Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№31აპ-25 თბილისი

ა-ი გ., 31აპ-25 29 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ა-ი, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 1200-1200 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 1000-1000 ლარამდე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და გ. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ა-მა ჩაიდინა: ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ-ში, -- რაიონში, მეტროსადგურ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ა-მა ფიზიკურად იძალადა ი. ნ-ეზე, კერძოდ, თმა მოჰქაჩა, რის შედეგადაც ი. ნ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, 2022 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით, 22:00 საათზე, 2022 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 19:30 საათზე, თ-ში, -- რაიონში, მეტროსადგურ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, დაახლოებით, 20:00 საათზე, თ-ში, -ში, ა-ის ქუჩის №----ში, გ. ა-ი ი. ნ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, ი. ნ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. კასატორი – პროკურორი ანა ცუცქირიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით: გ. ა-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გ. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელი უსამართლოა და ვერ მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციებით დაწესებული სასჯელები, რომლებიც (ისევე, როგორც დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული საბოლოო სასჯელი), სასამართლოს მოსაზრებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების (2022 წლის 4 დეკემბრის) შემდეგ სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე ინფორმაცია გ. ა-ის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ, რაც მიანიშნებდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი ვერ იქნება სასჯელის მიზნების მიღწევის გარანტი და სასამართლოს დამატებით მისცემდა მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე