Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№3აპ-25 თბილისი

ს- რ., 3აპ-25 27 მაისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ეუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით რ. ს-, დაბადებული ---, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5500 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 24 თებერვლიდან იმავე წლის 12 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს-მა ზემოქმედების განხორციელება დაზარალებულზე, ე. ი. დაზარალებულის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მუქარა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 15 იანვარს შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N-- საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც მოწმე მ. ი-ამ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია თავისი მეუღლის – ე. ს-ს – მხრიდან ჩადენილ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, რის გამოც, მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მასვე აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა.

· აღნიშნულთან დაკავშირებით, 2024 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქალაქ გ-ში, --- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ე. ს-ს მამამ – რ. ს-მა – აიძულა მ. ი-ა, შეეცვალა გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება და სასამართლოში განეცხადებინა, რომ ე. ს-ს მხრიდან ძალადობასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ნახავდა, რაც მოუვიდოდა ე. ს-ს ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

· რ. ს-ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედების შედეგად მ. ი-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, დახმარების მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მ. ეუაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. სულიმანოვის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ რ. ს-სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ რ. ს-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დაზარალებულის პოზიცია მის მიმართ პრეტენზიების არარსებობის თაობაზე) გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – ჯარიმა, რომელიც, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. ბრალდების მხარის მიერ ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენების მოთხოვნა სათანადო დასაბუთებას მოითხოვს. კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები პალატას არასაკმარისად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებისთვის. ამასთან, კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისთვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით გულისხმობს, რომ, შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისთვის შესაძლებელია, დამნაშავისთვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ს-სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ. ეუაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე