-მა და მისმა მგზავრმა – ე. ფ-მა – მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო მგზავრი მ. მ-ი, მიღებული სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, 2022 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა შპს ---. დ. პ-ს, რომელსაც ევალებოდა თავისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე: ს. ა-ზე, ე. ფ-სა და მ. მ-ზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაზარალებულები, რომლებსაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, მიატოვა განსაცდელში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კასატორი – პროკურორი მარინე ლომიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით: დ. პ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სანქციის მაქსიმალური ვადის ფარგლებში და 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დ. პ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი ზედმეტად ლმობიერი და, შესაბამისად, უსამართლოა.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. პ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 128-ე მუხლის სანქციებით დაწესებული სასჯელები, რომლებიც (ისევე, როგორც დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული საბოლოო სასჯელი), სასამართლოს მოსაზრებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს დამდგარ შედეგსა და ქმედების შემდგომ მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად პირთა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისევე, როგორც დაზარალებულთა განსაცდელში მიტოვება, დ. პ-ის მიმართ ბრალად შერაცხილი დანაშაულებრივი ქმედებების მაკვალიფიცირებელი ნიშნებია და, სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, დამატებით ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე