¹ას-512-1199-03 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ი. ჯ. ვ-ი» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...ქარხანა» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ი. ჯ. ვ-მა» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში სს «...ქარხნის» მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2000 წლის 13 იანვრას შპს «ი. ჯ. ვ-სა» და სს «...ქარხანას» შორის დაიდო მოპასუხე სააქციო საზოგადოების 99389 ცალი ჩვეულებრივი, სახელობითი აქციის 1 აშშ დოლარად შესყიდვის ხელშეკრულება. გარიგების 3.2 მუხლის თანახმად, მყიდველს დაეკისრა ვალდებულება, აქციების მის საკუთრებაში გადასვლიდან 2 წლის განმავლობაში მოეზიდა საწარმოში 2000000 აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია.
მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა და საწარმოს ინვესტიციის სახით გადასცა 3500000 აშშ დოლარი. მოპასუხემ მიმართა შპს «ბ. კ-ს», რომელსაც მოსარჩელემ სადავო აქციები მიჰყიდა და მოსთხოვა აქციათა უკან დაბრუნება. მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა აქციათა გამოსყიდვის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე განცხადების წარდგენიდან 35 დღის ვადაში სააქციო საზოგადოებას უნდა დაებრუნებინა აქციებში გადახდილი და ინვესტიციის სახით მიღებული სრული თანხა. აღნიშნული მოვალეობა კი მოპასუხეს არ შეუსრულებია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ი. ჯ. ვ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებანი მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლბს, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მითითებით, შპს «ი. ჯ. ვ-ის» პრეტენზია ეფუძნება 2000 წლის 13 იანვარს შპს «ი. ჯ. ვ-სა» და სს «...ქარხანას» შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
«მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 6.1 და 6.6 მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე და ზემოხსენებული გარიგების მხარე ერთი და იგივე პირი არ არის, რადგან თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წელს რეგისტრირებული შპს «ი. ჯ. ვ-ი» განსხვავდება საფირმო სახელწოდებით ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის _ შპს «ი. ჯ. ვ-ს კომპანისაგან» სწორედ ისეთი დანამატით, რომელიც განსხვავებულ სახელწოდებას სძენს საწარმოს.
ამდენად, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია შპს «ი. ჯ. ვ-ის» სარჩელის დასაბუთებაზე მსჯელობა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ი. ჯ. ვ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და 2000 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების მხარე შპს «ი. ჯ. ვ-ი» ერთი და იგივე საწარმო არ არის. მართალია, ხელშეკრულების პრეამბულასა და სატიტულო ფურცელზე მოსარჩელის სახელწოდებაში სიტყვა «ცომპანყ-ის» დამატება გამოიწვია ინგლისური ენის თავისებურებამ. მოსარჩელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ინგლისურ ენაზე ითარგმნება, როგორც «Lიმიტედ Lიაბილიტყ ჩომპანყ». დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საწარმოს სახელწოდებას ინგლისურ ენაზე უმატებენ სიტყვას « ჩომპანყ».
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი და შეეფასებინა ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება ხელმოწერილია შპს «ი. ჯ. ვ-ის» დირექტორის მიერ, დამოწმებულია მოსარჩელე საზოგადოების ბეჭდით საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, 2003 წლის 27 მარტს ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებში მხარედ დაფიქსირებულია შპს «ი. ჯ. ვ-ი», მოპასუხე ვალს აღიარებდა სწორედ შპს «ი. ჯ. ვ-ის» მიმართ, ამასთან, 2002 წლის 21 ნოემბერს მოპასუხემ შპს «ბ. კ-ს» მიმართა აქციების დაბრუნების მოთხოვნის იმ საფუძვლით, რომ შპს «ი. ჯ. ვ-მა» 2000 წლის 13 იანვრის ხელშეკრულება დაარღვია. ამდენად, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ კასატორი სადავო ხელშეკრულების მხარეა.
მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს საკასაციო სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების თაობაზე.
2003 წლის 16 დეკემბრიდან 1 ივლისამდე მოცემული საქმის წარმოება შეჩერებული იყო სხვა სამოქალაქო დავის (სს «...ქარხნის» აქციონერების სარჩელის გამო სს «...ქარხანასა» და შპს «ი. ჯ. ვ-ს» შორის 2000 წლის 13 იანვარს დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე) გადაწყვეტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს «ი. ჯ. ვ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, განუხილველად დატოვოს საკასაციო საჩივარი, თუ აღმოჩნდება, რომ მხარეთა მიერ საქმეში მითითებული მისამართები არასწორია. აღნიშნულით კანონმდებელი აწესებს ერთგვარ სანქციას იმ კასატორის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობას, სასამართლოს აცნობოს როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგე მხარის რეალური ადგილსამყოფელი და სასამართლოს მისცეს შესაძლებლობა, მოიწვიოს მხარეები საქმის განხილვაზე ან განახორციელს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი ღონისძიებანი.
ამასთან, მომჩივანის მიერ მხარეთა მისამართების სწორად მითითების ვალდებულების შესრულება ერთნაირად აუცილებელია როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში, რადგან შესაძლებელია, მხარეებმა სარჩელის ან თუნდაც სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ შეიცვალონ მისამართები და სასამართლოსათვის შეუძლებელია გახდეს მათი ადგილსამყოფელის მოძიება, რაც ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არც საკასაციო საჩივარში და არც საქმეში მოდავე მხარეთა _ შპს «იმერიალ ჯ. ვ-ისა» და სს «...ქარხნის» რეალური მისამართი მითითებული არ არის, ხოლო კასატორის მიერ დაფიქსირებული მისამართები არასწორია. აღნიშნულის გამო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს პასუხი მხარეებისაგან მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც დაისვა სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეჩერებამდე, კერძოდ:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2003 წლის 1 სექტემბერს შპს «ი. ჯ. ვ-ისა» და სს «...ქარხნის» დირექტორებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, მხარეთა შორის 2003 წლის 21 აგვისტოს საარბიტრაჟო შეთანხმების მიღწევის გამო მოცემული დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის მოტივით, საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. 2003 წლის 7 დეკემბერს კი მხარეებმა წარადგინეს მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს არ უმსჯელია მითითებული შუამდგომლობების კანონიერებაზე, ვინაიდან 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საქმის წარმოება შეჩერდა სხვა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე.
საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის და მოცემულ დავაზე წარმოების განახლების შემდეგ საკასაციო პალატამ უშედეგოდ სცადა, მოეწვია მხარეები საქმის ზეპირ განხილვაზე მორიგებასა თუ საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხების გამოსარკვევად, ასევე რამდენჯერმე გაეგზავნათ სასამართლო უწყება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე და დაავალა მათ, ეცნობებინათ საკუთარი პოზიცია საქმის წარმოების შეწყვეტის, მორიგებისა თუ საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყებებიდან მხარეებს არც ერთი არ ჩაბარდა იმის გამო, რომ საქმეში დაფიქსირებულ მისამართზე არც შპს «ი.ჯ. ვ-ი» და არც სს «...ქარხანა» არ აღმოჩნდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე მორიგებასა თუ სხვა გარემოებებზე მხარეთა რეალური ნების დადგენა შეუძლებელია მათ მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველობის გამო, შესაბამისად, პალატა მხარეების ზემოხსენებულ შუამდგომლობებზე მსჯელობის შესაძლებლობას მოკლებულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების სამართლებრივი წანამძღვრები, კასატორმა ვერ უზრუნველყო ვერც ერთი მხარის სწორი მისამართის სასამართლოსათვის შეტყობინება, რის გამოც შპს «ი. ჯ. ვ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ი. ჯ. ვ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.